ამონარიდები
"ჩემი წერითი კულტურის შემუშავებაში, გაღრმავებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის შოპენს. აბსოლუტური სიზუსტე და მეტყველების სიცხადე, თავგანწირვამდე მისვლა ყოველივე ამის განხორციელებისათვის... ასეთია შოპენი ჩემთვის".
* * * * * * *
"თუ მწერლობა მიატოვებს ბავშვებს, მოხუცებს და უმწეოებს, იგი მოსწყდება მიწას, ვითარცა ანთეოსი და დაკარგავს თავის კეთილშობილური ძალას".
* * * * * * *
"ბედნიერი მწერალი... ცოცხალი ბედნიერი მწერალი უკვე საცოდაობაა... იგი უკვე მოწყვეტილია მთავარს - ჭეშმარიტების ტანჯვით მამძიმებელ სულს, იგი უკვე აღარ განიცდის სხვათა მოთქმაგოდებას, აღარ განიცდის მათ მარტოობას"...
* * * * * * *
"ყალბი მოკრძალების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მე უკეთ და უკეთ ვწერ, მაგრამ უფრო და უფრო მიძნელდება დროის გამოგლეჯა წერისთვის. დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ, აქ რომ არ ვიარო, შიმშილით ამომხდება სული. ჩემს მოთხრობებში 15-20 მანეთს მიხდიან. ამ 15-20 მანეთის მიღებაზეც უნდა დაგანთხევინონ სისხლი".
* * * * * * *
"თქვენ შეგიძლიათ თვით ჩემი თანდასწრებით ლანძღოთ ქართველი ხალხი, იმის გამო, რომ იგი მარცხენა ხელით მუშაობას არის ჩვეული, და მომხვეჭელობაზე დახარბებულს გაჭუჭყიანებული აქვს სული. მაგრამ მე უფლებას არ მოგცემთ, იგივე გაიმეორეთ ერზე, ქართველ ერზე... ხალხი ესაა, რასაც ახლა უყურებთ, ერი კი სხვაა, ისაა მთლიანობა ხალხისა და დროისა, რომელიც საუკუნეებით იზომება მხოლოდ და მხოლოდ"...…
* * * * * * *
"ვაი, ჩემო დაღალულო მხრებო, რა ამაოდ გვიზიდნია სიმძიმეები უდრტვინველად! მივდივარ ჩამოცვენილ ყვითელ ფოთლებში და დუდუნით ვთხზავ რეკვიემს"...
* * * * * * *
"არავის უნდა მებაღე? ო, რა სიამოვნებით მოვუვლიდი ყვავილებსა და ხეებს. რა სიამოვნებით მოვრწყავდი კვლებს, რა სიამოვნებით ჩავჯდებოდი ჩრდილში"...
* * * * * * *
"როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები, ისეთი აღარ ხარ, როგორიც სხვებს უნდიხარ.“
* * * * * * *
"ერიდე სილამაზეს, რომელსაც ყველა ამჩნევს და ყველას წინაშეა გამოფენილი. მას შენ არავინ დაგითმობს უტიფრობითა და სითავხედით აღსავსე ქვეყანაში. შენ იარე, ეძებე და თვითონ აღმოაჩინე - ასეთ სილამაზეს გემოც გაცილებით უკეთესი აქვს.”
* * * * * * *
"მე მოწოდების მწერალი არ ვარ. მამუშავეთ, თუკი საზოგადოებას სჭირდება, გნებავთ - ქვის მთლელად, თავისუფალ დროს კი მაწერინეთ, რას განიცდის ჩემი სული"...
* * * * * * *
"დიდ სიკეთესთან ერთად დიდი საშინელებაა ძლიერი წარმოსახვის უნარი, მე, ჩემდა სამწუხაროდ, შემიძლია აბსოლუტურად ზუსტად წარმოვიდგინო მატარებლების ერთმანეთის შესკდომაც კი - მოძრაობები, ხმები, ფერები, სახეები, სუნი. უთუოდ იკითხავთ, მაშ, რატომ არ ავსახავ ასევე. გიპასუხებთ; არ შეიძლება, არ შეიძლება არც დადებითი, არც უარყობითი ემოციების აღმძვრელი მოვლენების გარკვეული ზღვარის იქით ჩვენება. რატომ? ეს მხოლოდ ჩვენმა სხეულმა იცის"...
* * * * * * *
"მოიცათ, ყველანი ერთად ნუ ჩამძახით - ქვეყანა წაწყმდა, დამყაყდა, ინგრევა და თავს ვუშველოთო... მე ვერსად გავიქცევი, მე ხვალაც უთენია ვარ სამუშაოზე წასასვლელი, ლობიო და სიმინდი მაქვს მოსარწყავი. ნება-ნება უნდა მოვრწყა, თორემ თავქვეა და დახრამავს წყალი. არ მოვრწყა ლობიო და სიმინდი, ხალხო? თქვენი საქმისა თქვენ იცოდეთ, მე კი მითხარით, არ მოვრწყა ლობიო და სიმინდი"?
* * * * * * *
"მე მაინც გაჭირვებული ცხოვრების ნაყოფი ვარ. ქალაქად ვიყავი თუ სოფლად, ან ვმსახურობდი, ან გლეხურ საქმეს ვაკეთებდი ყოველგვარი შეღავათების გარეშე. რაც არ უნდა წიგნი მქონოდა წასაკითხი, ანდა დასაწერი, მე მათ ვტოვებდი, რათა დროზე მიმეხედა ჩემი სამსახურის გზისა თუ ვენახისათვის.
* * * * * * *
ვფიქრობ, აქედან მოდის ურღვევი ჩვევა, სწრაფად წავიკითხო ჩემი წასაკითხი, სწრაფად ჩავიწერო ჩემი ჩასაწერი. დღესაც მუდმივად მდევს რაღაც გაფრთხილება, რომ მე უფლება არა მაქვს, მთლიანად მივეცე კითხვასა თუ წერას".
* * * * * * *
"შენ იყავი პირველი მწერალი ქვეყნიერებაზე, შენკენ იშვერდეს ყოველი გამვლელი თითს, აგერ, ის, აგერ ის, შენ იყავი უმდიდრესი, უბედნიერესი ამ სიმდიდრით. მე მირჩევნია, უცნობად ვიჯდე ვაგონის ფანჯარასთან და როგორც ირგვლივ ყველას, რაღაც პატარა ცნობისწადილი მედგას თვალებში"...