თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ხორბალი საპურე მცენარეა. ისიც ნანახი გექნებათ, თუ როგორ ამზადებენ ხორბლიდან პურს: ხორბალს ფქვავენ წისქვილზე, დაფქვილ ხორბალს ზელენ თბილ წყალში, აქცევენ ცომად, ცომიდან გუნდებს აკეთებენ, მერე ამ გუნდებს აბრტყელებენ, აკრავენ გახურებულ თორნეში ან ფურნეში და აცხობენ. გამომცხვარ პურს საკვებად იყენებენ.
ხორბალი ამოდის პატარა ფესვებზე. ეს ფესვები მიწაში ღრმად ვერ მიდის, რის გამოც ხორბალი გვალვას ვერ იტანს და უწვიმობაში ჭკნება და ხმება. ხორბლის ფესვებზე ამოდის წვრილი, მრგვალი და სუფთა ღერო, რომელიც ზემოთ იბამს თავთავს და ეს თავთავი მოკლე ხნის განმავლობაში მარცვლებით ივსება.
ხორბალი პატარა მცენარეა. რაც უნდა დიდი გაიზარდოს, მეტრ ნახევარზე მეტ სიმაღლეს ვერ აცდება. თავთავსაც პატარას იკეთებს. ამის გამო დიდი მოსავალი არ იცის. საუკეთესო მოსავლის დროსაც კი ერთ კოდს ხორბალს (დაახლოებით ათ ლიტრი ხორბალი) მოჰყავს მხოლოდ ათი-თხუთმეტი (დაახლოებით ასი-ასორმოცდაათი ლიტრი) კოდამდე ხორბალი.
სამაგიეროდ ხორბალი გვაძლევს უგემრიელეს პურს. ხორბლის პურს ვერ შეედრება ვერც სიმინდის მჭადი, ვერც ქერის ჯინჯილა და ვერც ღომი. ამიტომ ხორბლის პური ძვირად ფასობს, და მას შეძლებული ადამიანები მოიხმარენ.
ხორბალი საქართველოში ორგვარია: ძველ-თესლი და ახალ-თესლი, ანუ დიკა. ძველ-თესლს თეავსენ შემოდგომაზე, დიკას გაზაფხულზე. შემოდგომაზე დათესილი ძველ-თესლი ორ კვირაში ღაღანა ჯეჯილად ამოდის. მაგრამ ამ ჯეჯილს დიდი დღე არა აქვს. ზამთრის სიცივე და თოვლი მას სუსხავს და სრულიად აქრობს, მაგრამ ფესვები მიწაში ამ დროსაც თბილად არიან და იზრდებიან. გაზაფხულზე ამ ფესვებზე ხელახლა ამოდის მწვანე, ხასხასა ჯეჯილი, რომელიც შემდეგ გადაიქცევა მარცვლიან ყანად.
ძველ-თესლის ყანა უფრო მსხვილია და მაღალი, ასხია მომრგვალო თავთავი, იცის მოზრდილი მარცვალი და იძლევა გემრიელ და გამძლე პურს; დიკა კი უფრო წვრილი და დაბალი იზრდება, ნაკლები მოსავალი იცის, თავთავი ბრტყელი აქვს, მარცვალი წვრილი. საჭიროებს ძლიერ მორწყვას, ადვილად ხმება, მალე ობდება და უფრო ძნელი მოსანელებელია.
ამიტომ, შეძლებული გონიერი გლეხები დიკას იშვიათად თესავენ. ღარიბი გლეხები კი იძულებულნი არიან დიკა მოიყვანონ, რადგანაც იგი სამ-ოთხი თვის განმავლობაში მოდის, ძველ-თესლის მოყვანას კი მთელი ათი თვე სჭირდება.
ხორბალს ზომიერი სითბო უყვარს, იგი ვერ იზრდება ვერც ცივ და ვერც ცხელ ქვეყნებში. აგრეთვე არ უყვარს მიწისა და ჰაერის ზედმეტი სინესტე. ხშირი წვიმები ალპობს და აფუჭებს ხორბალს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ხორბალი ცუდად მოდის დასავლეთ საქართველოში, სადაც, შავი ზღვის სიახლოვის გამო, დიდი სინესტეა და ჭაობებიც ბლომად არის.
აქ ხორბლის ყანას ხშირად უჩნდება მარცვლებში შავი ჭიები, რასაც ქართველები ოდს ეძახიან. იმერეთში ხორბლის შენახვაც სახიფათოა. სინესტის გამო ბეღლებში ჩაყრილ მარცვლებს უჩნდება მატლები, რომლებიც შემდეგ ფრთებს ისხამენ და პეპლების სახით გარეთ გამოფრინდებიან. ამის გამო დასავლეთ საქართველოში ხორბალს თესავენ მხოლოდ მაღლობ, მთიან ადგილებში, სადაც ნესტი ნაკლებია.
სამაგიეროდ, აღმოსავლეთ საქართველოს ჰაერი უხდება ხორბალს, რის გამოც აქ მინდვრები და ველები სავსეა ხორბლის ყანებით. ხორბალი მწიფდება დაბლობ ადგილებში - მკათათვეში, მაღლობებში - მარიამობისთვეში.
დამწიფებულ ყანას მკიან, ან ცელავენ, ზიდავენ კალოზე ურმებით, ლეწავენ, ანიავებენ; ხორბალს ინახავენ ან ორმოებში, ან ბეღლებში და ბზეს საბძლებში ჰყრიან ხოლმე.
უძველეს დროში ადამიანებს ვერც ხორბალი მოჰყავდათ და არც პურის ცხობა იცოდნენ. ველური ადამიანი გარეულ ხორბალს აგლეჯდა თავთავებს, ბეგვავდა, მარცვლებს ხალავდა და ისე ჭამდა. შემდეგში ადამიანმა მეტი ჭკუა მოიხმარა, ისწავლა ჯერ ყანის თესვა და მერმე კევრით ლეწვა შემოიღო, რითაც გალეწილი ყანის ბზით ჩინებული საკვები გაუჩინა შინაურ საქონელს...