ერთი ყმაწვილი ქალი იყო. წავიდა წყლის მოსატანად. წყლის პირას დაჯდა ხის ძირში. იფიქრა:
მე რომ გავთხოვდე, შვილი მომეცემა, წყალზე ჩამოვა, ამ ხეზე ავაო, ხიდან რომ ჩამოვარდეს, ამ წყალში ჩამივარდება და დამეხრჩობაო - უი, შენ დედასაო! მოჰყვა ტირილს.
ამასობაში დედაც აქ მოვიდა და ქალს ჰკითხა:
- რა გატირებს, შვილოო!
- რაღა რა მატირებსო, - უთხრა ქალმა, - რომ გავთხოვდე, შვილი მომეცეს, აქ მოვა, ხეზე ავა, ჩამოვარდება წყალში, დამეღუპება და ბებიას ვიღა დაგიძახებს, როგორ არ ვიტიროო.
- უი, შენ დედასა, ეგ რა მოგსვლიაო! - დაიწყო დედამ მოთქმა და მოჰყვა ტირილს.
მოვიდა ქალის მამა:
- რა გატირებთო, რა დაგმართნიათო?
ცოლმა უთხრა:
- ასე და ასეა, ქალი რომ გაგვითხოვდეს, შვილი მიეცეს, ამ ხეზე ავიდეს და ჩამოვარდეს, წყალში რომ დაიხრჩოს, პაპას ვიღა დაგიძახებსო; შენ კი არ იტირებ შვილიშვილსა, პაპა ხარო?
ქმარმა უთხრა:
- დაიცა, ამ ხეს ტოტს მოვტეხ, რომ ყმაწვილი არ ავიდესო!
მოსტეხა და ურტყა ცოლსა და ქალიშვილს.