მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 301 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პატარა ოთახი, ჭერდაბალი, ჭუჭყიანის კედლებით; მორთულობაც ოთახისა შეესაბამება ოთახის გარეგნობას: ორი გახუნებული ჩალის სკამი, უბრალოდ შეღებილი საწოლი, ზედ მცირეოდენის ლოგინით, კედელთან მიყუდებული ფეხმოტეხილი სტოლი. გამჭვარტლულ ბუხრის რაფაზედ ოდნავ ბჟუტავს პატარა ლამპარი. ოთახში ბოლთას ცემს დათიკო ყლაპიაშვილი და შავს ფიქრებშია გართული.

ხანდახან მწარედ ამოიოხრებს, შესდგება ფანჯარასთან და იქიდან გადაჰყურებს დარბაისლად მოდუდუნე მტკვარს, რომლის ტალღებშიაც აქა-იქ ვარსკვლავები ციმციმებენ და თითქო ცოცხალს არსებას ამგვანებენ იმის მდორე მომდინარეობას. შუაღამეა. ქალაქში ხმაურობა მთლად შეწყვეტილია, ათასში ერთხელ დაგვიანებული ეტლი თუ გაირახრახებს მოკირწყლულს ქუჩებზე.

- ოჰ, ღმერთო ჩემო, რა უძლური ვარ, რა ლაჩარი! რაღას ვფიქრობ, რატომ ბოლოს არ ვაძლევ ჩემს გადაწყვეტილებას, რაღას ველი? იქნება იმას, რომ შიმშილით სული ამომხდეს? შიმშილით... დიახ, შიმშილით, იმიტომ რომ სამი დღეა ჩემს პირში ნაწილი არ ჩასულა. საშინლად კი ვიტანჯები, საშინლად მეწვის წელები, თითქო, გველები მწოვენ, თავბრუ მეხვევა, მაგრამ კი არ ვკვდები... აცა, მუსიკის ხმაა!.. ჰო, დღეს აქ ჩვენს მეზობელს წვეულება აქვს, შობას ეგებებიან, მე რატომ არ მიმიწვიეს? რარიგად გავძღებოდი. ხა, ხა, ხა! რატომ არ მიმიწვიეს-მეთქი... მე უბედური! ამ ტანისამოსით რა მშვენივრად დავამშვენებდი იმათ სასტუმროს!

რა მშვენივრად ვარ მოწყობილი: მოკლე შარვალი, გამსკდარი წაღა, მწვანედ და ყვითლად გახუნებული პიჯაკი! პერანგი? პერანგი? ოჰ, ყველაზე მეტად ეს ჭუჭყიანი, გაოფლიანებული პერანგი მტანჯავს, ტანს მიხრავს, მწვავს, მარჩობს (საყელოს ჩამოიგლეჯს), დღეში ორჯერ რომ არ გამომეცვალა, ყოვლად შეუძლებელი იყო; მოსარეცხეს ვტანჯავდი, ვაგინებდი, საკმაოდ სპეტაკად არა რეცხავ-მეთქი! პერანგის სითეთრეზედ იყო დამოკიდებული ჩემი გუნება, ხალისი, კმაყოფილება და დღეს კი (მწარედ ჩაიცინებს და ისინჯავს ალაგ-ალაგ გაქონილს პერანგს)

სულელი... რას ვბოდავ პერანგზედ, როდესაც ლუკმა არა მაქვს, სახლიდგან დღეში სამჯერ მაგდებენ, ათასი მოვალე პირში მაფურთხებს, ჩემს თავმოყვარეობას, სინიდისს, პატიოსნებას ყოველ წამს ფეხით სთელავენ, თავზე ლაფს მასხამენ და მე სუფთა პერანგისთვის ვტირი!.. ოჰ, მეტი მოთმინება შეუძლებელია (საჩქაროდ მივა ფანჯარასთან). მერე რა ადვილად მოვრჩები ყველა ამ ტანჯვას! აი ეს ფანჯარა, განა შიგ მტკვრის უფსკრულში არ ჩაიცქირება, განა მტკვარი, ეს შავი, ცივი, ბაყბაყა დევივით მგმინავი უმალ სვავივით არ გადამყლაპავს?! (წყნარად) ნეტა ზაფხული მაინც იყოს, ერთის წამით მაინც ვიგრძნობდი წყლის სიგრილეს, გამბანელს ძალას...

აგერ რვა თვეა აბანო თვალით არ მინახავს... ეხლა კი მტკვარს თოში მოაქვს, გვერდებს სულ დამიგაზავს, დამილეწავს... ეჰ, ტანში მაჟრიალებს... აგერ ორი საათია ეს ფანჯარა ღია მაქვს და მტკვრის სიომ მთლად გამაშეშა... (ხურავს) რას ვსჩადი?.. დასწყევლოს ღმერთმა, როგორ გამიტაცებს ხოლმე სხვადასხვა ფიქრები და როგორ მავიწყებს ჩემს გადაწყვეტილებას... მავიწყებს!

განა შესაძლებელია დავივიწყო, არა და არა... მშიან... მწყურიან... მცივა... ოცდაცხრა წლის ვაჟკაცი ვარ, საღი, ღონიერი, როგორც საცოდავი დედაჩემი იტყოდა ხოლმე, გონიერიც, ლამაზი, ტანადი და მშიან კი! მშიან! ფუ, სირცხვილო! ხელი მაქვს და მუშაობა არ ვიცი, ტვინი მაქვს და ზრუნვა არ ვიცი, ჯანი მაქვს და უძლური ვარ! უძლური, უპყარი, პირდაღებული გლახა, ხა, ხა, ხა, გლახაზედ უარესი, იმიტომ რომ იმდენი ძალა არა მაქვს, რომ ხელის გაწოდება მოვახერხო მოწყალებისათვის.

ოჰ, ოჰ, (ქვითქვითებს) რისთვის მშობე, მშობელო, რისთვის გამომზარდე, (დაჯდება სტოლთან, თავს ხელზედ დაიყრდნობს და დიდხანს სტირის. შემდეგ ჩაეძინება).

განთიადია. აღმოსავლეთი მთლად ალისფრად არის შეღებილი. განთიადის ქარმა უცებ დაუბერა და ოდნავ მოხურული ფანჯარა კედელს მიახეთქა, ლამპარიც ჩააქრო. დათიკო რეტიანივით წამოხტა, თავზე ხელი გადაისვა და აღმოსავლეთს მიაპყრო თვალი.

კიდევ გამითენდა, კიდევ? ოჰ, რა მომხიბლავი სიზმარი ვნახე. რა სიხარულით და ბედნიერებით ვიყავი სავსე: შობა ღამე იყო. ჩვენი დიდი დარბაზი ყლაპიანთ-კარში მშვენიერად იყო გაჩაღებული, დედაჩემი მარიამი და მამაჩემი იოსებ თავისის საუკეთესო ტანისამოსით გამოპრანჭულან და გრძელის ძვირფასის საფენით დაფენილს ტახტზე სხედან. მათ პირდაპირ ვეებერთელა ქართული ბუხარი გუგუნებს. წამ და უწუმ კარი იღება და შემოდიან გლეხნი, სუფთად ჩაცმულნი, ხონჩებით ხელში. რაები არ აწყვია ხონჩებზედ: წითლად დაბრაწული ნაზუქები, ინდოურები, ბროლივით გაკეთებული გოჭები, ჩაკვერცხილი დედლები! ღვინო?! ღვინო ხომ აუარებელია, ჯარივით არიან მოტანილი საღვინეები ჩამწკრივებულნი.

მამაჩემი და დედაჩემი ყველას თავს უკვრენ, პირი უღიმით, „აგაშენოს“ ეუბნებიან და სთხოვენ გლეხებს დაბრძანებას. ისინიც დარბაისლურად, წყნარად ეწყობიან სკამებზე და თან მოწიწებით აძლევენ სალამს ბატონებს. სწორედ სადღესასწაულო სალამ-ქალამია! მეც იქვე კუნჭულში ვზივარ გიმნაზიის მუნდირით გამოწყობილი და დიდად თავი მომაქვს...

გიმნაზიის მუნდირი! რარიგად მიყვარდა და რა ცოტა ხანს ვატარე. ოთხ კლასამდე ძლივს მივაღწიე. რად მინდოდა სწავლა, დიპლომი, განვითარება მე დედისერთას, დიდს მამულის პატრონს ყლაპიაშვილს? რად მინდოდა! (მწარე სიცილით) განა ჩემი შეძლება, მთა და ბარი საკმარისი არ იყო, რომ ქვეყანაში უსწავლელადაც პატივი და დიდება მეპოვა? დიახ, საკმაო იყო, როგორც ჰხედავთ. აი მხოლოდ ოცდაცხრა წლისა ვარ და შიმშილით ვკვდები... შიმშილით!...

ამ ჭუჭყიანს სოროში სიცივით ვიყინები და მოვალეების შიშით კარში ვეღარ გავდივარ...

სად არის ჩვენი მკვიდრად ნაგები ქვიტკირის დარბაზი, სად არის თვალგადაუწვდენელი ნაფუზრები, მშვენიერი ვაზით და ხეხილით სავსე ზვრები? სად არიან ტკბილი, დარბაისელი ყლაპიანთ-კარის გლეხნი? სად არის ღალა, კულუხი, ძღვენები? სად არის ჩემი მშობლებისაგან დატოვებული უზრუნველი ლუკმა? - სად არის? - ქალაქის ბაღებში, კლუბებში, მაწანწალა, ურცხვ დედაკაცების სადგურებში...

თვრამეტი წლისა ვიყავი, რომ პირველად „სან-სუსში“ არფიანკებში დავითვერი, სამს დღეს ლოგინიდან ვეღარ ავდექი. სიმთვრალემ მიხამა... და სამის დღის შემდეგ „ვაზაში“ წავედი... „კინგ-რუსტში..“ მაგრამ ყველაზე მომეტებული წავიდა ფაეტონ-ეკიპაჟებში.

ფაეტონი, ფაეტონი. ოჰ, ეს წყეული ფაეტონი რარიგად მიყვარდა! როგორ მოყელყელებული, მუხლებზე ხელებდაბჯენილი ჩოხა-ხანჯლით გამოვიჭიმებოდი ხოლმე და რარიგად მივაფრენდი, მივაფრენდი დაუღალავად, საჩქაროდ, შეუფერხებლად... მივაფრენდი. სად? სად გავრბოდი. აი, აქ, ამ ქოხში, ამ წყეულს ფანჯარასთან, რომელიც ასე შეუბრალებლივ ჩასცქერის მტკვრის უფსკრულს. (უნუგეშობით) დიახ, მიველ ჩემს ბინაზედ, მიველ! დროა დავისვენო...

დათიკომ უეცრად გამოაღო ფანჯარა და გაქანებული გადახტა მტკვრის ღურღურში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ