მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 348 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ტყისმჭრელი. ჰყავდა ცოლი და შვიდი ვაჟიშვილი. უფროსი ათი წლის იყო, უმცროსი - შვიდის. იქნება ვინმეს გაუკვირდეს, ტყისმჭრელს ასე ცოტა ხანში ამდენი ბავშვი როგორ ეყოლაო, მაგრამ მისი ცოლი ყოჩაღი დედაკაცი იყო და ყოველ მოლოგინებაზე ტყუპს აჩენდა.

ტყისმჭრელი ძალიან ღარიბი გახლდათ და შვიდი შვილი მძიმე ტვირთად აწვა. ჯერ არც ერთს თავის რჩენა არ შეეძლო. ცოლ-ქმარს ისიც ადარდებდა, რომ უმცროსი ბიჭი ძალიან სუსტი აგებულებისა იყო და ცოტასაც ლაპარაკობდა. მშობლებს სულელი ეგონათ, მაგრამ ეს დუმილი იმას ნიშნავდა, რომ ბიჭი სხვებზე უფრო ჭკვიანი იყო.

ბავშვი ძალიან პატარა დაიბადა, ცერისტოლა თუ იქნებოდა. ამიტომ ცეროდენა შეარქვეს. საბრალო ბიჭს ოჯახში აბუჩად იგდებდნენ და ყველა დანაშაულს მას აბრალებდნენ. სინამდვილეში კი ძმებს შორის ყველაზე უფრო გამგონე და გონებამახვილი იყო, და თუ ცოტას ლაპარაკობდა, სამაგიეროდ ბევრი ესმოდა.

დადგა ძალიან მძიმე დრო, შიმშილობა ჩამოვარდა. ღარიბმა ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, შვილები თავიდან მოეშორებინა.

ერთ საღამოს, როდესაც ბავშვებს ეძინათ და დანაღვლიანებული ტყისმჭრელი ცოლთან ერთად ბუხრის წინ იჯდა, მას დიდი გულისტკივილით უთხრა:

- ხედავ, რა დღეში ვართ! შვილებს ვეღარ ვარჩენთ. გადავირევი, ბავშვები შიმშილით რომ დაგვეხოცნონ; გადავწყვიტე, ხვალ შვიდივე ტყეში წავიყვანო და იქ დავტოვო. ეს არ გაგვიჭირდება, სანამ ბავშვები ფიჩხის მოგროვებით გაერთობიან, შეუმჩნევლად გამოვეპარებით.

- როგორ! - შესძახა ცოლმა. - ღვიძლ შვილებს დატოვებ ტყეში?

ამაოდ უმტკიცებდა ქმარი, ჩვენისთანა ღატაკებს სხვა გზა არა აქვთო. ცოლი მაინც უარზე იდგა. ეს ქალი ბავშვების დედა იყო და როცა წარმოიდგინა, რა დღეში ჩაცვივდებოდნენ, შვილები შიმშილისგან რომ დახოცილიყვნენ, დათანხმდა და მწარედ ატირდა.

ცეროდენამ ყველაფერი გაიგონა: ლოგინში იწვა, მშობლების ლაპარაკი რომ შემოესმა; გადაწყვიტა, ყველაფერი დაწვრილებით მოესმინა, ამიტომ ჩუმად ადგა, მამის სკამქვეშ შეძვრა და მერე ისევ ლოგინში დაწვა, მაგრამ მის თვალებს რული არ მიჰკარებია. მთელი ღამე იმის ფიქრში გაატარა, როგორ მოქცეულიყო. დილით ადრე ადგა, მდინარის ნაპირზე გავიდა, ჯიბეები პატარა თეთრი კენჭებით აივსო და ისევ შინ დაბრუნდა.

გათენებისას გზას გაუდგნენ; ცეროდენამ ძმებს არაფერი უთხრა. იარეს, იარეს და ერთ ძალიან დაბურულ ტყეში შევიდნენ. ათ ნაბიჯზე ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. მამამ ხის მოჭრა დაიწყო, ბავშვები კი წნელს კონებად კრავდნენ. როცა დედ-მამა დარწმუნდა, რომ შვილები მუშაობით იყვნენ გართული, შეუმჩნევლად გაიპარნენ და სწრაფად დაადგნენ მოკლე ბილიკს.

მალე ბავშვებმა შეამჩნიეს, რომ მარტო დარჩნენ და ერთი ყვირილი და ტირილი მორთეს. ცეროდენამ არაფერი თქვა, თუმცა კარგად იცოდა, როგორ უნდა დაბრუნებულიყვნენ შინ. ტყეში რომ მიდიოდნენ, რაც ჯიბეში კენჭები ეყარა, თითო-თითოს აგდებდა გზაზე. ბოლოს უთხრა ძმებს:

- ძმებო, შიში ნურაფრისა გაქვთ, მართალია, მშობლებმა მიგვატოვეს, მაგრამ თუ გამომყვებით, შინ მიგიყვანთ.

ძმები გაჰყვნენ, ცეროდენამ შინ ისინი იმავე გზით მიიყვანა, რომლითაც ტყეში მივიდნენ. შინ შესვლა ვერ გაბედეს, კარს ამოეფარნენ და მშობლების ლაპარაკს ყური დაუგდეს.

როდესაც ტყისმჭრელი და მისი ცოლი შინ დაბრუნდნენ, იმ სოფლის მებატონემ დიდი ხნის ნასესხები ათი ეკიუ დაუბრუნა. ცოლ-ქმარს იმედი აღარ ჰქონდა, რომ ამ ფულს უკან მიიღებდნენ. საწყლები ლამის შიმშილისგან დახოცილიყვნენ და ცოტა სული მოითქვეს.

ტყისმჭრელმა ცოლი მაშინვე საყასბოში გაგზავნა; რაკი დიდი ხნის უჭმელები იყვნენ. ცოლმა სამჯერ მეტი ხორცი იყიდა.

როდესაც დანაყრდნენ, ცოლმა თქვა:

- ნეტავი ახლა ჩვენი საცოდავი ბავშვები სად არიან? აქ რომ ყოფილიყვნენ, ხომ გემრიელად ივახშმებდნენ ჩვენი ნარჩენებით. სულ შენი ბრალია, გილიომ, მათი გადაკარგვა. ხომ გეუბნებოდი, ვინანებთ-მეთქი. ნეტავი რას აკეთებენ ახლა ტყეში? ვაი, მე უბედურს! იქნება მგლებმა შეჭამეს კიდეც, რა უგულო ადამიანი ხარ, საკუთარი შვილები ასე როგორ გაიმეტე.

ტყისმჭრელი მოთმინებიდან გამოვიდა და ცოლს დაემუქრა, თუ არ გაჩუმდები, გცემო.

იქნებ ტყისმჭრელი უფრო გულდაწყვეტილი იყო, მაგრამ ცოლმა ჩივილით ყურები გამოუყრუა. იმას კი ისეთივე ხასიათი ჰქონდა, როგორიც მრავალ სხვა მამაკაცს. ამ მამაკაცებს მართლისმთქმელი ცოლები უყვართ, მაგრამ ის არ მოსწონთ, თუ ისინი ყოველთვის მართალნი არიან.

დედაკაცი განუწყვეტლივ ცრემლებს ღვრიდა:

- ნეტავ, სად არიან ჩემი შვილები, ჩემი საბრალო შვილები?

დედამ ისე ხმამაღლა წამოიკვნესა ეს სიტყვები, რომ კარს უკან მიმალულმა ბავშვებმა გაიგონეს და ერთხმად იყვირეს:

- აქა ვართ, აქა.

დედამ კართან მიირბინა, გაუღო, შვილები გულში ჩაიკრა და უთხრა:

- ოჰ, რა ბედნიერებაა, რომ გხედავთ, ჩემო საყვარელო შვილებო! ალბათ, ძალიან დაღლილი და მშივრები ხართ. შენ კი, ჩემო პიერო, მთლად გათხუპნულხარ. აქ მოდი, ჭუჭყი ჩამოგბანო.

პიერო, უფროსი შვილი, დედას სხვებზე უფრო უყვარდა, რადგან მასავით ოდნავ ქერა იყო.

ბავშვები მაგიდას მიუსხდნენ და საჭმელს მადიანად შეექცნენ.

დედ-მამამ ძლიერ გაიხარა. ბავშვები ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ. უყვებოდნენ, რა შიში გადაიტანეს ტყეში.

შვილების დაბრუნებით ბედნიერი მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ეს სიხარული მანამდე გაგრძელდა, სანამ ის ათი ეკიუ არ გამოელიათ.

როცა ფული დაიხარჯა, ისევ გადაწყვიტეს, ბავშვები ტყეში დაეტოვებინათ და ისევ მარცხი რომ არ მოსვლოდათ, უფრო ღრმად უნდა შეეყვანათ უდაბურ ტყეში. საიდუმლოდ მაინც ვერ მოილაპარაკეს. ცეროდენამ ყველაფერი გაიგონა და ამჯერადაც მოიფიქრა თავის გადასარჩენი გეგმა. დილით ადრე ადგა პატარა კენჭების შესაგროვებლად, მაგრამ ვერაფერს გახდა, სახლის კარი მაგრად იყო დაკეტილი.

ცეროდენამ აღარ იცოდა, რა ექნა, როდესაც დედამ ბავშვებს თითო ნაჭერი პური ჩამოურიგა საუზმეზე, ბიჭმა გადაწყვიტა, კენჭების მაგივრად გზაზე პურის ნამცეცებს დავყრიო.

დედ-მამამ ბავშვები უღრან ტყეში შეიყვანა. როგორც კი შუაგულ ტყეში შევიდნენ, ფარულად ბილიკისაკენ გადაუხვიეს და ბავშვები ტყეში დატოვეს.

ცეროდენა არ დაღონებულა, ეგონა გზას ადვილად იპოვიდა იმ პურის ნამცეცებით, გზადაგზა რომ დაფანტა. ძალიან განცვიფრდა, როდესაც ერთი ნამცეციც კი აღარ დახვდა, თურმე ნუ იტყვით, ჩიტებს ერთიანად აეკენკათ.

ბავშვები დაღონდნენ. რაც უფრო შორს მიდიოდნენ, მით უფრო ებნეოდათ გზა.

უღრან ტყეში უგზოუკვლოდ დაეხეტებოდნენ. დაღამდა. საშინელი ქარი ამოვარდა. პატარებს შიშის ჟრუანტელმა დაუარა. ეჩვენებოდათ, თითქოს მგლები ღმუოდნენ და შეჭმას უპირებდნენ. ხმის ამოღებას და თავის მობრუნებასაც კი ვერ ბედავდნენ.

მერე წვიმამ დაუშვა და ბავშვები თავიდან ფეხებამდე გაიწუწნენ. ყოველ ნაბიჯზე ფეხი უსხლტებოდათ, ტალახში ეცემოდნენ, მთლად ამოიგანგლნენ, არ იცოდნენ, გასვრილი ხელები სად წაეღოთ.

ცეროდენა ხის წვერზე აცოცდა, იქნებ სადმე სადგომი მოჩანდესო. მიიხედ-მოიხედა და შორს, ტყის იქით მოციმციმე შუქი შეამჩნია.

ძირს დაეშვა, სინათლე გაქრა და ძალიან შეშინდა.

გადაწყვიტა, ძმები მაინც იქით წაეყვანა, საითაც შუქი შენიშნა. ტყეს რომ გასცდნენ და კიდევ ცოტა იარეს, ცეროდენამ კვლავ შუქს მოჰკრა თვალი. ბოლოს, როგორც იქნა, დიდი წვალებისა და ვაი-ვაგლახის შემდეგ, მიადგნენ იმ სახლს, საიდანაც სინათლე გამოდიოდა.

კარზე დააკაკუნეს, ვიღაც ქალმა გააღო და იკითხა: რა გინდათო. ცეროდენამ უპასუხა: - უბედური ბავშვები ვართ, ტყეში გზა აგვებნა, გთხოვთ, მოწყალება მოიღოთ და ღამე გაგვათენებინოთ.

ქალმა ასეთი ლამაზი ბავშვები რომ დაინახა, ტირილით უთხრა:

- თქვე საცოდავებო, აქ რამ მოგიყვანათ! განა არ იცით, რომ ეს კაციჭამია დევის სახლია?

- ოჰ, ქალბატონო, - მიუგო ცეროდენამ, რომელიც თავისი ძმებივით თავიდან ფეხებამდე გალუმპული იყო და კანკალებდა, - რა ვქნათ, თუ არ შეგვიფარებ, ტყეში მგლები შეგვჭამენ. გვირჩევნია, ისევ ბატონმა დევმა შეგვჭამოს, თუმცა, ვინ იცის, იქნებ შეგვიბრალოს, რომ შეეხვეწო.

დევის ცოლმა იფიქრა, იქნებ გათენებამდე მაინც დავუმალო ბავშვები ქმარსო, შინ შეუშვა და დასვა გაჩაღებულ კერასთან, სადაც დევისთვის ვახშმად მთელი ცხვარი იწვებოდა.

ბავშვები ცოტა გათბნენ, ამასობაში კარზე სამჯერ თუ ოთხჯერ მაგრად დააკაკუნეს. დევი შინ დაბრუნდა. მისმა ცოლმა ბავშვები საჩქაროდ საწოლის ქვეშ დამალა და კარის გასაღებად გაემართა.

დევმა ცოლს ჰკითხა, ვახშამი თუ გაამზადე და ღვინო თუ ამოიღეო. თან სუფრას მიუჯდა. ცხვარი ჯერ ისევ სისხლიანი იყო, მაგრამ დევს ძალიან მოეწონა. ჭამდა, თან აქეთ-იქით ჰაერს ყნოსავდა და ამბობდა, ნორჩი ხორცის სუნი მცემსო.

- წეღან რომ გავატყავე იმ ხბოს სუნია, - უთხრა ცოლმა.

- გეუბნები, ნორჩი ხორცის სუნი მცემს-მეთქი, - მიუგო დევმა და ალმაცერად გადახედა ცოლს, - რაღაცას მიმალავ! - თქვა და პირდაპირ საწოლისკენ წავიდა.

- ჰაი, შე საძაგელო დედაკაცო, გინდოდა მოგეტყუებინე, არა? - წამოიძახა დევმა, - გასაკვირია, რომ აქამდე არ შეგჭამე; შენი ბედი, ბებერი პირუტყვი ხარ, ეს ნანადირევი კი კარგ დროს ჩამივარდა ხელში, ჩემს მეგობარ დევებს გავუმასპინძლდები, სწორედ ამ დღეებში მესტუმრებიან.

დევმა ბავშვები ერთიმეორის მიყოლებით გამოათრია საწოლის ქვევიდან.

საცოდავმა პატარებმა მუხლებზე დაუჩოქეს და სთხოვეს, შეგვიწყალე, ნუ შეგვჭამო, მაგრამ ეს დევი სხვა დევებზე უფრო ბოროტი იყო; სულ არ იცოდა შებრალება. ბავშვებს თვალებით ჭამდა. ცოლს კი ეუბნებოდა, რა გემრიელი ლუკმა ვიშოვე, თუ კარგ საწებელს გაუკეთებო.

დევი საცოდავ ბავშვებს მიუახლოვდა, მარცხენა ხელში დიდი ქვა ეჭირა და ვეებერთელა დანას ლესავდა.

ის იყო, ერთ ბიჭს ხელი წაავლო, რომ ცოლმა უთხრა:

- აბა, ახლა მაგისთვის გცხელა? განა ხვალ ამისი დრო არ გექნება?

- კრინტი, - მიუგო დევმა.

- შენ ხომ კიდევ ბევრი ხორცი გაქვს! - მიუგო ცოლმა, - აგერ ერთი ხბო, ორი ცხვარი და ნახევარი ღორი.

- მართალს ამბობ, - თქვა დევმა, - აბა მაშინ კარგად ავახშმე, რომ არ გახდნენ. მერე კი დასაძინებლად წაიყვანე.

კეთილი ქალი სიხარულით ცას ეწია. მან ბავშვებს ვახშამი მიუტანა, მაგრამ საწყლები ისე იყვნენ დაშინებული, რომ პირი არაფერს დააკარეს.

დევმა ღვინის სმა განაგრძო. გახარებული იყო, რომ თავის მეგობრებს კარგად გაუმასპინძლდებოდა და თორმეტი თასით იმაზე მეტი დალია, ვიდრე ჩვეულებისამებრ სვამდა. ღვინო, ცოტა არ იყოს, თავში აუვარდა და დასაძინებლად წავიდა.

დევს შვიდი ქალიშვილი ჰყავდა. პატარა დევ-ქალები მამასავით დღენიადაგ ნორჩ ხორცს შეექცეოდნენ და მშვენიერ ფერზეც იყვნენ. მათ პატარა ჭროღა მრგვალი თვალები, კეხიანი ცხვირი, ძალიან დიდი პირი, გრძელი და ბასრი მეჩხერი კბილები ჰქონდათ. გოგონები ჯერ არ იყვნენ გაავებულები, მაგრამ ავები დაიზრდებოდნენ, რადგან უკვე ჰკბენდნენ პატარა ბავშვებს, რომ სისხლი გამოეწოვათ.

დევ-ქალები ადრევე ერთ პატარა საწოლზე ერთად დააწვინეს. თითოეულს ოქროს გვირგვინი ედგა თავზე.

იმავე ოთახში კიდევ ერთი, ისეთივე დიდი საწოლი იდგა. ამ საწოლზე დევის ცოლმა პატარა ბიჭები დააწვინა, თვითონ კი წავიდა, რომ თავისი ქმრის გვერდით დაწოლილიყო.

ცეროდენამ შეამჩნია, რომ დევის ქალიშვილებს თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ; შიშმა არ დააძინა, ვაითუ, დევმა ინანოს, რატომ ამ ღამესვე არ დავკალი ბავშვებიო.

შუაღამისას ადგა, აიღო თავისი და ძმების ქუდები, დევის შვიდ ქალს ჩუმად მიუახლოვდა და სათითაოდ დაახურა, ხოლო მათი ოქროს გვირგვინები თავის ძმებს დაადგა თავზე. ერთი თვითონაც დაიდგა.

მოხდა სწორედ ის, რასაც ცეროდენა ფიქრობდა. შუაღამისას დევმა გამოიღვიძა და ინანა, რატომ გადავდე ხვალისთვის ის, რაც ამაღამვე შემეძლო გამეკეთებინაო.

ლოგინიდან წამოვარდა და დანას დაავლო ხელი.

- აბა, ერთი ვნახო, როგორ არიან ჩვენი ცუღლუტი ბიჭები, - თქვა მან. - მოდი დღევანდელ საქმეს სახვალიოდ ნუღარ გადავდებო.

ხელის ფათურით შევიდა თავისი ქალიშვილების ოთახში და პატარა ბიჭების საწოლს მიუახლოვდა. ყველას ეძინა, გარდა ცეროდენასი, რომელსაც შიშის ჟრუანტელმა დაუარა, როცა დევის ხელის ფათური იგრძნო.

დევმა ოქროს გვირგვინს ხელი შეახო და თქვა:

- კინაღამ კაი საქმე არ ჩავიდინე! მართლაც ბევრი დამილევია წუხელ.

მერე თავისი ქალიშვილების საწოლთან მივიდა, ბიჭების პატარა ქუდებს შეეხო და თქვა:

- აი, სად ყოფილან ჩვენი ვაჟკაცები. ახლა კი უნდა ვიჩქარო, - თქვა თუ არა, საკუთარ ქალიშვილებს უყოყმანოდ ყელი გამოსჭრა და დიდად კმაყოფილი კვლავ ცოლის გვერდით დაწვა.

როგორც კი ცეროდენას დევის ხვრინვა შემოესმა, ძმები გააღვიძა და უთხრა, საჩქაროდ ჩაიცვით და გამომყევითო. ბიჭები ჩუმად ჩავიდნენ ბაღში და გალავანს გადაახტნენ, თითქმის მთელი ღამე ირბინეს შიშისგან აკანკალებულებმა, არც კი იცოდნენ, საით მირბოდნენ.

დევმა რომ გაიღვიძა, ცოლს უთხრა:

- ზევით ადი და ის ცუღლუტი ბიჭები გამოაწყვეო.

დევის ცოლი ძალიან გააკვირვა თავისი ქმრის ასეთმა გულკეთილობამ. ეჭვიც არ შეჰპარვია იმაში, რა აზრით თქვა დევმა, ბიჭები გამოაწყვეო; დარწმუნებული იყო, მიბრძანა, ტანისამოსი ჩააცვიო. ქალი ზევით ავიდა და სახტად დარჩა: შვიდივე ქალიშვილი ყელგამოჭრილი ცურავდა სისხლის მორევში. დედას გული წაუვიდა.

დევმა იფიქრა, ჩემი ცოლი დროზე ვერ შეასრულებს ჩემს თხოვნასო და ზევით ავიდა დასახმარებლად, მაგრამ ცოლზე მეტად თავად გაშტერდა, როცა თვალწინ საზარელი სურათი წარმოუდგა.

- ვაიმე, ეს რა ვქენი! - შეჰყვირა მან, - ახლავე ვუჩვენებ სეირს იმ წყეულებსო.

მერე ცოლს მთელი კოკა წყალი შეასხა სახეში და უთხრა, ახლავე შვიდმილიანი წაღები მომეცი, ბიჭებს უნდა გავეკიდოო.

დევი გზას გაუდგა: მთელი მხარე მოიარა და ბოლოს ერთ ბილიკს დაადგა, ამ ბილიკზე საბრალო ბავშვები მირბოდნენ, მამის სახლამდე რაღაც ასიოდე ნაბიჯიღა დარჩენოდათ.

ბავშვებმა თვალი მოჰკრეს დევს, რომელიც მთიდან მთაზე აბიჯებდა და ისე ადვილად ალაჯებდა მდინარეებზე, თითქოს პატარა ნაკადულები ყოფილიყოს.

ცეროდენამ იქვე ახლოს ერთი გამოქვაბული დაინახა, შიგ თავისი ექვსი ძმა დამალა და თვითონაც შეძვრა, თან დევს არ აშორებდა თვალს.

დევმა ირბინა და ძალიან დაიღალა. შვიდმილიანი წაღები ძალიან დამღლელი აღმოჩნდა. გადაწყვიტა, ცოტას დავისვენებო და სწორედ იმ კლდეზე ჩამოჯდა, სადაც პატარა ბიჭები იმალებოდნენ.

დაღლილობისგან დევს ღონე მთლად გამოელია. ცოტა ხნის შემდეგ ჩაეძინა და ისეთი საზარელი ხვრინვა ამოუშვა, რომ საბრალო ბავშვებს ახლა უფრო შეეშინდათ, ვიდრე მაშინ, დიდი დანით ყელის გამოჭრას რომ უპირებდა.

ცეროდენას გული მაგრად ჰქონდა. მან ძმებს უთხრა, ვიდრე დევს ღრმად სძინავს, სწრაფად შინ გაიქეცით, ჩემზე კი ნუ იდარდებთო. ბავშვებმა დაუჯერეს და საჩქაროდ შინ მოკურცხლეს.

ცეროდენა დევთან უჩუმრად მიიპარა, წაღები გააძრო და თვითონ ჩაიცვა. წაღები ძალიან დიდი იყო, მაგრამ ჯადოსნური თვისება ჰქონდა, ვისაც უნდა ჩაეცვა, ფეხზე მოადგებოდა. ცეროდენასაც ისე მოერგო, თითქოს საგანგებოდ მისთვის ყოფილიყო შეკერილი.

ცეროდენა პირდაპირ მეფის სასახლეში მივიდა. თურმე ორასი მილის დაშორებით მეფის ჯარი მტერს ებრძოდა. მეფეს კი ძლიერ ადარდებდა ამ ბრძოლის ბედი. ცეროდენას მეფისთვის უთქვამს, თუ ნებას მომცემთ, ამ საღამომდე ჩამოგიტანთ ჯარის ამბავსო. მეფე დიდძალ ფულს დაჰპირდა.

ცეროდენამ თურმე იმავე საღამოს მოუტანა მეფეს ამბავი და ამ შემთხვევამ დიდად გაუთქვა სახელი. მერე მამისეულ სახლში დაბრუნდა, სადაც ენით აუწერელი სიხარულით შეხვდნენ.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ