იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო სამი ძმა. ძალიან ღარიბად და საწყლად ცხოვრობდნენ. უფროსი ძმების სახელები აღარავის ახსოვს, უმცროსს კი ჭინჭრაქა ერქვა.
ძმებმა თქვეს: - ასე შინ ჯდომით მზამზარეულად არაფერი მოგვივა. წავიდეთ სადმე, ან სამუშაო ვიშოვოთ, ანდა მოჯამაგირედ დავდგეთო.
თქმა და ქნა ერთი იყო, ადგნენ და გაუდგნენ გზას.
ჭინჭრაქა ხელმწიფეს დაუდგა მოჯამაგირედ. ხელმწიფეს გაგონილი ჰქონდა ჭინჭრაქას ეშმაკობა და ერთხელ უბრძანა: ამა და ამ დევს, ოქროს ხელადა აქვს და უნდა მომიტანოო.
ჭინჭრაქამ მოახსენა: ერთი წერაქვი და ნიჩაბი მომეცი და მე ვიციო.
მისცეს წერაქვი და ნიჩაბი. ჭინჭრაქამ წაიღო და ხელადის მოსატანად წავიდა.
იარა, იარა, იარა და მიადგა ერთ გორაკს. ამ გორაკზე დევის სახლი იდგა.
ჭინჭრაქამ დაუწყო მიწას თხრა.
თხარა, თხარა, თხარა და დევის ტახტის ქვეშ გავიდა. ხედავს, ხელადაც იქვე დგას. გაუხარდა და ხელი დაავლო.
დევს კი ერთი ოქროს ფანდური ჰქონდა, რომელიც რასაც დაინახავდა, ან გაიგონებდა, მაშინვე იტყოდა. დაინახა ამ ფანდურმა, როგორ მივარდა ჭინჭრაქა ხელადას და დაიძახა - არიქა, ჭინჭრაქამ ხელადა მოიტაცაო.
წამოხტება დევი, იცქირება აქეთ-იქით, მაგრამ ჭინჭრაქა არსად ჩანს, ხელადა კი იქვეა.
ისევ ამოძვრება ჭინჭრაქა, ისევ სტაცებს ხელადას ხელს და ფანდურიც ისევ დაიყვირებს.
დევი წამოხტება, - ხელადა იქვე დგას.
გაჯავრდა დევი, ეგონა ფანდური მატყუებსო და მის ყვირილს ყურადღება აღარ მიაქცია.
ჭინჭრაქამ მესამედ სტაცა ხელი ხელადას და წაიღო კიდეც.
გაიხედა დევმა - სადღაა ხელადა. წამოხტა და ჭინჭრაქას გამოუდგა, მაგრამ ჰე-ჰე-ჰეი, რაღას დაეწეოდა. მაშინღა მოჰკრა თვალი, როცა ჭინჭრაქამ ბეწვის ხიდზე გადაირბინა.
- კიდევ მოხვალო - მიაძახა დევმა.
- ისე მოვალ, როგორც სიძე ბატონიო - მიუგო ჭინჭრაქამ.
ხელადა ხელმწიფეს მიუტანა. ხელმწიფეს ძალიან გაუხარდა - ეს რა ბიჭი ყოფილაო.
ცოტა ხნის შემდეგ ჭინჭრაქა ხელმწიფემ მეორედ დაიბარა და უთხრა - წადი და იმ დევს რომ ფანდური აქვს, ახლა ის მომიტანეო.
ადგა ჭინჭრაქა და წავიდა. გაძვრა ხვრელში და დევის ტახტის ქვეშ მოიკალათა.
როგორც კი დევმა პირი მიიბრუნა, ჭინჭრაქამ ხელი წაავლო ფანდურს.
ფანდურმა ყვირილი მორთო - ჭინჭრაქამ მომიტაცაო.
დევი თვალებს აცეცებდა, ეძებდა ჭინჭრაქას, მაგრამ ჭინჭრაქა არსად ჩანდა. გაჯავრდა დევი და ფანდურს წყენით უთხრა - ჭირსაც შეუჭამიხარ, რაც გინდათ ისა ჰქენით, შენცა და შენმა ჭინჭრაქამაცო.
ჭინჭრაქამ ფანდურს ხელი დაავლო, ხვრელში გაძვრა და მოუსვა. ის იყო ბეწვის ხიდი გაირბინა, რომ დევმა თვალი მოჰკრა:
- ჰე-ჰეი, ჭინჭრაქავ, შენი იღბალი, რომ გამასწარი, - აღარ მოხვალო?
- ისე მოვალ, როგორც სიძე ბატონიო - მიუგო ჭინჭრაქამ.
მიუტანა ჭინჭრაქამ ხელმწიფეს ფანდური. ხელმწიფეს ისე გაუხარდა, აღარ იცოდა რა ექნა.
გამოხდა ხანი. ხელმწიფემ ისევ დაიბარა ჭინჭრაქა და უთხრა: უნდა წახვიდე და ის დევი მომიყვანოო.
შეფიქრიანდა ჭინჭრაქა, მაგრამ აბა ხელმწიფეს უარს როგორ ეტყოდა.
ბოლოს უთხრა: - მომეცი სადურგლო იარაღი და მე ვიციო. მისცეს კვერი, ხელეჩო, ხერხი, შალაშინი და ყველაფერი, რაც საჭირო იყო.
მივიდა ჭინჭრაქა და დევს გამოეჭიმა. დევმა ახედ-დახედა და ჰკითხა:
- შენ ჭინჭრაქა არა ხარო?
- რა ჭინჭრაქა, რის ჭინჭრაქა! ერთი საწყალი დურგალი ვარ. ფიცრებს ვეძებ, კიდობანი უნდა გავაკეთოო - მიუგო ჭინჭრაქამ.
- ერთი კიდობანი მეც გამიკეთეო - სთხოვა დევმა.
- ძალიან კარგიო - უპასუხა ჭინჭრაქამ.
გააკეთა მაგარი კიდობანი და ჩასვა შიგ დევი. ერთი კი შეტორტმანდა დევი და მილეწ-მოლეწა კიდობანი.
გააკეთა მეორე - დევმა ისიც დაამტვრია.
გააკეთა მესამე - ეს კი ძალიან გამძლე გამოდგა.
დევი კიდობანში ჩაჯდა. ჭინჭრაქამ კიდობანს თავი დაახურა და დალურსმნა. გაუკეთა ბორბლები და გორებ-გორებით წაიღო.
გამწარდა დევი. ბევრი იბრძოლა, მაგრამ კიდობანს ვერაფერი დააკლო.
მიქვს ჭინჭრაქას კიდობანი. უსკდება დევს გული. უთხრა ჭინჭრაქას: - ბეწვის ხიდზე რომ ვიქნებით, გამაგებინეო. უნდა ჭინჭრაქა ხიდიდან გადააგდოს.
ჭინჭრაქა ბეწვის ხიდს გასცდა და დევს მაშინღა უთხრა: - აი, ახლა ვართ ბეწვის ხიდზეო.
გაიწ-გამოიწია დევმა, მაგრამ სად გადააგდებდა, ბეწვის ხიდი აღარსად იყო.
მიუყვანა ჭინჭრაქამ ხელმწიფეს დევი და უთხრა: - ერთი დიდი კიბე მომეცითო.
მისცეს კიბე. მიადგა ერთ მაღალ კოშკს, ზედ აძვრა და კიბეც თან აიტანა. მერე დაუძახა ხელმწიფეს - აი, ახლა ახდეთ კიდობანს თავიო.
ახადეს კიდობანს თავი. ამოხტა გაბრაზებული დევი, დაერია იმდენ ხალხს, ხელმწიფეს, ნაზირ-ვეზირებს და ჯარ-ჯამაათსაც.
ეძებს დევი ჭინჭრაქას, მისი ჯავრი სჭირს, უნდა ისიც გადაყლაპოს, ჭინჭრაქა კი არხეინად ზის კოშკის თავზე.
- ჭინჭრაქავ, მანდ როგორ ახვედიო?
- როგორ ამოვედი და მოვაგროვე დიდძალი თივა, მოვუკიდე ცეცხლი, შევვარდი შიგ და ალმა აქ ამომიტაცაო.
გაიქცა დევი, მოაგროვა თივა, სულ მთელ-მთელ ძნებს მოაძუნძულებდა. მერე მოუკიდა ცეცხლი, ჩახტა შიგ და დაიწვა.
ჭინჭრაქა კოშკიდან ჩამოვიდა. ხელმწიფობა იმას დარჩა. მოიყვანა ძმები და ცხოვრობდნენ ბედნიერად.