ქუჩაში მიდიოდა ჯოხზე დაყრდნობილი კოჭლი კაცი. უკან მიჰყვებოდნენ აბეზარი ბიჭები, დასცინოდნენ და აჯავრებდნენ.
კოჭლი კაცი აბეზარ ბიჭებს ხმას არ სცემდა, მაგრამ ეტყობოდა, ბიჭების დაცინვა გულს უკლავდა.
მოხუცმა კაცმა შეაჩერა ბიჭები და უთხრა:
- მოიცადეთ ბავშვებო! გინდათ, გიამბოთ ამ კოჭლი კაცის ამბავი? მე მას ვიცნობ, ჩემი მეზობელია.
ბიჭებმა ყური დაუგდეს მოხუცს.
- ეს კაცი ახალგაზრდობაში ძალიან მამაცი ვაჟკაცი იყო. ჩვენს უბანში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმოკიდებულ სახლში დედას პაწია შვილი დარჩა. საბრალო დედა ყვიროდა, ყველას ემუდარებოდა, რომ ბავშვი გადაერჩინათ.
აი, ამ კაცმა მიაყუდა კიბე სახლს და ცეცხლში შევარდა. მალე ბავშვი თოკმოკიდებული კალათით დაბლა ჩამოუშვა. თვითონ კიბით ჩამოდიოდა, მაგრამ უკვე ცეცხლი ეკიდებოდა კიბეს და კაცის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, ჩატყდა და კაცი სიმაღლიდან ძირს გადმოვარდა. სწორედ ამ დროს მოიტეხა ფეხი და ამის შემდეგ ის კოჭლია. აი, მისი ამბავი. ახლა გაეკიდეთ და კიდევ დასცინეთ!
ბიჭები თავჩაღუნული და ხმაგაკმენდილები იდგნენ. ზოგ მათგანს თვალებზე ცრემლიც კი მოსდიოდა.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები