მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 307 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ახლა სხვა ნიავმა დაჰბერა, მდინარის შხუილმაც ხმა შეიცვალა: დადინჯდა, მინელდა, თითქოს მხარი გაშალა; დაგუდულ ბანს აღარ აძლევს კლდე-ნაპირს.

მარტოხელა მგზავრმა ხელად იგრძნო განსხვავება.

“ალბათ, ისნის კლდეებს გავცდით”, - გაიფიქრა და ცხენს მოუწურა აღვირი, ყურთასმენად იქცა. შორიახლოდან ურმის ჭრიალი შემოესმა, გლეხურ გულის ყურს ეჩოთირა გაუპოხავი და ფერსოდაძრული ურმის უნიათო ღირღიტი, მალე წამოეწია ჭრიალს.

- შვილო, კრწანისის ველზე გავედით განა?

- ჰოდე, ვერა ხედავ?! - უგულო პასუხი სახრის ტყლაშუნივით გაიკლაკნა ჰაერში.

- ვერა, შვილო, ვერა! - ამოიოხრა ცხენოსანმა და აღვირმოშვებული ცხენი ნებიერი ლაფშურით მიაყოლა ჭრიალს.

მეურმე შემოუბრუნდა წამოწეულს. ვეება პაპა აღმჯდარიყო ცხენზე. კეხს უკან ხურჯინ-ნაბადი შემოეგდო. ახოვნებაშერჩენილ ტანზე სადა, ქილებგამოცლილი ჩოხა ეცვა, ხოლო წელზე ბუნიკმოტეხილი სატევარი ეკიდა.

თვალ-წარბი არ უჩანდა პაპას. მეცხვარის გრძელბეწვიანი ქუდი ღრმად ჩამოეფხატა სახეზე. ჭარბად ჭაღარა წვერი ამჟღავნებდა მის მოდღევებულ წლოვანებას.

ტფილის-ქალაქიდან ზარის ხმა მოსწვდათ.

პაპამ ქუდი მოიხადა, პირჯვარი გადაისახა.

- სიონის ზარია! შეგვეწიოს იმისი მადლი! პარაკლისი გათავდებოდა, ალბათ.

მეურმემ პაპის შუბლზე მხოლოდ ახლა შეამჩნია ნაიარევი, რომელიც შუბლის ნაოჭებს ღრმად სერავდა და მარჯვენა სათვალურთან თავდებოდა. ჭრილობას თვალიც დაეზიანებინა, ჩასერილ-ჩალიბრული დაეტოვებინა ბუდეში. ვაგლახად, მარცხენა თვალზეც ღილისოდენა ლიბრი გადაჰკროდა მოხუცს.

- ჰო, მაგრამ, ცოდო ხარ. საით ამგზავრებულხარ აგეთი? - სიტყვა ვეღარ მოიბრუნა მეურმემ.

- წლისთავია! - ყრუდ ჩაიდუდუნა მოხუცმა და ქუდი ღრმად დაიხურა.

- ე მანდ არსად გადაიჩეხო.

- რათა, შვილოსა! ახლა რა უყოთ, რომ თვალთ დამიბნელდა, ცხენისა და გულის იმედი მაქვს, კეთილი ხალხისაც, ახლა მართლა ყველას ხომ არ გასწყვეტდა აღა-მაჰმადი?

- კეთილი ხალხისა? კეთილი ხალხი ჰა,? იქ წევს… - ხელი განზე გაიშვირა მეურმემ, მერმე რატომღაც გული მოუვიდა, სახრე გადაუჭირა აღმართში შეჭირვებულ მოზვრებს და ოდნავ უკმეხი სიტყვა შეუბრუნა ამგზავრებულს: - გამარჯობა დაგვიწყებია, მოხუცო! სადაური ხარ?

- ეჰ, ძმობილო, შარშანდლის აქეთ მაინც დამავიწყდა ეგ ტკბილი სიტყვა, - თავი ჩაღუნა ცხენოსანმა, ოდნავ დაახანა და განაგრძო: - ბუჩუკურიაანთ გვარისა ვარ. არაგვის ხეობიდანა. ლომთათას მეტყვიან. ახლა კი - ბრმა ლომთათასა.

დადუმდა მოხუცი, უსმენდა ურმის ჭრიალს, მოზვრების გაუბედავ სვლას, მტკვრის მოდუნებულ ხმასა და სადღაც შემოდგომის ნაყანევში შეგვიანებული მწყერის ჭრიახს… შემდეგ თავად შეუტია მეურმეს:

- შე უღმერთო, შენა, აგრე დლაუჭედავად რომ ხედნი საქონელს, ღმერთი არა გზამს?

- რა დროს დაჭედვაა! ვერა ჰხედავ - უდღ ეური მოზვრებია… - სიტყვა გაიკმიდა მეურმემ. თავად ეტკინა ეს “ვერა ჰხედავ”. ფეხი ჩამოდგა ურმიდან და გაუნელებელი ნაღველით დასძინა: - ეჰ! აღა-მაჰმად-ხანს დაუდგეს თვალი, თორემა ჯერ ამათი შებმა სადაური წესია!

- ღორღიან გზას გადაუხვია მეურმემ და ქვევით ჩაჰყვა ნაურმალს. ფერსოდაძრულმა თვლებმა ბექობზე ჩაიხრიგინეს და შემდეგ ღელის ჩხრიალი მოესმა ლომთათას. ეუცხოვა, ოდნავ შეეჭვდა კიდევაც:

- - კრწანისის ღელე არ არის განა? აქ ხომ ქვიტკირის ხიდი იყო გზაზე?

- ეჰ… იყო და აღარ არის, მოიშალა ჩვენი ქვიტკირის ხიდიც და ბალავარიც. ახლა ასე ოღროჩოღროდ მიდის ჩვენი გზა. აქ ხომ სულ ნაომარი ადგილებია.

და უეცრივ უფრო გაწყრა:

- იყო! აქ ზვარი და ბაღებიც იყო! მერმე და რა? ახლა შეშად ვეზიდები მტრის ნაკაფავ ვენახს.

ესმოდა ბრმა ლომთათას მეურმის პასუხი, უძირო და გაბზარული ქვევრიდან მოსულ ხმად თუ გულისხმად ეჩვენებოდა ყოველი სიტყვა.

ცხენმა ფეხი წაიკრა, მერმე ღელეში შესტოპა, ოდნავ აღმა მიდგა და ფრუტუნით დაეწაფა წყალს.

რამდენჯერ გაუგელვებია აქ ლომთათას თავისი ცხენი, რამდენჯერ ჰხლებია მეფე ერეკლეს, რამდენი ბრძოლა და გამარჯვება ერთად უნახავთ!

აქ მუდამ შეჩერება იცოდა მეფემ. ჩამოდგებოდა, მოისალმუნებდა კრწანისის ღელეს. ერთი შებრუნდებოდა ტფილისისაკენ - გაჰხედავდა თაბორისა და მეტეხის ბურჯებ-ქონგურებს, პირჯვარს გადაისახავდა:

“ღმერთო, მშვიდობით მოგვაბრუნებდე და მშვიდობით დაგვახვედრებდე!” - ჭმუნვით ჩაიდუდუნებდა და მერმე ცხენს მოახტებოდა ფიცხლად.

ურმის ჭრიალი მიწყდა. ცხენმაც მოიკლა წყურვილი, ახლა ნაპირზე ელიზღვებოდა ბალახს.

ჩამოქვეითდა ლომთათა. ქუდი მოიხადა, მაგრამ ერეკლესეული ლოცვა ვეღარა თქვა. არც წინ და არც უკან აღარაფერი გააჩნდა.

არც ბრძოლაში ეჩქარებოდა, არც შინ ელოდა ვინმე.

შორიდან კი სიონის ზარის ხმა სწვდებოდა. გლოვის, ოდნავ გაბზარული, შემძიმებული და დუნე ზარის ხმა.

ლომთათამ ცხხენს ხურჯინი მოხსნა, მოსართავები შეუფოლცვა, აღვირი წაუგდო, თოკით ჭაგის ძირს მიაბა და ბალახად მიუშვა. თავად წყალთან მიჯდა. პეშვით ამოიღო. სწყუროდა, მაგრამ არ შესვა, მხოლოდ შუბლზე და შუქდაკარგული თვალების უპეებში შეისხურა, ქუდის ბეწვით შეიმშრალა. შემდგომ ქალამნები გაიძრო, ხურჯინი მხარზე მოიგდო და ერთ წამს შედგა: წყალაღმა აჰყოლილიყო, თუ წყალდაღმა დაშვებულიყო?

- ეჰ, სულ ერთია, აქ ყველგან კრწანისია! - ხელი ჩაიქნია და წყლის ჟღურტულს ნაპირ-ნაპირ აჰყვა თავფეხშიშველი.

ხშირად ფეხს იკრავდა რიყეზე. ეკალ-ბარდებშიაც და ჭინჭარშიაც მოხვდა, მაგრამ თავი ჩაექინდრა, კრწანისის მიწას უშუქო თვალებით ჩაჰყურებდა და ნელა წინ მაღლობებისაკენ მიილტვოდა.

აქ ზევით კრწანისის ბაღებია, მერმე სეიდაბადის მაღლობები, ხოლო მათ თავზე - თაბორი. იცის ეს ყოველივე ლომთათამ, იცის და გულისყურით თითქოს ხედავს კიდევაც. აბა, როგორ ვერ დაინახავს - აქ სადღაც, ამ წაფერდებულ მინდორზე, ამ უჩინარ ღელის ნაპირზე, შარშან ამ დროს, დღევანდელ დღეს… აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის ჟამს… აქ სადღაც მოჰკლეს მისი უფროსი ივაჟი - უთრუთა… ბრგე და შემმართებელი ვაჟკაცი. მისი ვაჟკაცური სიკვდილი უამბეს უბედურ მამას. მრავალი მტერი წაუძღვანებია წინ. აბა, რას იზამდა ლომთათას პირმშო?!

სადღაც აქ ასაფლავია მისი დაუტირებელი გვამი. იქ თაბორზე კი, დავით ბატონიშვილთან, მისი მეორე ვაჟი - ბატატა იბრძოდა. დაიჭრა და მაინც იბრძოდა და გზის გაკაფვისას მძიმედ დაჭრილი, მტერს არ დარჩა და ლეღვის ხევში გადაიჩეხა უკანასკნელ ზარბაზანთან ერთად, ხოლო მესამე - უმცროსი - ხუტა-ბიჭი, სხარტი და სახიერი, ერეკლეს რომ ახლდა ხელმსახურად და შიკრიკად… იგიც უგზოუკვლოდ დაიკარგა კრწანისის მარცხის შემდგომ. არც იგი დაბრუნებულა აქედან, არც იგი.

ჰოდა, სულ მარტო დარჩა ბებერი მებრძოლი - ლომთათა ბუჩუკური. სულ უძიროდ გადადიოდა ბუჩუკურიანთ გვარი. მარჯვენა თვალი ადრევე ბრძოლაში ლაჰკარგა, ხოლო მარცხენა ბოღმამ და ფარულმა ცრემლებმა თუ ჩაულიბრა. ეჰ, სიბერემ და თვალებმა დააღალატეს, თორემ განა თავად კი დააკლდებოდა კრწანისის ბრძოლას?! აქვე ერჩია თუნდაც სიკვდილი,. შვილებთან გაიზიარებდა სამარეს. მისი დასატირებელი აღარ იქნებოდნენ მაინც. იქნებ სულაც ვერ გაეგო მათი უდროო დაღუპვა, ქვეყნის წახდენა - მისი უძლეველი მეფის დამარცხება.

ლომთათამ ფეხი წაიკრა დიდ ლოდზე. ჩაიმუხლა კიდევაც. ხურჯინი ჩამოუსხლტა მკლავზე. ხელი მოაფათურა და დასაჯდომი ადგილი მოსინჯა. ახალნაყარი ეკალ-ბარდი მოხვდა ხელში. მოგლიჯა და გადაჰყარა.

- ეჰ, ტიალო წუთისოფელო! რა მალე ამოსულა აქ ეკალი და ჭინჭარი?! - მიჯდა ქვაზე და ხელი შეივლო შიშველ ფეხებზე, მტვერი და ნოტიო მიწა ოდნავ აჰკროდა დაბერებულ კანს. მოხუცს ყრუდ სტკიოდა ორთავე ტერფი. მაინც არ მოიწმინდა ეს ლაგაზი. ეს ხომ კრწანისის მიწა იყო.

- ეჰ, სად არის მათი საფლავი? - და თავადვე უპასუხა უმალვე: - აქ ხომ ყველგან საფლავია! კრწანისია ყველგან.

უეცრივ შორიდან ცხენის ჭიხვინი მოესმა. თავის ცხენად ვერ შეიცნო. ქარმაც რაღაც გაბმული ხმა შეიმატა.

დააყურადა. მიწას დაადო ყური და შეეგულისხმა კრწანისის მიწას. გარკვევით გაიგო ცხენოსანთა არული. არა, ყურთასმენა არ ღალატობს ბრმას. აი, თითქოს სადღაც მოჰგელავენ კრწანისის მებრძოლნი, თავგანწირულ კვეთებაში გუგუნად წასულნი. მთაში მერეხი იცის ასეთი, ერთ ნაპირად, ზათქით რომ გადივლის მიდამოს.

კარგა ხანს უსმენდა ლომთათა. მას, გამუდმებულ ბინდებში წასულს, კარგად ვერც კი გაერკვია - ეს ნამდვილი ცხენოსნები მოჰქროდნენ თუ მის გატანჯულ გულისყურში ჩაზრდილ კრწანისის მიწიდან უეცრად ამდგარი სპანი თავის ნაბრძოლ ძვლებს არხევდნენ წლისთავზე.

უეცრივ ყველაფერი შეწყდა, დადუმდა გარემო. ლომთათა წამოიზიდა და ხურჯინს მისწვდა, თაფლის სანთელი ამოიღო, აბედი გაჩეჩა და ტალკვესი ჩამოჰკრა. არ შეშლია არც ერთი მოძრაობა. არც ხელი მოსცარვია, აბედს საქილედან ამოღებული ბამბის ქულა მიაშველა, სანთელი აანთო და იქვე ქვაზე მყუდროში მიაწება. ხურჯინიდან ბოხჩად შეკრული ჭრელი ბაღდადი ამოიღო და გაშალა, შიგ სამი მომცრო სატევარი იდო. ქარქაგები გააცალა, სამივე პირი გადაჯვარა და ზედ საკმეველი დასდო; თითით მოსინჯა სანთლის ალი. არც გაუგია დაწვა! სანამ ფრჩხილის წვის სუნი არ იყნოსა. მერმე საკმეველს მისცა ალი. მისმა სურნელმა დააშოშმინა. აქლა ქერის პური დადო ხელსახოცზე, ხელადაც ამოიღო ხურჯინის მეორე თვალიდან. მათარის მაგივრად მცირე ყანწიც მოიღო ხელში და არაყი დაისხა.

- ღმერთო! დიდება და მადლი შენდა! დაუმკვიდრე სასუფეველი, ჩვენს მკვდრებსა და ამ ველზე ბრძოლაში სხვა დაცემულთა. ერთობლივ ყველასა! -უფრო ხმამაღლა ახმიანდა მარტოხელა ჭირისუფალი, მერე კი უშუალო საუბარზე გადავიდა. თითქოს ცოცხლებს ესაუბრებოდა: - ჩემო შვილებო: უთრუთ, ბატატავ, ხუტა-ბიჭო!.. - ხმა შეუთრთოლდა მოხუცს, ცალ ხელს ულოლიავებდა შვილების სატევრების შიშველ პირებს და თითო სახელი და სიტყვა გულს უსერავდა სატევარივით.

- შვილნო! თქვენამც მოგივათ დადგმული ტაბლა, სანთელ-საკმეველი. ბრმა მამის დალოცვა. სუფრაზედამც დაიწვევდეთ თქვენ სიკვდილის ძმებსა. უპატრონო სულებს გაიკითხავდეთ! - სული მოიბრუნა მოხუცმა, არაყის ორიოდე წვეთი კრწანისის მიწას დააცვარა და ყანწი გამოსცალა.

- ამინ! - მოულოდნელად მოესმა ლომთათას. მთელი სხეულით შემობრუნდა და სმენად იქცა. წეღანდელი ცხენოსნების არ იყოს, კვლავ ვერ გაკრუვია, ეს ცხადად მოესმა, თუ მხოლოდ საკუთარი სევდიანი გულის ხმა იყო.

- ხორციელი ხარ ვინმე? - მოკრძალებით შეეკითხა და იგრძნო, რომ აქ ვიღაც არის. უმალ არაყი დაუსხა და საალბედოდ გაუწოდა: - შესანდობარს შესვამდე! აქ დახოცილთა სულები შეივრდომოს მამაზეციერმა!

- ამინ! - ისევ მოესმა ლომთათას და ვიღაცამ ყანწი გამოართვა.: ხმამაც გააოცა ბრმა მოხუცი. არა, იგი წეღანდელი მეურმის ხმა არ იყო. სიონის გლოვის ზარს მოაგონებდა. ეს ხმაც ოდნავ გაბზარული და შემძიმებული იყო.

ლომთათა მოხუცის გუმანით მიხვდა, რომ მის წინაშეც ღრმა მოხუცი იდგა. იქნებ მასზე უფროსი. წამოიწია, ადგომა დააპირა, მაგრამ მოსულის ხელი იგრძნო მხარზე.

- იჯექი, არაგველო! - დინჯად უთხრა და გამოცლილი ყანწი ხელში ჩაუდო.

- არაგველო?! არაყზე მიცან? რა ვუყოთ - ანწლისაა - ერთნახადი, სუნს დაიკრავს.

- არა, შუბლის იარაზე!.. ეჰ, მოხუცო, მეორე თვალზეც ლიბრი გადაგკვრია.

ლომთათამ სულ ახლოს, სახესთან, მოხუცის სუნთქვა იგრძნო, ხოლო ნაიარევ შუბლზე კი მისი მკვრივი, მაგრამ მოვლილი ხელი. ხელს საამო ნელსაცხებლის სუნი ასდიოდა და ლომთათამ გარკვევით შეიცნო, რომ მოსულს რამდენიმე ბეჭედი ჰქონდა ხელზე.

- ვინ ბრძანდებით?

- ეჰ, წუთისოფლის მგზავრი ვარ!

- წმიდა გივარგია მგზავრების მფარველი. შეგეწიოს მისი მადლი. მობრძანდი. პური გავტეხოთ, თუ მიკადრებ ღარიბ ტაბლასა!

- კიდევ ვინ უწყის, ჩვენ შორის რომელია უფრო ღარიბი?! - ესმის ბრმა ლომთათას ეს კითხვა. დიდ შავთ ნაღველს გრძნობს სტუმრის კილოში. თავადაც ემატება ნაღველი.

- მძიმე დარდი შემოგწოლია! აქ დაიმუხლე, აქ ვგონებ ქვაც უნდა იყოს? - მოაფათურა ხელი ლომთათამ. - არც მე გახლავარ მოლხენითა. წლისთავია! სამი შვილი დამიკარგავს!

- აქა?! - ყრუდ შეეკითხა მგზავრი.

- ოღონდაც… კრწანისზე.

ლომთათას ეჭვი შეეპარა, უცნობ სტუმარსაც ხომ არ აკლიაო თვალის ჩინი!

- ამ სამ სატევარს ხომ ხედავ? - იმათია… ჭაბუკობის დროინდელი. ამით ვასწავლე სატევრის მოქნევა. ესენიღა შემრჩა დასატირებლად! - ხმა შეუფერხდა ლომთათას, დადუმდა. სდუმდა მგზავრიც…

დიდი თავმძიმე ჭმუნვა გაშლილიყო კრწანისის ველზე.

უეცრივ ისევ წარმოიშვა ცხენების თქარუნი, არა, ეს უგზოუკვლოდ გაჭრილ რემას თქარუნი არ იყო, არამედ გეზ-და მხარშეწყობილი სვლა ცხენოსანთა. ერეკლეს ძველი მოლაშქრეა ლომთათა, წეპირად ცნობს ფლოქვების ხმაურს. აი, ახლაც, უხილავ ცხენოსანთ გეზი სწორედ მათკენ უჭირავთ. ასეთი დგაფით მოდიან… ლომთათამ იგრძნო, მისი სტუმარიც შემობრუნდა. ოდნავი ნიავი მისწვდა ბრმას, ხელი თუ გაიქნია სტუმარმა.

გუგუნი შეწყდა… შედგა სადლღაც - არც თუ შორს, მერმე იცვალა გეზი, თითქოს გაბრუნდა და მალე ჩადუმდა.

- ვინმე თუ იყო? - გაუბედავად შეეკითხა ლომთათა. - ჩემთვის სულ შავეთია ირგვლივ.

- არა, არავინ! - ყრუდ უპასუხა სტუმარმა და უფრო მწვავედ დაატანა: - იქნებ ბედნიერიც ხარ, ლომთათავ. კარგს ვერაფერს დაინახავდი.

“ლომთათაო?! - გაიოცა ბრმამ, თან ჭმუნვით გაიფიქრა: - გულმავიწყობაც შემპარვია ხეიბარსა. აღარც მახსოვს, როდის ვუთხარი ჩემი სახელი”, მერმე მოაგონდა, რომ იგი მასპინძელია და ხელი ხურჯინისაკენ გაიბრუნა, წანდილი , ქერის პური, დარჩეული კაკალი და ბოსტნეული ამოიღო. სტუმრის წინაშე ხელმოკლეობა მოი ბოდიშა:

- საკლავი კი დავკალი, მაგრამ იქ სიონის გლახებს ჩამოვურიგე, - ქალაქისაკენ გაიშვირა ხელი.

ბრმა კია ლომთათა, მაგრამ მხარი კარგად იცის. აი, იქით არის ტფილის-ქალაქი. აი, ქარი რომ მოჰქრის და სიონის ზარის ხმასაც რომ მოაწვდენს ხანდახან.

- სასტუმროდ მაინც შემოვინახე ცოტაოდენი, - ცხვრის ბეჭი ამოიღო ლომთათამ, - ინებეთ, მე კი სახსნილოს არ გეახლებით, გული არ მიზამს.

- არც მე… ერთნაირი გული გვქონია, მოხუცო, ვგონებ ბედიც! - პასუხი ისეთი სევდამოსილი და ნაღვლიანი იყო, რომ ბრმას გულისყური შეუძრწუნა.

- ეჰ! ჩემი ბედი აბა რა სახსენებელია?! - ხელი ჩაიქნია უსინათლომ და დაგვიანებული ფიქრი შეეჭიდა: “ნეტავ ვინ არის?” კვლავ პირდაპირი შეკითხვა ეუხერხულა და ირიბულად სიტყვა ჩამოუარაკა: რა ხელობისა ხარ, ძმობილო?

- ხელობისა?! - თითქოს გაუკვირდა მოსაუბრეს - ბევრი ხელობა მაწვნია ბედმა. კარგად არც კი ვიცი, უფრო კი მეომარს მეტყოდნენ მტერნიც და მოვაერნიც.

- მაშ ერეკლე მეფის მეომარი ხარ? - გაეხარდა ლომთათას. - ჰე, დედასა! მეც მისი მებრძოლი გახლავართ. გამხარებია, წმიდა გივარგის მადლმა! სანამ შემეძლო, გულმოდგინედ ვემსახურე და როცა წამერთვა თვალის ჩინი, ახლა ვაჟები დავუზარდე. უმცროსი კი… ხუტა-ბიჭი მას პირადად ვაახლე.

- ხუტა-ბიჭი? - გულმძიმედ გაიმეორა სტუმარმა.

- რა? ხომ არ იცნობდი? იქნებ ბრძოლაში გადაეყარე სადმე? აგეთი კოხტა და სხარტი იყო. ცეცხლი ენთო, სწორედ, თვალებში! ცეცხლი! - უბედურმა მამამ ფართოდ გაახილა და აათამაშა ჩალიბრული თვალები.

- არა, არ მინახავს, - ოდნავი ყოყმანით უპასუხა უცნობმა, მერმე სულ ახლო მისწია სახე და თითქოს საჩუმათოდ ჰკითხა: - შენ სამი შვილი დაჰკარგე აქა?

- ჰოდე!

- მე უფრო მეტი… გაცილებით… ცოცხალი როგორღა ვარ? როგორღა დავრჩი იმ ბრძოლის შემდგომ?

დაბრმავების შემდგომ სხვისი ჭმუნვისადმი უმეტესი გულისხმიერი გახდა ლომთათა, კი არ გაბოროტდა, პირიქით, თითქოს შუქთან ერთად თვალის სიხარბეც დაეკარგა და მუდამ “შავეთში” მყოფს სხვისი დარდიც ედარდებოდა და სხვისთვის უნიშნოც ენიშნებოდა. ახლაც თვალწინ წარმორუდგა “წუთისოფლის მგზავრი” ვინმე უცხო, გულჩათხრობილი მოხუცი, რომელსაც თავი ჩაუქინდრავს და კრწანისის მიწას ჭმუნვით ჩაჰყურებს.

- განა შენც იყავ იმ ბრძოლაშია?

- ვიყავ… - დაირხა დუნე პასუხი.

- თავიდანვე? - ჩაეძია მოხუცი.

- თავიდან ბოლომდე… ბოლომდე! - მწარედ და შინაგანი თრთოლვით გაიმეორა მგზავრმა.

ლომთათამ იგრძნო, რაღაც შინაგანი უხერხულობა ახლდა პასუხს. სიტყვა ნაჭუჭივით მოდიოდა, გული კი ნაჭუჭს მიღმა იყო დარჩენილი. არ ეპრიანა, წინ წამოიზიდა, ხელიც კი აღმართა. ვეება, ნაბრძოლი, დაკოჟრებული ხელი.

- მაშ, თავიდან ბოლომდე იყავ? სად არის მერმე შენი ჭრილობა? ჭრილობა მიჩვენე! ჭრილობა, მეომარო! - უკვე მკაცრად მოსთხოვა პასუხი, შეუტია კიდევაც. ამ წუთში მას დაავიწყდა, რომ იგი ბრმაა და არც თუ მაინცდამაინც უფლებამოსილი.

უცხო კი სდუმდა. თითქოს მას არ ეხებოდა საუბარი.

არ მ ოეწონა ლომთათას უცხოს დუმილი. ეჭვი დაებადა. აუგი, უნდობლობა მოეძალა… “ვინ არის?” ისევ გაუელვა ფიქრმა, ფიცხი სიტყვა მოაწვა ბაგეზე, მაგრამ თავს სძლია. უკან ჩაიბრუნა. სიმკაცრე გაიყუჩა და დინჯად შეეკითხა:

- აქ რამ მოგიყვანა წლისთავზე, აქ რამ?

- ჭრილობამ… - იყო როყიო პასუხი.

ლომთათას ახლა უფრო გაეზარდა ეჭვი. ვგონებ, მიხვდა კიდევაც: “ალბათ, მეფე ერეკლეს მტერი იყო და ახლა ნანობს”, - გაიფიქრა და ხელი მოიბრუნა, ხელადა აიღო, მცირე ყანწი ცერით ხელადის მოტეხილ ტუჩს გაუსწორა და დაასხა.

- ეს ღმერთმა ჩვენს ბატონს, მეფე ერეკლეს გაუმარჯოს. მოყვარე უმრავლოს, მტერ-დუშმანი გაუჩანაგოს!

გადაჰკრა და გაუწოდა. თანამოინახემ დააყოვნა ყანწის მიღება.

“რა თქმა უნდა - შინამტერია”, - გაჰკრა ფიქრმა.

- კიდევ იმის იმედით ვცოცხლობ დედამიწაზე! - უფრო მედგრად დასძინა ლომთათამ და ყანწი კალთაში ჩაუგდო. რქამ რეჩხი გაიღო.

“მოჭედილი ხმალი ჰქონია!” - გაიფიქრა ბრმამ, ახლა ხელადაც მიაწოდა და უსმენდა არაყის რაკრაკს. ისხამდა უცნობი. ” გაავსო” ხმით შეიცნო ბრმამ . “გულმართალი იყოფილა!”

- გისმინოს ღმერთმა, მოყვარე უმრავლოს, მტერი უჩანაგოს! - მოკლედ მოსჭრა უცნობმა, შესვა და უეცრივ შეუტია ლომთათას: - კაცო, დამარცხდა შენი უძლეველი მეფე, მწარედ დამარცხდა! მტერმაც გაწირა და მოყვარემაც! გაოხრდა სამეფო! გადაიბუგა ტფილისი! შენ რა გიჭირს - ბრმა ხარ, ვერა ხედავ… მე კი როგორღა ვუყურო?! - სული ძლივს მოიბრუნა მთხრობელმა და უფრო ხიწვიანი ხმით აყვირდა: - აი აქ, ზევით, ხომ გახსოვს, ყოშაყალა იყო, ახლა ქონგურებჩამოშლილი ნანგრევებია. თაბორზე კედლის შეტეხილი ზღუდეღა დარჩენილა. აბა, იქ გაიხედე - რას დაემსგავსა ჩვენი მეტეხი… ნარიყალა კიდევ უარეს დღეშია… ტფილისს ხომ ნუღარ კითხულობ, შიგ ვეღარ გავჩერდი. ეს ბაღები კი… კრწანისის განთქმული ბაღებია! აბა, ესენი რაღაისთვის გაავერანეს? იქ ახლა სიკვდილის ძმათა სასაფლაოა.

- სადა, ძმობილო? აბა სადა?! - მოლიბრულ თვალებს აცეცებდა ლომთათა. - ალბათ, აქაა ჩემი უთრუთაც! ალბათ, აქა!

- მარტო იქ ათასი უთრუთა წევს, ბერიკაცო! ათასიოდ!

ლომთათამ ამ სიტყვებში მწვავე საყვედური იგრძნო; დაირცხვინა, უეცრივ გული გაეხსნა მოსაუბრის მიმართ:

- შენ მართალი ხარ, მე ვერაფერს ვხედავ… უჯილაგოდ დარჩენილი მამის გულის ბრალია, - მოუბოდიშა და დადინჯებული კილოთი შეეხვეწა: - გონიერი კაცი ჩანხარ… კრწანისის მიწის მადლს გაფიცებ, წვრილად მითხარ - ეს მარცხი როგორღა მოხდა? - ლომთათამ შიშველი ფეხი დაჰკრა მიწას და უცნობს მიუბრუნდა.

იგი სდუმდა. მაშინ დაიხარა ლომთათა, დაკოჟრებული ხელით მიწა მოხოკა და მოსაუბრეს გაუწოდა.

- მე დიდი დღე აღარ მიწერია. შენც ჟამგადასული ჩანხარ. ვინაობას არ გკითხავ. ვიცი, ქართველი ხარ და გული გტკივა. აი, აქ… ამ ომის წლისთავზე, ერთი გულისხმიერი სიტყვა მითხარი. თვალი ამიხილე, სამი შვილი სახლიდან გამიშვია და აღარც ერთი არ მომიბრუნდა… ვიცოდე მინდა, როგორ მოხდა ეს მარცხი… როგორღა მ ოხდა?! მე ერთი უთვალისჩინო კაცი ვარ… მაგრამ, რომ ვიკითხო, ამის უფლება მაქვს. ყველას ვკითხავ, მთელ ქვეყანასა. აი, თავად ჩვენი ბატონი ერეკლე მეფეც აქ რომ იყოს, ასევე ვკადრებდი. ის კი მეტყოდა. წვრილად მიამბობდა თავის ლომთათასა, მაგრამ არც იმას ადგია ჩემზე უმჯობესი დღე.

- არც იმას! არც იმას! - უმალ დაუდასტურა მეორე მოხუცმა. - ის მოვალეც იყო. მოსამართლედაც დაგისვამდა მთელი ქვეყნის წინაშე, თავის შვილებისა და შთამომავლობის წინაგე. შენ, ძველ მეომარს, გულახდილად გეტყოდა თავგანწირვისა და ღალატის ამბავს. იცის ღმერთმა, მას თავი არ დაუზოგავს. ახლაც სიკვდილს ნატრობს და სიცოცხლე არ უხარია!

ლომთათას მუჭი გაეხსნა და ცოტ-ცოტა ებნეოდა ქვიშანარევი მიწა, ისევე ებნეოდა მთხრობელს სიტყვები:

- მაშ, მომისმინე, მოხუცო… აი, აქედან კარგად ჩანს სოღანლუღის ვიწროები, - ლომთათა გუმანით მიხვდა, რომ მთხრობელმა ხელი აღმოსავლეთით გაიშვირა, თავადაც მიბრუნდა იქით.

- ათ ენკენისთვეს იქ ჩადგა დავით ბატონიშვილი თავისი რაზმით. მტკვრის ნაპირსა და შავნაბადას კალთებს შორის გათხარა სანგარი. ნაშუადღევს უკვე მოვიდა აღა-მაჰმადი თავისი ჯარითა. მაგრამ დავით მედგრად დახვდა, პირი აბრუნებინა უკან. დიდი მარცხი და ზიანი მისცა.

უმზერდა ლომთათა გარემოს. ამაოდ ახამხამებდა თვალებს. მხოლოდ მეხსიერების სიღრმიდან იტვიფრებოდნენ შავნაბადას ქედის მუქრუხი, ძეძვებშერეული ფერდები, მიჯრით რომ ჩასდევდნენ მტკვრისაკენ და აღმოსავლეთით ზღვარავდნენ ცის კიდეს. იქ, ვიწროებში, ალბათ, ახლაც მოჩანან სანგრების პირშენგრეული ღრუდოები და ლომთათასი არ იყოს, ისინიც ბრმა თვალებით შესცქერიან მტკვრის მღვრიე ვერცხლგადაკრულ დინებას.

არა, ამას ყველაფერს ხედავს ლომთათა. თვალებზე გადაეკრა ლიბრი, თორემ გუმანის თვალი უწინდებურზე უფრო უჭრის. ჰოდა, უმზერს ლომთათა ნაომარ ადგილებს და უსმენს უცნობის კრიჭაშეკრულ თხრობას.

- მაგრამ ვერაგმა ხოჯამ მთავარი ჯარი იაღლუჯიდან კუმისზე და ხატისთვალაზე მიმართა. ქართველ მეწინავეთა ზურგში უნდოდა გამოსვლა.

- მერმე?! - გაოცდა ლომთათა. - და განა ერეკლემ არ იცოდა ესა?!

- იცოდა… ვარაუდიც დაიჭირა, მაგრამ მაშველი არ მოუვიდა მეფეს. შვილებმაც არ შეაშველეს სადროშონი, მეტი გზა არ იყო, მეწინავენი წაიყვანა და კრწანისზე შეუდგა სამზადისს.

- აქა? ჰაი დედასა!

- დიახ, აქ, აი იქ, მომაღლოდ დავითი იდგა თავის რაზმითა. ამ მდინარის დაყოლებით კი ოთარ ამილახვარი, შემდეგ მოხუცი მუხრან-ბატონი, ზურაბ წერეთელი - იმერლებითა და ბოლოს ზაქარია ანდრონიკაშვილი.

თანდათან მხარს იცვლიდა მთხრობელი. უეცრივ ხმა დაიდაბლა. წყალში კენჭი გადააგდო (ეს ნათლივ გაიგო ლომთათამ).

ეს ღელე მაშინაც ასე წყნარად დიოდა. ხოლო მერმე, როცა ბრძოლა გაჩაღდა, მოდიდდა და ფერი იცვალა.

- ჰაი დედასა… ფერი?! - ბრმაც მდინარისკენ მიბრუნდა და შავეთიდან თითქოს ამოჟონა, ამოიკლაკნა ფერშეცვლილი მდინარე და დიოდა მოდიდებული და წითლად მღვრიე.

ვგონებ, დადუმდა მთხრობელი, ხოლო წითელ-მღვრიედ შეტბორებული მდინარე თუ განაგრძობდა ნაღვლიან თხრობას:

- ღამითვე დიდი ნისლი და ჯანღი მოდგა. გათენებისას არც კი ჩანდა შავნაბადა… და როცა ნისლი გაუჩინარდა, ახლა მტრის დიდმა ურდოებმა დანისლეს შავნაბადა. ძირს დაეშვნენ მისი კალთებიდან, თამამად მოდიოდნენ. ჩვენები კი სდუმდნენ. აი, ამ გორაკამდე მოვიდნენ. კრწანისზე კი სრული სიჩუმე სუფევდა.

ახლაც სრული სიჩუმე სუფევდა კრწანისზე და ლომთათას, მრავალ ომგადახდილ ლომთათას, ეს სიჩუმეც ომისწინა გარინდებად ეჩვენა.

- ერთბაშად დაიქუხეს ყოშაყალის ზარბაზნებმა. მეტეხმაც ბანი მისცა. კრწანისის ბრძოლა დაიწყო. წინ ძლიერი მტერი იდგა, უკან კი განაბული ტფილისი. შემხვდურ შეუტიეს ჩვენებმა. აქ იმარჯვა დავითმა, სპარსელებს თავზარი დასცა და გააბრუნა, ისევ შავნაბადას კლდე-ხრიოკებს შეეხიზნა მტერი. ქართველებიც უკან თავის სანგრებში მოდგნენ. ახლა დაიწყო ზარბაზან-ზამბულაკების ორმცრივი გრგვინვა. მეტეხიდან მტკვრის ნაპირებს უშენდნენ, ხოლო ყოშაყალიდან - შავნაბადას ახლო მისადგომებს. მალე ქედზე მტრის ახალი ურდოები გადმოეფინენ. ჩვენი მაშველი კი არსად ჩანდა.

- რათა, კაცო?! რათა?! - გააწყვეტინა ლომთათამ. მაგრამ მთხრობელი მას ყურს აღარ უგდებდა, თითქოს თავიდან განიცდიდა შარშან გადატანილი ომის დუხჭირს.

- აი, ამ ადგილს… კვერნაქი ტაფობად რომ ჩანს… იმ ადგილს ჩინებულად ვიცნობ. სწორედ იქ დადგეს ხანის კარავი. მალე თავად აღა-მაჰმად-ხანიც მოვიდა. ცხენზე აღმჯდარიც ჩია კაცად გამოჩანდა. უმალ შეუძახა თავის ურდოებს. და ისევ ჭრელ-ყვითელა ზვავი დაგორდა ფერდობზე. ისევ მოასკდა ქართველთა სანგრებს. დიდი ჭაპანწყვეტა და ხელდახელ ჭიდილი შეიქნა. ჩვენებსაც ჩაეშველნენ მცირე მარქაფნი. მესამედ გაუმარჯვდათ ქართველთ. ჭრელ-ყვითელა ზვავი ახლა უკან - აღმა აგორდა. კვლავ რამდენიმე გეზად შემოუტიეს მომხდურებმა. ახალ-ახალი გუნდები მოგორავდნენ შავნაბადას ხვიმირებში. ქვევით კი ბრუნავდა კრწანისის ომის ბორბალქარი და ფქვავდა მტერს თუ მოყვარეს. ცხარობდა შავნაბადაზე ჩია კაცი, ჭარბად უმატებდა მებრძოლებს.

- მერმე ჩვენები? - ღელავდა ლომთათა.

- ჩვენებსაც მოსდიოდათ მაშველი. ვაგლახ, მეტად ღარიბად. ჯართა მიჯრა კი უფრო იზრდებოდა. სპარსელთა მთავარი ჯარებიც ჩაებნენ ბრძოლაში. ერთბაშად აჭრელდა და აიძრა შავნაბადას ძეძვნარევი ფერდობი.

გაშეშებულ ლომთათას საშინელი სიცხადით წარმოესაცა დაძრული ძეძვნარი და თითო ძეძვს ირანული ჩალმა ეხვია. ყურში მკაფიოდ ესმოდა გარდასული ომის გუგუნი თუ მთხრობელის გარიხებული ხმა:

- ჰქუხდნენ კრწანისის შემოგარენი. ზათქითა და ბოლქვებით, შეძრულიყო კრწანისის ზეცა, ბრძოლის ქარცეცხლში იწვოდა კრწანისის მიწა. ბედის სასწორი ქანაობდა!

- მერმე იგი სად იყო? იგი? პირველი მებრძოლი? მეფე?! - ვეღარ მოითმინა ლომთათამ.

- თავს იკავებდა, როცა დარწმუნდა, რომ აღარავინ მოუვიდოდა, იზოგავდა მარქაფს. აქეთ-იქით აფრენდა მცირე ჯგუფებს - ბევრად აჩვენებდა მტერს. ბოლოს მეტი გზა არ იყო, იგიც გადაეშვა ბრძოლაში. სოლომონ მეფეც მას ახლდა, რჩეული რაზმიც.

- შენი ჭირიმე! - დანარჩენს ლომთათა თავად გააგრძელებს… თავად იტყვის. მრავალჯერ მიჰყოლია მხარდამხარ, იცის ერეკლეს ილეთი. ცოტა ირიბად გაჰკრავდა იერიშის გეზს. მტრის წყებას ბორომდე გაარღვევდა ცხენდაცხენ. ერთპირად გაიტანდა. ახლა ზურგიდან დააკვრევინებდა ყიჟინას და მერმე პირწმინდად იწყებდა არეული მტრის ფარცხვას.

რიყეზე გავარდნილი თევზებივით ფართხალებდნენ გადათელილნი. ლომთათას არ ახსოვს, რომ ვინმე გამკლავებოდა ასეთ შემართებას; ვიღაც ჩია, ქოსა კაცი, - აღა-მაჰმადი რაღა ბედენაა?!

და ესმოდა ლომთათას უცნობის თხრობა:

- ისევ შავნაბადაზე შევრეკეთ სპარსნი. ახლა იქაც შეუცვივდნენ ჩვენები. აღა-მაჰმად-ხანის დროშებსაც მიატანეს . უმალ აშალეს მისი კარავი და გახიზნეს იგი. ცხენები შევაჭენეთ შავნაბადას კვერნაქზე, მაგრამ გაგვასწრო წყეულმა. ცხენით გაჰქუსლა.

- შენც მათთან იყავ? - უეცრივ შეეკითხა ლომთათა.

მთხრობელმა ჯერ თითქოს ვერც გაიგო შეკითხვა, მერე კი დაუდასტურა.

- ჰო, დიახ, მეც მათთან! - და მწარედ გაეღიმა.

ამან უფრო ააღელვა ლომთათა.

- მერე? მერე? - როხროხობდა გადაბერებული მებრძოლი და ხელმრუდედ აწვალებდა სატევარს.

- სოღანლუღში ჩავაბრუნეთ. ილტვოდა მტერი, მაგრამ არც ჩვენ გვადგა კარგი დღე. ვეღარ გავდევით მდევართ. ასე მძიმედ ჩამოგვაღამდა.

- იცის ლომთათამ, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს “მძიმე ჩამოღამება”. ეს ღამის თეთრად ტეხვას ნიშნავს, გადამწყვეტ ბრძოლისათვის სამზადისს, დაჭრილთა შველას, მოკლულთ დამარხვას.

- ულმობლად მიდიოდა ღამე. თენდებოდა. მტერი კი არ იძროდა სოღანლუღიდან - არც წინ, არც უკან.

დადუმდა მთხრობელი. დუმდა ლომთათაც. ვეღარ ბედავდა შეკითხვას. მაგრამ არ დახანებულა სიჩუმე:

- მე ვიცი, წასვლას აპირებდა მტერი, გამარჯვების იმედი დაჰკარგა, ჩვენი მოჩვენებითი მარქაფების შიშიც ჰქონდა. მაგრამ ამ დროს მოხდა ის ღალატი, რომელმაც გადაწყვიტა ბრძოლის ბედი, ვგონებ, მთელი საქართველოს ბედიც, - უფრო ყრუდ დაატანა სიტყვა მთხრობელმა.

- რომელი ღალატი?! - შესწყრა ლომთათა.

- მაშინ გააპარეს ნარიყალადან აღა-მაჰმად-ხანის ელჩი. მან, რა თქმა უნდა, ყველაფერი აუწყა გაქცეულ ხოჯას.

მოხუცი ლომთათა მიხვდა, თუ რა იყო ეს “ყველაფერი”: შინამტრები და მოშურნენი, მეფის გაურჩებული შვილები, ქართველთ კარის დიდი ზარალი, სრული უმარქაფობა, ტფილისის დრტვინვა, მოხუცი მეფის შეუძლოდ ყოფნა. კიდევ, სხვა ათასი ძირგამომთხრელი აუგი და ვერაგობა.

- ვინ? ვინ ჩაიდინა ეს ბოროტება? - კბილის ღრჭიალით შეეკითხა ბრმა და გუმანში იჭვის თვალით ჩაათვალიერა მათი უცნაური საუბარი.

- ქვეყნის ორგულებმა! - იყო მიფადილებული პასუხი.

- მერმე ერეკლემ რა თქვა?

- რას იტყოდა… თუ მე მიმტრობდნენ - მამულს რაღას ემართლებოდნენო?!

- მაშ, შემობრუნდა მტერი… გული მოეცა?!

- სამხრეთიდან შემოვლის საშიშროება იყო, ამიტომ მეწინავედ იოანე წარიგზავნა.

- იოანე ბატონიშვილი?

- დიახ… ხოლო დავითი ზარბაზნებით ტაბახმელა-სოლოლაკის გზაჯვარედინზე ჩადგა.

- იქ იყო ჩემი ბატატაცა… - ყრუდ ჩაურთო სიტყვა ლომთათამ და უმალ ენა მოიკვნიტა, შერცხვა თავის დარდის სულწასულობისა. - მეფე-ბატონი სადღა იყო? - ბოღმიანად შეეკითხა.

- ყველგან… უფრო კი შუაგულში. სეიდაბადის მაღლობებზე.

- შენც იქ იყავი? - უნებურად ისევ შეეკითხა ბრმა, მაგრამ მის მოსაუბრეს ან ყურს აკლდა, ან კრწანისის ბრძოლის მოგონებით თავწასულს სულ არ ესმოდა მისი საუბარი. იგი თითქოს უხილავი მსაჯულის წინაშე განაგრძობდა თავის შეშფოთებულ ჩვენებას.

- მარცხნივ მუხრან-ბატონი იდგა, მარჯვნივ იმერლებით - ზურაბ წერეთელი. მედგრობდა ჯარი, მაგრამ დაღლა და დანაკლისი მძიმე ტვირთად აწვა ყველას, აუტანელ ტვირთად. დილიდანვე თოთხმეტ წყებად წამოვიდა მტერი. ამ წყებებს კი უკან ხუთი-ექვსი ათასი თურქმენი სეფა-ჩაფარი ედგა. ჩვენი ერთი მუჭა ჯარი და საქმე განწირული იყო. აქ მარტო თავგანწი რვითა და ხერხით ვეღარას გავხდებოდით. ფარდი ძალა იყო საჭირო. ვაგლახ, მოყვარე ვერ მოყვრობდა, მტერი კი აღარ გვიანობდა.

იოანე თავის მეწინავენით მხნედ შეეგება მტერს, ხუთიოდ წყება უკუაქცია, მაგრამ ახალ-ახალი წყებები ტალღებად მოდიოდნენ და სძალავდნენ მცირე დამხდურთ. ახლა ბატონიშვილი ვახტანგ ჩაება ბრძოლაში. დროზე მიეშველა მეწინავეთ და ჯგუფ-ჯგუფად ჩახლართული ბრძოლა ისევ გაამთლიანა და შეადუღა. კიდევ რომ გაჭირდა ბრძოლა, ახლა ყველანი მივედით შუაში.

- თავად მეფეც? - მეფის ბედი აწუხებდა ლომთათას, მაგრამ მთხრობელი თავისას განაგრძობდა.

- მე ასზე მეტი ბრძოლა გადამიტანია, მაგრამ ეს ყველაზე უფრო ცხარე ბრძოლა იყო.

- ასზე მეტი?! - გაიოცა ძველმა მებრძოლმა.

- სპარსელები ბრუნავდნენ ჩვენსა და თურქმენებს შორის. უკანდამდრკალნი ისევ გამობრუნდებოდნენ და იყო ჩეხვა უმოწყალო. ბოლოს რჩეულებსაც შევხვდით. სეფე- ჩაფრებიც ჩამოდგნენ შუბთა ძგერაში. ქველობით ვჯობდით, მაგრამ სიმრავლით გვაჩანაგებდნენ. ბრძოლაში ვიმარჯვებდით და ჯარს კი არ ვკარგავდით. ილეოდა ჩვენი გამარჯვებაც… ერთ წუთს მხარშემოვლილი აღმოვჩნდით. შუაგულშიაც გატყდა ჩვენი ძირა სანგარი… და სწორედ მაშინ გაისმა…

მთხრობელი შედგა. თითქოს სუნთქვა შეეკრა და ხმელი ხველა აუვარდა. შეშფოთდა ლომთათა.

- რა გაისმა? რა?!

მთხრობელმა ხველება ჩაიხშო, განაგრძო მოყოლა, მაგრამ უკვე დავარდნილ, ხიწვშერეულ კილოთი. რაღაც ჩაუწყდა თითქოს.

- ეს იყო ჩვენი უკანასკნელი გამარჯვება. შორიდან მოისმა ხმა ბარბითისა, მას ზურნა და ფანდურ-ჭიანური მოჰყვა. ასეთი არაფერი მსმენოდა. ცხენზე შემოვბრუნდი და ტფილის-ქალაქს გავხედე. მეტეხი ჰქუხდა. ყოშაყალა ჰქუხდა. კრწანისის ველზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გიზგიზებდა, ტფილისიდან მომავალ გზაზე კი მოქალაქეთა დიდი ჯგუფი მოდიოდა, დაფა-ზურნით, ამქრის დროშა-ხატებით, ცეკვა-თამაშით, ბერიკა-ჯამბაზებად და მუშაითებად მორთული. თითქოს რაღაც დღესასწაულს ზეიმობდნენ. ერთ წამს გაშეშდა ყველა - მტერიც და მოყვარეც. გაოცებამ დაჰფარა ბრძოლის ზათქი. ახლაც მახსოვს, რაღაც საოცარ კილოს უკრავდნენ. ვგონებ - შადიანსა. ვიცან მაჩაბლის კილო - დიდ ნუგეშად მომეფინა, ჯარსაც ცეცხლად მოეკიდა.

- ვაცხონე მისი მარჯვენა! - წამოიძახა ლომთათამ და მის “შავვეთშიც” თითქოს ცეცხლმა იელვა.

- აღფრთოვანდა ჯარი, კვლავ შეუტია მოძალადეს. ჩემი თვალით ვნახე - მძიმე დაჭრილებიც წამოდგნენ. ეს კილო მკვდარსაც გააღვიძებდა სწორედ! შეიქნა არნახული ჩეხვა. სულ შადიანის ხმაზე ზარავდა თოფ-ზარბაზანი, ჩხრიალებდა აბჯარ-ჩაჩქანი, ხმიანობდა კაცი და ცხენი. მალე მოქალაქენიც წამოგვეშველნენ, ახლა იარაღი იშიშვლეს და კრწანისის მთელ სიგრძეზე დატრიალდა ახალი, თითქოს პირველი ბრძოლა. აღა-მაჰმადის დროშებს კვლავ მივატანეთ. შავნაბადას კალთაზე შევიჭერ… კრწანისს რომ გადმოვხედე - ფუტკრის აშლილი ბუდე მეგონა… ეს იყო ჩვენი უკანასკნელი გამარჯვება!

- უკანასკნელი? - ბრმამ ქურდულად მოიწმინდა აცრემლებული თვალი. იგი უკვე დიდი ხანია ფეხზე იდგა და მის გულმკერდს ღელვა დაუფლებოდა. შიშით და კრძალვით ელოდა უკანასკნელ, ულმობელ სიტყვას.

- ჩვენი შიში გამართლდა, ზურგიდან დაგვიარეს. გამოჩნდნენ გზის მცოდნენიც, ერთნი - ტაბახმელას გზაზე - დიდი რაზმით დავითს დაესხნენ თავზე… მაგრამ ვერას გახდნენ. მეორენი - ყოშაყალას უტევდნენ ამაოდ, მესამენი კი ლეღვის ხევს ჩაჰყვნენ და დაბაღების ხევით ჩვენსა და ტფილისის კარიბჭის შორის მოექცნენ. შებრუნდა ბრძოლა.

… თითქოს ხმაც შეუბრუნდა მთხრობელს. ახლა ხველებაც წამოაწვა… ბებრული, მოკლე და ხშირი ხველება.

- ირგვლივ ბრძოლა დატრიალდა… მერმე დანაწილ-დაქუცმაცდა. მრავალი კალო მინახავს ალაზნის ველზე. ახლომახლოში ლეწავდნენ ლეკების შიშით, მაგრამ ეს ჩემს ბავშვობაში იყო… ჰოი, რამდენ დროს გაუვლია?! რამდენი კალო გალეწილა?!

ხმა სულ მიუწყდა მთხრობელს. ვგონებ, სხვაგან გაუსხლტა ფიქრიც.

- მერე იგი სად იყო… იგი? მოხუცი მეფე?

- მეფის რაზმიც ჩავარდა რკალში, - მეტი ხმა ვეღარ ამოიბრუნა მთხრობელმა, ნერწყვი გადაუცდა სასულეში.

- ჰოი დედასა! მერმე!.. - და რომ ვეღარ მიიღო პასუხი, ხელით შეეხო მთხრობელს. გულის პირს მოხვდა ბრმა ხელი. ლბილი შალ-აბრეშუმი და სათუთი ბეწვის ქობა იგრძნო. გაუკვირდა, მაგრამ აზრი და გუმანი სხვაგან ჰქონდა.

- ასე ამბობენ, ვახტანგ და იოანე ბატონიშვილებმა იმარჯვესო, გზა გაუკაფავთ და მეფესთან შეერთებულან!

- მართალია! - ყრუდ დაემოწმა უცნობი და ლომთათას ხელი მოიშორა.

- ამასაც ამბობენ, არაგველებს უსახელებიათ თავი, ყველას თავი დაუდვია, ხოლო ბრძოლაში მოღლილი მოხუცი მეფე უვნებლად გამოუყვანიათო.

- ეგეც მართალია, - უფრო ყრუდ დაადასტურა მჭმუნვარემ. - ბარემ აქ დარჩენა ერჩია. რა პირით მიდიოდა? რა პირით?

- ასეთი რამ როგორ ითქმის?! - იწყინა ერეკლეს ძველმა მებრძოლმა. მკერდში მოიზიდა და მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ მისი მოსაუბრე მცირე ტანის კაცი ყოფილა, მაგრამ რა დროს ეგ არის გაწყრა ლომთათა. - მე სამი შვილი დავკარგე აქ… სიტყვა მეთქმის. უნდა გამოსულიყო, მაშა! ერეკლეს ძვირს არავის ვათქმევინებ! ვინც არ უნდა იყოს! - უფრო მჭახედ დასძინა, რადგან შეჭედილი ხმალ-ხანჯალი და სათუთბეწვიანი ქობა მოაგონდა. - შენ ნუ აუგობ… ამბავი მოყევ გირჩევნია!

- რაღა მოვყვე. გათავდა ამბავი: ტფილისის კართან დარჩენილებმა ერთი კიდევ ვცადეთ შემობრუნება… და უმრავლესობა იქვე ბჭესთან ჩაწვა. იქ ჩაწვა შენი ხუტა-ბიჭიც. სხვას მისცა გზა და თვითონ დარჩა. უბედურ მეფესაც მან გაუკაფა სავალი…

- შვილო, ხუტა! - ჩაიკვნესა მოხუცმა.

- მე აქაც გადავრჩი, რაღაც წყევლა მსდევდა. სიკვდილს ვეძებდი და ვერ ვპოვე… ვეძებდი და ვერ ვპოვე! არ იყო სიკვდილი! არ იყო! - ხმა ამოუთავდა მთხრობელს.

მძიმე, ხანგრძლივი კრწანისის სიჩუმე ჩამოვარდა.

ქარმა ისევ სიონის გლოვის ზარის ხმა გადაავლო კრწანისს. უეცრივ გახევდა ლომთათა. ელდა ეცა. თითქოს სულ სხვა ხმა მოესმა. ნაცნობი ხმა და ლოცვა მისწვდა მის ყურთასმენას და ძველებურად გული აუჩქროლა.

- ღმერთო, მშვიდობით მოგვაბრუნებდე და მშვიდობით დაგვახვედრებდე! - წყნარი, სასოებით აღსავსე ხმით აღმოთქვა უცნობმა.

- დიდება შენდა! - ხელები შეჰყარა ბრმამ და ნელა წინ წარზიდა. მაგრამ მოსაუბრეს ვეღარ შეახო იქ აღარ იყო. შესჩქვიფდა ბრმა, “ნუთუ წავიდა?!” - გაიფიქრა და სმენად იქცა. “არა, აქ არის!” ქვემოდან, შემძიმებული, ბერიკაცული სუნთქვა მოესმა. ცხადია, უცნობი მუხლმორთხმული ლოცულობდა.

ლომთათამ მკლავები დაჰხარა და უცნობს გულ-მკერდზე სასოებით ჩაუყოლა შეძრული ხელი.

ხშირი, ოდესღაც ჰინანახმარი, მოგრძო წვერი მოებორკა. უმალ ჩაიჩოქა, უფრო სასოებით ქვემოთ ჩააყოლა თითები, მლოცველის ხელი დაიჭირა და ზედ შუა თითზე ემთხვია. იქ ბეჭედი ეგულებოდა. ძველთა-ძველი დიდი ბეჭედი. ზედ პატრონის სახელი იყო ქარაგმულად ამოტვიფრული და კიდევ ყალყზე შემდგარი ორი ლომი. ახლაც ტუჩებზე სალბუნად იგრძნო ძველი სურნელი და თითქოს მისი ვაჟკაცური წარსული შემობრუნდა და თვალახილულს ისევ წინ წარმოუდგა.

იგი უფრო ქვევით დაიხარა, ხმალ-ხანჯალზე ემთხვია მრავალგზის მერმე კრწანისის მიწას შეახო ბაგე და მხოლოდ მაშინ შეჰკადრა სიტყვა:

- გამოდის, ჩემმა შვილებმა აჯობეს შენსას?

- აკი გითხარი, ბედნიერი ხარ-მეთქი! - ახლა ისევ სიონის ზარივით გაბზარული ხმა ჰქონდა მლოცველს.

ლომთათამ იგრძნო, რომ საჭიროა ნუგეშისცემა… რომ აქ ის კი არ არის ჭირისუფალი, არამედ მისი მეინახე… და მისი გლოვა ლომთათისაზე ათასწილად უდიდესი და უმძიმესია. იგრძნო ეს ბრმამ, ხელი მოიბრუნა, ხელადა მონახა. ხელმარცხად მოუვიდა, დაუგორდა ხელადა, ქვას მიეხალა, გატყდა, დაიღვარა სასმელი.

- შეინდოს ჩვენი მიცვალებულნი! - ძლივს ალუღლუღდა ლომთათა. ახლა სანთელი მოსინჯა. იქვე ქვაზე ცრემლად ჩამოღვენთილიყო და ჩამქრალიყო სანთელი.

გული დაიოკა. სმენად იქცა. შორიახლოს ისევ იმ გაუპოხავი და ფერსოდაძრული ურმის ჭრიალი მოესმა.

უეცრივ ისევ მხედრების ხმა დაირხა გზაზე. ახლა მიხვდა ლომთათა, რომ აქ სადღაც შორიახლოს ამალა ელოდა დიდ ჭირისუფალს, მაგრამ არც იგი და არც მისი თანამეინახე ცოცხლებს აღარ უსმენდნენ, არამედ უსმენდნენ იმ მხედრებს, რომლებმაც უკანასკნელად გადააგელვეს თავისი ტაიჭები კრწანისის ველზე. უკანასკნელად დააქუხეს თავისი თოფ-ზარბაზნები, უკანასკნელად იშიშვლეს ხმლები და დაეცნენ… და რომლებიც აღარ ადგებიან, ვით არ ადგება დაცემული კაცის ჩრდილი.

მჭმუნვარე მოხუცები გარდასულ ჩრდილებს ხედავდნენ და უსმენდნენ.

წლისთავზე, მწუხრის ჟამს, კრწანისის ველზე მუხლმორთხმით და ხელმოხვევით იდგა ორი ადამიანი, ორი მოხუცი. ერთი ვეება ტანისა და ორთავ თვალით ბრმა, მეორე კი მცირე ტანისა, მაგრამ შორსმჭვრეტელი და მით უფრო უბედური… და, იქნებ, მხოლოდ მის მახვილ ყურს ესმოდა ტფილისის მხრიდან, სიონის ზარის გარდა, ჩრდილო ქარს მოჰქონდა შორეული, მაგრამ რიხგაბმული ბარაბანის ხმა.

მეფე დუმდა, ხოლო ირგვლივ გამეფებულიყო კრწანისის სევდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ