მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1931 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რად გვიყვარს ყველას მერცხალი?

 

მერცხალი თითქმის შინაური ფრინველია. მუდამ ჩვენს გარშემო ტრიალებს, ჩვენს გვერდით სცხოვრობს, ჩვენს სახლებში აკეთებს ბუდესა და ჩვენს თვალ-წინა ზრდის შვილებს. რატომ გვეტანება? იმიტომ, რომ იცის, ადამიანს მოვწონვარ, ვუყვარვარ, შემხარის და ჩემთვის ცუდს არას დროს არ მოინდომებსო. პირიქით, თუ გარეულმა ონავარმა ფრინველმა ჩემი ბარტყების დატაცება მოინდომა, ადამიანი ნებას არ მისცემს და კუდით ქვას ასროლინებსო.

სწორედ ასეც არის. მერცხალი სტუმარია ჩვენი, მაგრამ ყოველთვის სანატრელი, ყოველთვის სასიამოვნო. სხვა სტუმარი, ქართული ანდაზით, პირველ დღეს ოქროა, მეორე დღეს ვერცხლი, მესამე დღეს სპილენძი, მერცხალი კი სულ მუდამ ოქროა ჩვენთვის. მისი დანახვით ვსიამოვნობთ, მარდი და ლამაზი ფრენით ვერთობით, ჭიკჭიკით ვტკბებით. მის მოსვლას უცხოეთიდან აღტაცებაში მოვყევართ, რადგანაც ეს არის ნიშანი სანატრელი გაზაფხულის მოახლოვებისა, დადგომისა. მერცხალი ჩვენთვის არის წყარო დიდი სიამოვნებისა და ჩვენ გვიყვარს და კარგს მეგობრობას ვუწევთ.

ამ სიყვარულს ისიც აძლიერებს, რომ მერცხალი იოტის ოდენა ზარალს არ გვაყენებს; არც მარცვალს ჭამს და არც ბალს გვიკენკავს. ის სცხოვრობს, იკვებება რაღაცა სხვა რამით; მაგრამ უბრალო კაცმა სრულიადაც არ იცის, თუ რა არის ეს უჩინარი საჭმელი მერცხლისა. მე ეხლავე აგიხსნით ამას, და მაშინ კიდევ უფრო მომეტებულად შეიყვარებთ ჩვენს ჭიკჭიკა მეგობარს.

 

რა სიკეთეს უძღვნის მერცხალი მოსავალს?

 

არიან ერთგვარი მწერები, რომლებიც ადამიანს დიდს უსიამოვნებას აყენებენ, საშინლად აბეზრებენ, სტანჯავენ. რომელნი არიან ესენი? ესენი არიან ჩვენი კარგი ნაცნობები: ბუზები, კოღოები, ქინქლები. ამათ გაბეზრებული ჰყავთ არა მარტო ადამიანები, არამედ შინაური საქონელიც. კიდევ უფრო უარესს იქმოდნენ, რომ ამ მწერებს არა ჰყავდეთ დაუძინარი და მოუღალავი მტერი. ეს მტერი არის ჩვენი ჭიკჭიკა ფრინველი, ჩვენი საყვარელი მერცხალი.

მერცხალი დილის გარიჟრაჟიდან საღამოს ჟამამდინ დაუღალავად დანადირობს ბუზებზე, კოღოებზე, ქინქლებზე და სხვა ამ გვარ მწერებზედ. როცა მერცხალი დაფრინავს, ხშირად გაუხვ-გამოუხვევს ხოლმე, ხან ზევით ასრიალდება, ხან ქვევით ჩამოვა, თითქო რაღაცას ეთამაშებაო. მაგრამ ეს თამაში არ არის. მერცხალი ამ დროს იჭერს ჰაერში მყოფს უჩინარს პატარა მწერებს და ჰყლაპავს. მართალია, ჩვენი ჭიკჭიკა უნისკარტებს პატარა პეპლებსაც, მფრინავ ჭიებსაც და სხვებს, მაგრამ მაინც დევნა და ჟლეტა ზემოდ მოხსენებული გამაბეზრებელი მწერებისა პირველი საქმეა მისი.

თუ ცხელი დღეა და ჰაერი ხმელი, მაშინ მერცხალი მაღლა ჰაერში დაჰქროლავს; რისთვის? იმისთვის, რომ ამ დროს პატარა ბუზები, კოღოები და ქინქლები მაღლა არიან ასულნი და იქ თამაშობენ. ხან აქედან გაუქროლებს მერცხალი მოთამაშე მწერებს, ხან იქიდან. იჭერს თავის პატარა ნისკარტით და გზავნის ჩინჩახვში. მაგრამ აი ცა მოიღრუბლა, ჰაერში დატრიალდა სინესტე; კოღოებს, ბუზებს და ქინქლებს ფრთები სინესტისაგან დაუმძიმდათ და დაბლა დაეშვნენ. მერცხლებიც ძირს ჩამოჰყვნენ და ახლა მიწის პირად ნადირობენ. ეს ავდრის ნიშანია, ამბობს გლეხი და არცა სტყუვდება.

მწერებს შორის არის ერთგვარი პაწია ბუზი, რომელიც ხშირად ღუპავს პურისა და დიკის მოსავალს. თვითონ ეს ბუზი უვნებელია; მაგრამ თავის კვერცხებს სდებს პურის ღეროში თავთავის მოსხმის დროს და ამ კვერცხებიდან გამოდიან მატლები, რომელნიც გულს უჭამენ ნედლს მარცვალს და აფშუტებენ. ამ მავნე ბუზების პირველი მტერი არის მერცხალი. ეს თვალს ადევნებს ყანებს თავთავის მოსხმის დროს და, შეამჩნევს თუ არა, რომ ბუზების გუნდი მოფრინდა ყანაში კვერცხების დასადებად, ერთნაირად დაიჭყივლებს, შეატყობინებს ამ ამბავს სხვა მერცხლებს, და ესენიც მიაშურებენ ყანისაკენ. დაერევიან ბუზებს, უნისკარტებენ, იჭერენ, ჟლეტენ, სჭამენ. არ დაითვლება, რამდენს სიკეთეს უშვრება მხვნელ-მთესველს მერცხალი ამ ბუზების გამუსვრით.

ასეთი სასარგებლოა მერცხალი კაცისათვის. ხოლო რამდენად სასიამოვნოა, ეს წინედ დავინახეთ. ამიტომ თქვენ უთუოდ გესიამოვნებათ, თუ მერცხალს სხვა მხრივაც გაგაცნობთ.

 

მერცხლების მოგზაურობა და ბარტყების ჩეკა

 

დადგება ენკენისთვე, და მერცხლები სამხრეთისაკენ თბილს ქვეყნებში წასასვლელად ემზადებიან. ეთხოვებიან თავანთ ბუდეებს, გარს უვლიან, ერთად იკრიბებიან და მერმე გუნდ-გუნდად გაუდგებიან ხოლმე გზას. რადა გვტოვებენ ასე ადრე? ნუთუ აგრილების გამო? არა, სიგრილისა მერცხლებს აგრე რიგად არ ეშინიათ. საქმე ის არის, რომ შემოდგომის ცივი ღამეები ჟლეტს მწერებს, და ამის გამო მერცხლებს საზრდო ელევათ. მერცხალი შემოდგომაზედაც ჩვენთან დარჩებოდა, რომ მარცვლეულობის და ხილეულობის ჭამა შეეძლოს; მაგრამ ამ საჭმლის ატანა სრულიადაც არ შეუძლიან. ერთად ერთი მისი საზრდო მწერები არიან, და ესენი კი შემოდგომის პირშივე თითქმის მთლად ჰქრებიან. მერცხალი უსაჭმლოდ რჩება და ეშურება თბილ ქვეყნებისაკენ, სადაც მრავალი მწერია ამ დროს, ზამთარი არ იცის და მუდამ ზაფხულია.

მაგრამ, მოახლოვდება თუ არა ჩვენში გაზაფხული, მერცხლები ალღოთი იგრძნობენ ამას და მოეშურებიან საქართველოსაკენ. მოვლენ და მაშინვე შეუდგებიან ბუდის კეთებას. ყველანი მხიარულად არიან, მხოლოდ ზოგი მამალი მეტად დაღონებულია. რა მიზეზია? მათი დედალი მეგობრები არსადა სჩანან, არ მოჰყოლიან ამ გუნდს და სამწუხაროდ არც შემდეგში მოვლენ.

ერთი დედალი მერცხალი ბოროტმა კაცმა გუნდის მოგზაურობის დროს მოჰკლა და შეახრამუნა, მეორე დაიჭირა ქორმა, როცა საშინლად დაღალული ამხანაგებთან იჯდა დასასვენებლად, მესამე წააწყდა ღამით ტელეგრაფის მავთულს და სული განუტევა, მეოთხე დააბროწიალა ქარიშხალმა, როცა ზღვაზე მოფრინავდა სხვა მერცხლებთან, და ძალა გამოულია, დაქანცული წყალში ჩავარდა და დაიხრჩო. მაგრამ ამ სახით დაიჟლიტნენ არა მარტო დედლები, არამედ მამლებიც. ამიტომ ერთი გუნდის მომეტებული მამლები გადავიდნენ მეორე გუნდის მომეტებულ დედლებთან, გაიცნეს, დაუახლოვდნენ, დაუმეგობრდნენ, შეადგინეს წყვილი და შეუდგნენ ბუდის განახლებას, ან ახალის გაკეთებას. დასდო დედალმა კვერცხები და შეუდგა ჩეკას.

გავა ორი კვირა ჩეკაში, და შიგ კვერცხების გულიდან მოისმის რაღაც რაკუნი, თითქო პაწია ჩაქუჩებს უჩაკუნებენ შიგნიდანაო. ეს რა ამბავია? ბარტყები ნისკარტს სცემენ ნაჭუჭს, რომ გამოამტვრიონ და გამოვიდნენ გარეთ. აი ერთმა გატეხა ნაჭუჭი და გამოძვრა ბუდეში. მას მოჰყვა მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე. მაგრამ მეშვიდე კი ტყუილად აკაკუნებს შიგნიდან, ვერ გამოტეხა და ვერა ნაჭუჭი. ეტყობოდა, ნაჭუჭი ამ კვერცხისა უფრო სქელი ყოფილა, და სუსტი ნისკარტით ვერ მოჰრევია მას.

მაშინ დედა მერცხალი სცემს გარედან თავის ნისკარტს კვერცხს, სცემს და გამოჰყავს გარეთ ბუდეში მეშვიდე ბარტყიც. ბარტყები ამ დროს არიან ტიტვლები, უბუმბულონი, ბრმები, უძლურნი, ვეებერთელა უშნო თავები ასხიათ, პირი აქვთ განიერი, ყბები ყვითელ-ფერა. დედ-მამას კი ესენი ძალიან ლამაზებად მიაჩნიათ, მათ დაბადებას შეჰხარის და მათს კვებაში ატარებს მთელს დღეს.

ბარტყები გაუმაძღარნი არიან, წამდა-უწუმ აღებენ პირს და ითხოვენ საჭმელს. დედ-მამაც ეხლა ერთი ხუთად მეტს ირჯება, დაქროლავს გარშემო და მოარბენინებს საჭმელს შვილებისათვის. სამი კვირის შემდეგ რომ ბუდეში ჩაიხედოთ, საშინლად გაოცდებით. თქვენ ნახავთ შიგ დაზრდილ პატარა მერცხლებს, ლამაზებს და შნოიანებს. რომ დაუქშიოთ და დააფრთხოთ, ერთი მეორის შემდეგ ბუდიდან ამოფრინდებიან და იწყებენ ფრენას.

უნებლიედ ეკითხებით თავს: ნუთუ ესენი არიან ის ტიტველა, წითელ-კანა, უშნო და მახინჯი ღლაპები, რომელთაც ჩვენ ვხედავდით სამის კვირის წინედ ბუდეში? ნუთუ ასე მალე მოასწრეს დაზრდა და შეიმოსნენ ხშირი და ფაფუკი ბუმბულითა და ფრთებით? დიაღ, ამაში ეჭვი არ არის. ახლა თქვენ იანგარიშეთ, რამდენი საჭმელი უნდა შეეჭამათ ამ ბარტყებსა, რომ კაკლის ოდენა მახინჯები გარდაქცეულიყვნენ შნოიან მერცხლებად. მოიგონეთ, რომ ეს საჭმელი შესდგება პაწია ბუზებისაგან, კოღოებისა და ქინქლებისაგან, რომელნიც თვალით ძლივსა სჩანან, დაფიქრდით ამაზე და იანგარიშეთ, რა აუარებელი რიცხვი ამ წვნიკი მწერებისა უნდა დაეჭირათ მერცხლებს, რომ გაეზარდათ შვილებიც და თავისი თავიც გამოეკვებათ.

 

ბარტყების დაზრდა

რად უყვართ პატარა ფრინველებს მერცხალი?

 

აი დააფრინეს მერცხლებმა ბარტყები. მეტად სასიამოვნო სანახავია. ჯერ ამოფრინდა ერთი ბარტყი, მას უკან მოჰყვა მეორე, მერე მესამე და ერთის წამის განმავლობაში ყველანი აფრინდნენ და მწკრივად დასხდნენ ერთმანეთის ახლო ბანზე. დედ-მამა გარს ევლება მათ, ფაცურობს, მოაქვს საჭმელი, უდებს პირში, შესჭიკჭიკებს და შეჰხარის. უცებ ახალგაზრდა დები და ძმები აიშალნენ ბანიდან და გასწიეს ფრენით. სინჯავენ, სცდიან თავისს ნორჩ ფრთებს. თავდაპირველად ბარტყებს ფრენა არ ეხერხებათ, ხამობა ეტყობათ, მალე იღლებიან, ხშირად ისვენებენ; მაგრამ აი გავიდა რამდენიმე საათი და პატარა ბარტყებს გაოცებიდან გამოვყევართ: ამ მოკლე ხანში ისე კარგად ისწავლეს ფრენა, ისე გავარჯიშდნენ, რომ დიდებიდან ძლივს გამოარჩევ.

მიფრინავენ წინ დიდები, და მათ ფეხდაფეხ მისდეენ ბარტყები, მისდევენ მარდად, ყოჩაღად. დიდები იჭერენ ამ ფრენის დროს მწერებს, ბრუნდებიან უკან და უდებენ პირში მიმდევარს შვილებს. ხან მაღლა ცაში ადიან და იქ ცელქობენ, თამაშობენ და მწერებს სდევნიან. პატარები დღითი-დღე ღონივრდებიან, ყოჩაღდებიან, სწავლობენ დედ-მამისაგან მარდად ჭერას პეპლებისას, მწერებისას და გრძნობენ, რომ ახლა თვითონაც შეუძლიათ იცხოვრონ თავის-თავად, დიდების შეუწევნელად.

გავა ორი კვირა, და სახლობა დაიშლება, წავლენ-წამოვლენ და ყველა ყმაწვილი მერცხალი ცალკე იწყებს ცხოვრებას. მერცხალი იმავე ზაფხულში მეორედაც სდებს კვერცხებსა და სჩეკს ბარტყებს, ასე რომ, თითო დედალ-მამალი თორმეტამდე შვილს დაზრდის ხოლმე ერთს ზაფხულში.

ყველა ახალი გაზრდილი მერცხალი ისეთივე ოსტატობით გააკეთებს ბუდეს, როგორც მისი დედ-მამა აკეთებდა; მხურვალედ ეყვარება თავისი ბარტყები, სამაგალითო იქნება თავისი დაუღალავი მხნეობით, სიმხიარულით, მავნე მწერების ჟლეტით და საყვარელი იქნება ყველა ადამიანისათვის.

მაგრამ განა მარტო ადამიანისათვის? არა. პატარა ფრინველებსაც-კი უყვართ მერცხალი, იმიტომ, რომ იმათაც ერთს დიდს სიკეთეს უშვრება. როცა ქორი მიპარვით უახლოვდება ფრინველებს, ყველაზე ადრე ამას მერცხალი შეიტყობს ხოლმე, რადგანაც თითქმის მთელი დღე დაფრინავს ხან დაბლა, ხან მაღლა, ხან ერთს მხარეს და ხან მეორეს. შეიტყობს თუ არა, ერთნაირად დასჭყივლებს და ამ ჭყივილით უძახის ყველა ფრინველებს: „არიქათ, ძმებო, ავაზაკი მოდის, თავს უშველეთ, მიიმალ-მოიმალენით!“ ესენიც დროზე მონახავენ ხოლმე თავ-შესაფარს და გადარჩებიან.

თვითონ მერცხალი კი არსად იმალება, რადგანაც ქორისა სრულიადაც არ ეშინიან. ისეთი უჩქარესი ფრენა იცის, ისეთი სწრაფი მიხვევ-მოხვევა, რომ ქორს მისი დაჭერა სრულიად არ შეუძლია. მერცხალი საათში გარბის ასს ვერსსა, ქორი ამის ნახევარსაც ვერ გაივლის, რომ დაედევნოს, დაიქანცება, ილაჯი გაუწყდება და ვერაფერს გახდება. მერცხალი დაფრინავს ქორის გარშემო, დაცინვით დასჭყივის, აჯავრებს და თითქო ეუბნება: „აი, შე ავაზაკო, დარჩი თუ არა პირ-ცარიელიო!“ მოდი ამის შემდეგ და ნუ შეუყვარდებათ პატარა ფრინველებს მერცხალი.

რა კარგი იქნებოდა, რომ ყველა ადამიანი და ყველა ყმაწვილი იყოს იმისთანა კეთილი, უვნებელი, გამრჯელი, მხიარული, მოსიყვარულე, სასიამოვნო და სასარგებლო ქვეყნისათვის, როგორიც მერცხალი!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ