ტროტუარზე მიძუნძულებდა საცოდავად გალუმპული თეთრი ძაღლი. თუმცა სითეთრე აღარც ეტყობოდა, ისე იყო ლაფში ამოსვრილი. მირბოდა ძაღლი, ყურადღებას აღარაფერს აქცევდა, თითქოს მისთვის ყველაფერი სულერთი იყო.
მთელ დღეს ასე უგზო-უკვლოდ იძუნძულა და იხეტიალა. საღამოჟამს მთელი დღის უჭმელი შიმშილმა შეაწუხა. შეჩერდა, აჩქარებული ნაბიჯით მიმავალ ადამიანებს თვალიერება დაუწყო, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ადამიანების უყურადღებობას ძაღლი პირველად წააწყდა.
ეს ძაღლი ბროლია იყო. ერთ დროს მას ქათქათა ბეწვის გამო შეარქვეს ეს სახელი და ბინაც მიუჩინეს. ახლა კი, წყალდიდობის შემდეგ უბინაოდ დარჩენილი, გზააბნეული და მშიერ-მწყურვალი იდგა ტროტუარზე და არ იცოდა, სად წასულიყო.
ამ დროს მოხუცმა კაცმა ჩამოიარა. ფიქრებში წასული, ნელი ნაბიჯე- ბით მიდიოდა, თან ხელჯოხს ეყრდნობოდა. ხელში პროდუქტით სავსე ჩანთა ეჭირა.
ბროლიამ კარგად იცოდა ადამიანების ხასიათი, ადვილად არჩევდა კეთილსა და ავს. ამიტომაც, დაინახა თუ არა თავისთვის მიმავალი, ფიქრებში ჩაძირული მოხუცი, მაშინვე მოეწონა, მასში სანდო ადამიანი შეიცნო და უყოყმანოდ აედევნა.
მოხუცმა მალევე შენიშნა ადევნებული ძაღლი და ჯერ ნაბიჯი შეანელა, შემდეგ შეჩერდა. ბროლიამაც შეანელა ნაბიჯი და საწყალი თვალებით შეაცქერდა ადამიანს. ძაღლი იმ დღეს სილამაზითა და სისუფთავით ნამდვილად ვერავის მოხიბლავდა, ტალახით ისე მოსვრილიყო, ძნელი გასარჩევი იყო მისი ბეწვის ბუნებრივი ფერი.
- მშიერია ეს საცოდავი, - ჩაილაპარაკა მოხუცმა და გულის კუნჭულში ტკივილი იგრძნო, - თან ეტყობა, პატრონიც არ უნდა ჰყავდეს, - გაიფიქრა და მაშინვე ხელჩანთა გახსნა, ჯერ პურს მოატეხა მოზრდილი ნაჭერი, მერე - ძეხვს, ბოლოს ხელებში მიჩერებულ ძაღლს გახედა და საკვები გადაუგდო.
ბროლიამ პური ჰაერშივე დაიჭირა, იქვე ჩაჯდა, პურისა და ძეხვის ნაჭრები თათებს შორის მოიქცია და მადიანად შეექცა. საბრალო ისეთი დამშეული იყო, რომ ყველაფერი მალევე შესანსლა.
ჭამას რომ მორჩა, ბროლიამ მოხუცს გახედა. მოხუცი ამასობაში კარგა შორს წასულიყო. დანაყრებული ძაღლი მხიარულად წამოხტა და კაცს დაედევნა. დაეწია, კუდის ქიცინით ჩაურბინა, კბილები დაკრიჭა და მადლიერების გრძნობით შეხედა.
მიდიოდა მოხუცი, რომელსაც ძაღლი ხან წინ გაუსწრებდა, ხანაც უკან ჩამორჩებოდა. ასე მიაცილა სახლამდე.
მოხუცმა სახლის კარი ფართოდ გააღო და ოთახში ჯერ ბროლია შეუშვა...