I თავი
გაბრიელმა ხან ხმას აუწია, ხან ხელი ხელს შემოჰკრა, ხან თითით დაემუქრა აჟივჟივებულ შვილიშვილებს. ბოლოს მეტი რომ ვერაფერი მოახერხა, გაბრაზებულმა მაგიდის კუთხეს გაშლილი ხელი მთელი ძალით დაჰკრა და ფეხზე წამოდგა.
ქერანაწნავებიანმა პატარა მზიამ თავი წყენით ჩაღუნა და ასლუკუნდა. მზიას გვერდით მჯდარი ნიკოც შემკრთალი შეჰყურებდა პაპას. სულ პატარა, მუდამ მოტიტინე ვანოც გატრუნული იყო. ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ყველას.
- რა დაგემართათ? ისეთი ალიაქოთი ატეხეს, თითქოს ქვეყანა იქცეოდეს.
- მერცხლის ბუდეა, სასახლე ხომ არ არის, დაინგრევა და დაინგრეს! - წამოიძახა გაბრიელმა და ოთახში გაჯავრებით გაიარ-გამოიარა.
ამის თქმა და წუთით განაბული ბავშვების ახმაურება ერთი იყო. მზია უფრო მეტად ასლუკუნდა, ნიკომ რაღაც წამოიძახა, ფეხზე წამოხტა და დიდედასთან მიირბინა, პატარა ვანომ საშინელი ჭყივილი ატეხა. დიდები პატარებს აშოშმინებდნენ, ტუქსავდნენ, უყვავებდნენ. პატარები მაინც არ იშლიდნენ, არ წყნარდებოდნენ, თავისას მოითხოვდნენ.
- ჩაი გაცივდა! - მკაცრად გამოაცხადა დიდედა კატომ.
- არ მინდა, არ მინდა!.. ბუდეს ნუ ჩამოშლით, არ მინდა! - ჯიუტად იმეორებდა მზია, ჩაის ფინჯანს განზე სწევდა და თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
ფანჯარასთან გაჩერებული გაბრიელი უცებ შემობრუნდა, მზიასთან მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა, დაუყვავა და ტკბილი ხმით უთხრა:
- მაშ, რა ვქნათ, შვილო, მერცხლის ბუდის გამო სახლის შეკეთებას თავს ხომ ვერ დავანებებთ? ჰა, როგორ მოვიქცეთ, ვიცხოვროთ ამ ერთ პატარა ოთახში?..
მზია თავჩაღუნული უსმენდა და თავის დღიურზე ფიქრობდა. ამ დღიურში ის სოფელში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე იწერდა მერცხლების ყოველდღიურ თავგადასავალს. აკვირდებოდა, გულმოდგინედ უთვალთვალებდა, როგორ ისხდნენ მერცხლები ახლად დადებულ კვერცხებზე, როგორ გამოჩეკეს ბარტყები, როგორ ფაქიზად უვლიდნენ, თავს ევლებოდნენ, უფრთხილდებოდნენ და იქვე განაბულ გოგონას სიყვარულით ჩამოჟღურტულებდნენ.
ახლა კი...
რაღა უნდა ჩაწეროს დღიურში? როგორ დაამთავროს? როგორ ჩაწეროს დღიურში, რომ მის ოჯახში მერცხლის ბუდე შეუბრალებლად დაანგრიეს და ბარტყები... არა! არა, ეს არც მოხდება და არც ჩაწერს ამას დღიურში.
- მერცხლებს ბარტყები ჰყავთ... ისეთი პატარა, პატარა ბარტყები, რომ... მალე დააფრენენ, ნუ ჩამოვუშლით ბუდეს.
მზიას ხმა ჩაუწყდა, ვედრებით შეხედა მოხუცს და თვალები ისევ ცრემლით აევსო.
- ერიჰაა! - წამოიძახა გაბრიელმა, - ბარტყების დაფრენას მერცხლები ერთორ კვირას მაინც მოუნდებიან. აბა, ეს როგორ იქნება!
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
- მომისმინეთ, - უცებ სიხარულით წამოიყვირა ნიკომ და ფეხზე წამოხტა, - წინადადება შემომაქვს, რადგან დანგრევა და სხვაგან ახალი სახლის აშენება შეუძლებელია, ჩვენი მერცხლების ბუდე გადავიტანოთ აივანზე!
- აგაშენათ ღმერთმა, მალე მორჩით და გაათავეთ! - შვებით ამოისუნთქა გაბრიელმა.
- აივანზე მართლაც კარგი იქნება, აივნის ჭერი უკვე შეკეთებულია, აბა საქმეს შევუდგეთ! - ჩაერია საუბარში აქამდის გაჩუმებული ნიკოს, მზიას და ვანოს მამა. ისიც ფეხზე წამოდგა.
ყველამ მეორე ოთახს მიაშურა, ბუდის ქვეშ დადგმულ გასაშლელ კიბეზე ერთი მხრიდან სოსე ავიდა, მეორე მხრიდან - ნიკო. ბუდის პირი მის მხარეს იყო. ნიკომ ფრთხილად ჩაიხედა ბუდეში. ხმაურზე ოთხმა ოდნავ შეღინღლულმა ბარტყმა ერთად ასწია ყვითელი დიდი თავი, პირი ფართოდ დააღო და მხიარულად აჟივჟივდა. ნიკომ ჯიბიდან დანა ამოიღო. გაშალა და ფრთხილად დაიწყო ბუდის მოშორება.
- ვაიმე, ბარტყები არ ჩამოცვივდნენ! - იძახდა შეწუხებული მზია და თვალს არ აშორებდა მათ საქმიანობას. სოსემ ნაბდის ქუდი მოიხადა და ქვემოდან შეუშვირა ბუდეს. უცებ ოთახში მერცხლების მთელი გუნდი შემოიჭრა. ფრთოსნები ბუდესთან ახლოს მისვლას ვერ ბედავდნენ, ოთახში დასრიალებდნენ.
ფრთების ფარფატით ათვალიერებდნენ ნაბუდარს. უცებ საოცარი ჟღურტულით, თითქოს თავის უბედურებას მიხვდნენ, ბუდეს მოშორდნენ და ერთბაშად ისევ გარეთ გაფრინდნენ.
- გაფრინდნენ.. ვაითუ სამუდამოდ გაფრინდნენ და აღარც მოვიდნენ. ვაითუ მიატოვონ ბუდეც, ბარტყებიც, მერე?~ - ფიქრობდა შეწუხებული მზია და ბალიშის შუაგულში რბილად მოკალათებულ ბარტყებს სიბრალულით უთვალთვალებდა.
მაგრამ განა ასე ადვილად დათმობდნენ მერცხლები თავიანთ ბუდეს?! სოსემ აივნის ბოძს კანაფით ფრთხილად მიაკრა ბუდე. კიბეზე შემდგარმა ნიკომ სათითაოდ ჩასხა ბარტყები. მერცხლები ისევ შემოფრინდნენ ეზოში. ჯერ შორიახლოს დაქროდნენ, მერე ბოძებს შუა გაჭიმულ თოკზე ჩამოსხდნენ.
- აქა, აქა, მერცხალო, მერცხალო! - შესძახოდა მზია და ბუდისკენ უთითებდა. მერცხლები ბუდესთან მისვლას ვერ ბედავდნენ, ეჭვით გასცქეროდნენ, გაქვავებულნი ისხდნენ.
უცებ ისევ შურდულივით მოსწყდა ერთი მათგანი ადგილს და თვალს მოეფარა, დანარჩენებმაც მას მიჰბაძეს.
II თავი
გავიდა ერთი საათი, ორი... სოსე ჩაქუჩს არაკუნებდა, ეზოში ხერხის ხმა ისმოდა. ყველანი ჩუმად ისხდნენ და მერცხლების გამოჩენას მოუთმენლად ელოდნენ... ბუდეში დამშეული ბარტყები მინაბულიყვნენ, მერცხლები კი არ ჩანდნენ.
დადგა სადილობის დრო. ყველანი დიდი მაგიდის ირგვლივ ჩამოსხდნენ.
ხმას არავინ იღებდა. ყველა მიტოვებულ ბუდეში მსხდარ დამშეულ ბარტყებზე ფიქრობდა.
- მერცხალი ძალიან მოსიყვარულე ფრინველი მეგონა, - დაარღვია სიჩუმე დიდედა კატომ და პაპა გაბრიელს გახედა. - ბარტყების ასე მიტოვება შეიძლება?
- არა, დიდედა... მე მგონი, ეს ყველაფერი ჩვენს მერცხლებს მოუფიქრებლობით ემართებათ, ვერ მიმხვდარან, რა მოხდა. ვერ მიმხვდარან, რომ ბუდეს ადგილი შევუცვალეთ! - სიტყვა ჩამოართვა ნიკომ.
- არა, არა! - წამოიძახა მზიამ წყენით, - ჩვენი მერცხლები არც შეუბრალებლები არიან და არც უგუნურნი... აბა, ჩვენ დაგვინგრიონ სახლი, აბა, ჩვენ აგვაწიოკონ, განა არ შეგვეშინდება?.. მე მგონი, მერცხლები დაფრთხნენ...
აქამდე გაჩუმებულმა პაპა გაბრიელმა მზიას გაუღიმა, თავი დაუქნია და მშვიდად თქვა:
- მე მგონია, ყველაზე ახლოს სიმართლესთან მზიას ნათქვამია... მერცხლები მართლაც შეშინდნენ, სიფრთხილის გამო ბუდეს არ ეკარებიან. აი, ნახავთ, თუ არ დაუბრუნდნენ ბუდეს!
- მანამდე ხომ ბარტყები შიმშილით დაიხოცებიან! - წამოიძახა მზიამ.
ამ სიტყვებმა ყველა დააფიქრა, სადილიც გაუგემურდა... სუფრაზე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
სადილის შემდეგ ნიკომ მზია ცალკე გაიხმო და საიდუმლოდ ჩასჩურჩულა:
- სიმინდს რომ ვთოხნიდი, აუარებელი ჭიაღუა ვნახე... და გადავწყვიტე...
- ჰო, მივხვდი, მივხვდი, რა კარგია! - წამოიძახა სიხარულით მზიამ.
- ჩუმად, ჯერ ნურავის ეტყვი, ეს ჩვენი აღმოჩენა იყოს! - გააფრთხილა ნიკომ. - თუ ამ ერთ-ორ საათში მერცხლები არ მოფრინდნენ...
- კარგი, ასე მოვიქცეთ... მაგრამ ვაითუ ჩვენი ჭიაღუა არ ჭამონ, მერე?..
- ვნახოთ... ცდა ბედის მონახევრეა!
ორი საათიც გავიდა, სამიც და მერცხლები მაინც არსად ჩანდნენ. ნიკო და მზია ცას შესცქეროდნენ.
ისე დაღამდა, რომ მერცხლები მაინც არ მოფრინდნენ. ნუთუ მართლა მშობლიური გრძნობა არ გააჩნიათ, როგორც დილას დიდედა კატომ თქვა. არა, არა, მე მჯერა.. საცოდავი ბარტყები ისე დასუსტდნენ, რომ თავს ვეღარ სწევდნენ მაღლა. რა ჭკვიანი ძამიკო მყავს, რა კარგად მოიფიქრა: ეზოში აუარებელი ჭიაღუა მოვაგროვეთ და ბარტყებს მივუტანეთ, რომ მოგესმინათ, შეგებრალებოდათ, ისეთი ჟღურტული და ჭყიპინი ატეხეს. კარგად გაძღნენ და დაიძინეს... ეს რომ არ მოგვეფიქრებინა, ვინ იცის, გაუძლებდნენ თუ არა მთელი დღე-ღამის შიმშილს. თუ მერცხლები არ მოფრინდებიან...
პაპა გაბრიელი იგვიანებს. ვიცი, ისიც წუხს. მაგრამ სადა სცალია ჩვენი ბარტყებისათვის, საქმე აქვს... ნეტავ მერცხლები ხვალ დილით მაინც მოფრინდებოდნენ.
მზიამ თვალი გაახილა, იქვე მეორე ტახტზე მწოლარე ნიკოს ხელი ფრთხილად გაჰკრა და გამოაღვიძა. ორივენი ჩუმად წამოდგნენ და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდნენ აივანზე. მზე ჯერ არ ამოსულიყო. ბავშვები ეზოში ჩავიდნენ და ჭიაღუას მოგროვებას შეუდგნენ, თან მაინც მოუთმენლად მოელოდნენ მერცხლების გამოჩენას.
ის-ის იყო მზე ამოიწვერა გაღმა ქედებზე და მისმა პირველმა სხივებმა აივანზე შეითამაშეს, რომ სანატრელი ჟღურტულიც გაისმა. მერცხლები აივანზე შეფრინდნენ და მაშინვე ბუდეს მიაშურეს. მზიამ და ნიკომ სიხარულის ყიჟინა დასცეს. გაბრიელი და დიდედა კატო აივანზე გამოცვივდნენ და ისინიც გახარებულნი გასცქეროდნენ მერცხლის ბუდეს, რომელსაც ხან ერთი მერცხალი მიაშურებდა და ბარტყებს თავს ევლებოდა, ხან მეორე.
"რომ იცოდეთ, როგორ გალამაზდა ჩვენი სახლი, - წერდა მზია თავის დღიურში, - მიხარია, რომ ახალი სუფთა სახლი გვაქვს. მიხარია, რომ ბუდეც უვნებელი გადარჩა და მერცხლებიც ბედნიერები არიან. ახლა ისინი ფრენას ასწავლიან ბარტყებს. თუ არ გინახავთ, უნდა უსათუოდ ნახოთ, როგორ ასწავლის მერცხალი თავის ბარტყებს ფრენას.
გუშინწინ დედა მერცხალი მოფრინდა ბუდესთან, ბუდის პირდაპირ ფრთების ფარფატით ჰაერში გაჩერდა და ჭიაღუათი გამოტენილი ნისკარტი ახლოს მიუტანა ყველაზე თამამ ბარტყს.
ბარტყი ბუდიდან ამოფორთხდა, მის ნაპირას ჩამოჯდა და ფრთების ქანაობით და ჟღურტულით სთხოვდა დედას საკვებს. მერცხალი ახლოს, სულ ახლოს მიუტანდა ნისკარტს ბუდიდან გადმოხრილ ბარტყს და აივანზე გაიქროლებდა. უცებ ბარტყმა თავი ვეღარ შეიმაგრა, ბუდეს მოსწყდა, შეიფართხალა და... ისიც გაფრინდა,
დედას დაედევნა...ნიკო, მე და დიდედა კატო ხშირად ვსხედვართ აივანზე და სულგანაბულნი შევცქერით ამ სანახაობას".