ქუხილი, ელვა და მეხი ზაფხულის მოვლენებია და წელიწადის სხვა დროს იშვიათად ვხედავთ. მათი მიზეზი ელექტრონული ძალაა.
რაში მდგომარეობს ეს ძალა და როგორ აჩენს ელვას, ქუხილს და მეხს?.
ორი ხე რომ ერთმანეთს დიდ ხანს ძლიერად ვუხახუნოთ, სითბოს გავაჩენთ. თუ კი სხვადასხვაგვარი საგნები ავიღეთ, მაგალითად, მაუდის ნაჭერი და ტყავი და ერთმანეთს მაგრად გავუსვ-გამოვუსვით, შევამჩნევთ, რომ ეს საგნები არა მხოლოდ გახურდება, არამედ ტყავი დიდი მიზიდულობის ძალით მიიტაცებს და მიიკრავს ქაღალდის პატარა ნაჭრებს და კიდევ სხვა პატარა საგნებს.
თბილ ოთახში რომ სანთელი ჩავაქროთ, ძლიერად ნახეხი ტყავი ერთ ხელში გვეჭიროს და მეორე ხელის თითი ტყავს მივუახლოვოთ, ნახეხი ტყავისგან ნაპერწკალი გამოვარდება და ხელზე სუსტად დაიტკაცუნებს. ძველმა ბერძნებმა ამგვარი ძალა მხოლოდ ქარვაში შეამჩნიეს, რომელსაც ბერძნულად ელექტრონი ჰქვია, რის გამოც მეცნიერებმა ამ ძალას ელექტროობა დაარქვეს.
წინათ ეგონათ, ეს ძალა მხოლოდ ქარვაში არისო, მაგრამ ახლა მეტ-ნაკლებად ყველა საგანში აღმოაჩინეს: ტყავში, ნავთში, მიწაში, მცენარეში, პირუტყვში და ადამიანში.
მაგალითად, ეს ძალა ძლიერ ბევრია მოგროვილი კატაში. კატას რომ სიბნელეში ბეწვზე ხელი გადაუსვათ, ტკაცა-ტკუცს გაიგონებთ და პატარ-პატარა ნაპერწკლებიც გამოჩნდება. აი ეს ნაპერწკალი არის ელექტროობა.
ზოგიერთ საგნებში ელექტროობა სწრაფად და ადვილად გაივლის ხოლმე, მაგალითად, რკინაში; მინა კი ცუდი გამტარია. ამიტომ, თუ ელექტროობის დიდ ნაპერწკალს მინა დაუხვდა, არ გაატარებს, ნაპერწკლის ძალა გატეხს მინას და ისე გავა.
რადგანაც ელექტროობა რკინის მავთულში ერთს წამს გაირბენს ხოლმე, ამიტომ მოიგონეს ტელეგრაფი; შეაგროვებენ ელექტროობას, გაუშვებენ მავთულში, და ერთს წამში ათას ვერსს გაირბენს, დაწერს ქაღალდზე ერთგვარ საგულისხმო ნიშნებს და ამ სახით აცნობებს, რაც საჭიროა.
სწორედ ეს ელექტრონული ძალა აჩენს ცაში ელვას, ქუხილს და მეხს. მაგრამ ელექტროობა თავად სუფთა ჰაერში არ ურევია. მაშ ცაში საიდან ჩნდება ხოლმე? აი საიდან: დედამიწაზე ეს ძალა ბევრია და ძირითადად მაღლობების წვეროებზე გროვდება: მთების წვერებზე, საყდრების გუმბათებზე, კოშკების ან ციხეების თავზე და სხვა.
ამ წვეროკინებთან ჰაერის ორთქლს შეხება აქვს, ამიტომ აქედან ორთქლში ადის ელექტრონული ძალა და ორთქლიდან კიდევ უფრო მაღლა მყოფ ღრუბლებში ვრცელდება. ელექტროობა ყველა ღრუბელშია, მაგრამ უხილავია. როცა ზაფხულის ცხელ დღეს ცაში ღრუბლები აირევა, ელექტროობა მხოლოდ მაშინ იჩენს ხოლმე თავს. ღრუბლები ამ დროს ერთმანეთს ეხლება, ეხახუნება და ამიტომ ჩნდება ხოლმე ელექტროობის ნაპერწკლები; რამდენიმე ნაპერწკალი შეერთდება და ერთი ღრუბლიდან მეორე ღრუბლისკენ მიემართება და ანათებს. ამას ვეძახით ჩვენ ელვას.
მაგრამ ხანდახან ელექტროობის დიდი ნაპერწკალი მიწისკენ დაეშვება ხოლმე და საშინელი ძალით ეცემა; რასაც მოხვდება, ვერაფერი უძლებს, ყველაფერს ამსხვრევს: შენობას არღვევს, ხეებს შუაზე აპობს, ცხოველებსა და ადამიანს ერთს წამში კლავს. თუ ძირს წყლიანი ან ნოტიო მიწა დახვდა, დედამიწის პირზე გაჩერდება და, თუ ქვიშიანი ადგილი, - მაშინ ქვიშას საშინელი ძალით გათხრის, გააპობს და ღრმად წავა მიწაში, ვიდრე ნოტიო ადგილამდე არ მიაღწევს.
აი ამას ვეძახით ჩვენ მეხს. მაშასადამე, მეხი ელექტროობის დიდი ნაპერწკალი ყოფილა. უბრალო ხალხს კი რომ კითხო, გეტყვის, მეხი დიდი ქვა არის და ზეციდან ვარდებაო. ხალხს ის ატყუებს, რომ ელექტროობით გამდნარი ქვიშა, როცა ცივდება, გრძელ ქვებად იქცევა და ეს ჰგონიათ იმათ მეხი.
როცა კაცი მათრახს ან ჯოხს ჰაერში ჩქარა იქნევს, მაშინ ჰაერი ინძრევა და ხმა ისმის. როცა ელექტროობის ნაპერწკალი ერთი ღრუბლიდან მეორე ღრუბლისკენ მირბის, ან მიწისკენ დაეშვება, მაშინ საშინელი ძალითა და სიჩქარით არღვევს ჰაერს, ჰაერი მოძრაობაში მოდის და გრიალი გააქვს. ამას ვეძახით ჩვენ ჭექა-ქუხილს.
რაც უფრო დიდია ნაპერწკალი, იმდენად უფრო ძლიერია ქუხილის ხმა.
ელვა და ქუხილი ერთს დროს ჩნდება, მაგრამ რადგანაც სინათლე ხმაზე უფრო ჩქარია, ამიტომ ჯერ ელვას ვხედავთ, მერე ქუხილი გვესმის. თუ ელექტრონული ძალა ჩვენთან ძალიან ახლოსაა, ელვის დანახვა და ჭექის გაგონება თითქმის ერთს დროს ხდება. რაც უფრო შორს არის, იმდენად უფრო ბევრი ხანი გადის ელვის დანახვასა და ქუხილის გაგონებას შორის.
ქუხილის დროს ადამიანი უნდა ერიდოს იმ საგნებს, რომელშიც ელექტროობა ადვილად გაივლის. ზევიდან რომ ელვა მიწისაკენ დაეშვება, ამ გვარს საგნებს ეტანება, რათა უფრო ადვილად ჩაეშვას მიწაში.
ამიტომ ჭექა-ქუხილის დროს ადამიანი არ უნდა მიუახლოვდეს: საყდრის სამრეკლოს, სადაც რკინის ზარები ჰკიდია, რკინის ღუმელს და დიდ სარკეს, თუ სარკე რკინის ჩარჩოში ზის. ელექტროობის კარგი გამტარია ცეცხლის ბოლიც, ამიტომ ქუხილის დროს ბუხარში ცეცხლის ჩაქრობა კარგია, რომ ბოლმა ელვა არ მიიზიდოს და სახლში არ ჩავარდეს. ყოველ შემთხვევაში ამისთანა ავდრის დროს, შუა ოთახში დგომა უფრო უხიფათოა, იმიტომ რომ, თუ ელვა სახლს დაეცა, ან ბუხარში ჩავარდება, ან კედელს მიწაში ჩაჰყვება; ოთახის შუა ჭერს არასდროს არ დაეცემა.
როცა სოფლის მცხოვრებთ ელვა-ქუხილი მინდორში მოასწრებს, ისინი დიდ ხეებს ან ძველ საყდრებს და კოშკებს შეეფარებიან ხოლმე. ეს ძლიერ ცუდი და უგუნური ჩვეულებაა, იმიტომ რომ, თუ ახლო-მახლო სადმე ელვა გაჩნდა, მაღალ ადგილებს მიეტანება და იქ მდგომარე კაცს მაშინვე სულს გააფრთხობინებს. სწორ და უხეო მინდორში ყოფნა ამ დროს საშიშია; იმიტომ რომ, მდგომარე კაცი აქ ყველა საგანზე უფრო მაღალია, უფრო ახლოა ღრუბლებთან, და, თუ ახლო-მახლო ელვა გაჩნდა და მიწისკენ მეხი წამოვიდა, ადამიანს დაეცემა, მოჰკლავს და მერე მიწაში ღრმად წავა.
ყველას ის სჯობს, რომ ადამიანმა ჭექა-ქუხილის გადავლას მაღალი ხის მახლობლად დაუცადოს, თავად კი ხის ძირში არ უნდა მივიდეს; რვა ან ათი მეტრის მოშორებით უნდა დადგეს. თუ ამ დროს ელვა მახლობლად გაჩნდა, ამ მაღალ ხეს დაეცემა და შიგ გაივლის; ადამიანს კი არაფერს ავნებს, რადგან მოშორებით იდგება.