ზამთარში მზე თუმცა ანათებს ქვეყანას, მაგრამ ძალიან ნაკლებად ათბობს. ცაში მზე ძალიან ცოტა ხანს რჩება: გვიან ამოდის, ადრე ჩადის; დღე ძალიან პატარაა, ღამე კი მეტად დიდი. ამიტომ ზამთარში ცივა.
საქართველოში ზამთარი გრძელი არ იცის, ბევრი-ბევრი, სამი თვე გასტანოს: დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. მაგრამ სხვა ქვეყნებში, რომლებიც ჩვენგან ჩრდილოეთითაა, ხანგრძლივი ზამთარი იცის. მაგალითად, რუსეთში ზამთარი ხუთ-ექვს თვეს გრძელდება ხოლმე და დიდი ყინვები იცის.
ჩვენს ქვეყანაში ზამთრობით ზომიერად ცივა; ხანდახან ისე გაივლის მთელი ზამთარი, რომ სულ ორი-სამჯერ ითოვებს, მაგრამ ამისთანა მშრალი ზამთარი მოსავლისთვის ცუდია. თოვლიანი ზამთარი სასარგებლოა; თოვლის ქვეშ უფრო თბილა, თოვლი მიწაში ყინვას არ უშვებს; ამიტომ, როცა ნათესს ზევიდან თოვლი ადევს, უფრო თბილად, საღად ინახება და ზაფხულში კარგი მოსავალი მოდის.
ცივ ზამთარში მდინარეები მთლად იყინება და ყინულზე გადი-გამოდის ხალხი. მინდორი ამ დროს სულ შიშველია და ზედ ცივი ქარი თავისუფლად დასეირნობს. ხეებს შემოდგომაზე ფოთლები სცვივა და ზამთარში გაშიშვლებული დგას. ტოტებზე, ფოთლების მაგივრად, თოვლი და ყინულის ლოლუები ჰკიდია. ტყეში მწვანედ მარტო ფიჭვი და ნაძვი მოჩანს.
ზამთარში ტყე და მინდორი დაობლებული დგას. მწერი ამ დროს სრულიად გამქრალია: არსად ჩანს ბუზი, კოღო, სხვადასხვა ჭია. სად არიან? ზოგი დაიხოცა, მაგრამ მიწაში ჩაფლეს თავიანთი კვერცხები, რომელთაც გაზაფხულის მზე გამოჩეკს. ზოგი მიწაში ღრმად ჩაძვრა და იქ ცხოვრობს მთელი ზამთარი. ასე იქცევიან ჭიანჭველები და სხვა მწერები. ცოცხალ მწერებს მთელი ზამთრის განმავლობაში სძინავთ და მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როცა გაზაფხულის მზე მიადგებათ.
ფრინველების უმეტესობა ამ დროს თბილ ქვეყნებში ატარებს. ზოგი ფრინველი ჩვენთანაც რჩება, მაგრამ ისინიც მყუდრო და თბილ ადგილებს ეძებენ და მინდორში იშვიათად გადიან. სიცივე და შიმშილი სრულიად უკარგავს ჩიტებს ჩვეულებრივ სიმხიარულეს და სიცელქეს. უდიდესი ნაწილი დაღონებული და ფრთებჩამოშვებულია. რადგანაც ფრინველები მინდორში საჭმელს ვერ შოულობენ, სოფლების ახლოს ჩერდებიან. კაჭკაჭები, ყვავები და ჩიტები საბძლებს ეტანებიან. რისთვის? იმისათვის, რომ საბძელში ბზეს პურის მარცვლებიც ურევია: ბზეს ქექავენ, მარცვლებს პოულობენ და იმით იკვებებიან. მაგრამ ძვირად უჯდებათ საჭმლის შოვნა: სოფლის ბიჭები საბძლის ბოლოს მახეს უგებენ და ბევრ ჩიტს იჭერენ ხოლმე...
სიცივეში ჩიორები საცოდავი სანახავები არიან. სადღაა იმათი ზაფხულის ციბრუტივით ტრიალი, მარდი ხტუნვა, ცქვიტი ფრენა და მხიარული ჟივილ-ხივილი. სიცივე ყველაფერს ავიწყებს; ჩიტები საბძლის სახურავზე მობუზულები და მშივრები სხედან და საცოდავი ხმით ჭყივიან. ვერ იქცევიან ჭკვიანურად, რომ სხვა ფრინველებს სამხრეთის ქვეყნებში არ გაჰყვებიან ხოლმე...
ცხოველების უმეტესობა ზამთარში ბუნაგებს, სოროებსა და ხის ფუღუროებს მოძებნის ხოლმე. აქ მათ დიდი სიცივის დროს სძინავთ; მაგალითად, ზღარბს, დათვს, ვირთხას და სხვებს. ციყვს კი ზამთრის სულ არ ეშინია და თავის მოძრავ ცხოვრებას არც სიცივეში იშლის. ზაფხულში ბლომად შეაგროვა კაკალი - ახლა კი ხის ფუღუროში ზის, მხიარულად ამტვრევს და მიირთმევს...
შინაური პირუტყვი ამ დროს თბილ ბოსლებში უბიათ. ცხენები, კამეჩები, ხარები, ძროხები და ცხვრები ზამთარში რომ გარეთ ცხოვრობდნენ, სიცივისა და შიმშილისაგან დაიხოცებოდნენ.
მინდვრის ნადირი დიდ წუხილშია. სიცივე და შიმშილი ჩააშხამებს ხოლმე ზაფხულში ტკბილად გატარებულ დროს. შიმშილისაგან გაცოფებული მგელი მთელი დღე და ღამე მინდორში დარბის, მაგრამ ბევრს ვერაფერს შოულობს; მეცხვარეს ცხვარი მაგარ ფარეხში ჰყავს, მეღორეს ღორი საღორეში უმწყვდევია, ამიტომ მგელი თიკნისა და გოჭების ხორცით პირს ვეღარ იტკბარუნებს; მთელი ღამე მინდორში დაწანწალებს, იქნებ გარეთ სადმე ცხენი ან შინაური პირუტყვი ნახოს... თუ გლეხს საქონელი გარეთ დარჩა, მისი გადარჩენის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს: სადმე მშიერი მგელი შეჭამს! შიმშილი მგელს გაბედულებას მატებს: ღამღამობით სოფელში შემოვარდება ხოლმე და ცდილობს, ან ღორი მოიტაცოს, ან ბატი. ამ დროს მგელი გლეხს ძალიან აზარალებს. გლეხიც სამაგიეროს უხდის: ბევრი მგელი იხოცება ადამიანის ხელით.
ზამთარში გლეხს იმდენი საქმე არ აქვს, რამდენიც სხვა დროს, მაგრამ უსაქმოდ არც ახლა რჩება. მოახლოვდება თუ არა ზამთარი, გლეხი ზამთრისთვის ემზადება ხოლმე. თუ ზაფხულსა და შემოდგომაზე პური და ღვინო მოიმზადა, ახლა შეშაც უნდა მოიმარაგოს... თუ ჯერ თოვლი არ არის დადებული, გლეხი ურმით მიდის შეშაზე, თუ თოვლია, მაშინ შეშა მარხილით მოაქვს. შეშის მოტანა დიდ წვალებას მოითხოვს, მითუმეტეს, თუ ძალიან ცივა. ზოგჯერ გზაზე საწყალ გლეხს ქარბუქი დაეწევა და ძალიან აწვალებს: ან გაყინული მიდის სახლში, ან შეიძლება სულაც დაიღუპოს... ასეთი შემთხვევები ხშირია ცივ ქვეყნებში და ჩვენშიც მოხდება ხოლმე. ზამთარი დასვენების დროა მხოლოდ იმ გლეხებისთვის, რომლებსაც საკმაოდ აქვთ პურიც, ღვინოც, შეშაც და თბილ სახლშიც ცხოვრობენ...
ზამთარში ვდღესასწაულობთ ქრისტეს შობას, ნთლისღებას დ მირქმას. აგრეთვე ახალ წელს.