მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 5972 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მეცხრე ღამე, მეექვსე საიდუმლო

 

იოანე საბანისძის ვაჟი მიქაელი ქართლის ერისმთავრის სტეფანოზის კარზე მდივან-მწიგნობრად მუშაობდა. იგი შორით ეტრფოდა მცხეთის ციხისთავის დას - მშვენიერ ანოს.

თბილისის ამირას ბრძანებით, გაქრისტიანებული არაბი ჭაბუკი აბო სარკინოზებმა შეიპყრეს. განრისხებული იოანე საბანისძე ცარიელ დილეგში შეიჭრა და მოითხოვა: როგორც აბოს მოძღვარი, მეც შემიპყარითო. არაბებს ეს ხელს არ აძლევდათ და იოანე ძალით გამოიყვანეს საპყრობილიდან.


* * * * * * *

 

ნათლისღების წინა დღეებში სასახლეში უწყება მოიტანეს, ნათლისღებას ტფილის-ქალაქში აბოს აწამებენ, სრულიად ქართლი იქ უნდა შეიკრიბოსო.

შავით მოსილი ანო კარის საყდარში ჩამოიჭრა, ილოცა აბოს სულისთვის, მოძღვარს აღსარება უთხრა და გულის კანკალით საიდუმლო გაანდო:

- მამაო, ქრისტემან საპყრობილით ჯოჯოხეთისა აღმოგვიყვანა, ჩვენგან საპყრობილესა მყოფთა თანა მისვლასა ითხოვს...

შავ თავსაფარს ქვემოდან გიშრისფერი თვალები ჯადოქრულად უბზინავდა.

კარის მოძღვარი ხსართან ხუცესი შეცბა. ანოსაგან არ მოელოდა ამგვარ სიტყვებს. მართალია, ანოც, გუარამიც და მათი მამაც მისი აღზრდილები იყვნენ, მაგრამ ისინი ხომ სარკინოზებს ემსახურებოდნენ? განა მცხეთის მამასახლისის დას მისცემდნენ უფლებას, ხალიფას ორგული მუსლიმი საპყრობილეში ენახა? დახეთ საკვირველებას! ანომ ერთხელაც შეანათა თავისი გიშრის თვალები ხუცესს და შეჰღაღადა:

- მოწამე აბო ისმაიტელყოფილს ხვალ მოაკვდინებენ, აღასრულეთ ნება ღვთისა: მე და აბოს ჯვარი დაგვწერეთ!

ხსართან ხუცესმა ყურები დაიცო, შეშინებულმა გაიხედ-გამოიხედა საყდარში, მუხლზე დავარდნილი ასული ფეხზე წამოაყენა და დაუყვავა.

- ილოცე, შვილო, ილოცე... ლოცვა უშველის შენს ვარამს...

- გევედრებით, მამაო, ახლავ წავიდეთ ტფილის-ქალაქს, ჯორები გალავანს გადაღმა გველოდებიან.

ხუცესმა ანოს პირჯვარი გადასწერა.

- ჩუმად! - უჩურჩულა, - თავს იღუპავ და სხვასაც ღუპავ მაგ სიტყვებით... გვამში ეშმაკი ჩაგსვლია და ის გალაპარაკებს...

- თვითონ უფალი მირჩევს აბოსთან წასვლას, მამაო, უფლის ნებით ავიდგი ენა... - ანო მოძღვარს ხელზე ემთხვია და კვლავ დაემხო მის ფეხებთან, - უფალი ჩვენი, მაცხოვარი იესო ქრისტე მზეა, - შეჰღაღადა ხუცესს ქალწულმა, - მე და აბო ვით ორი ქვესკნელის პეპელა, მისკენ მივისწრაფვით. იმად მივდივარ ტფილისქალაქს...

- გაჩუმდი-მეთქი, წერას ატანილო, არავინ უწყის, ხვალ რას გვიმზადებენ, ახლა კიდევ ეს უცნაური ჯვრისწერა! მოგაკვდინებენ, იცოდე!

- დაე, მომაკვდინონ, პაპაჩემის, გუარამის - ჩემი ძმის, ცოდვილი სულები უნდა გადავარჩინო.

- გეყოფა! გაჩუმდი!

აზრახდა ხმამაღლა ხუცესი, შერცხვა მაღალი ხმის, მიუბრუნდა დანანებით და ხმადაბლა ჰკითხა:

- ჰყვარობდით ერთმანეთსა?

- არა, საკანში გავეცნობი და ჯვრისწერას შევთავაზებ...

- სიკვდილმისჯილს შესთავაზებ ჯვრისწერას?

ანო უფლის ხატს მიეახლა და პატიება სთხოვა მუხლმოყრილმა... თვალთაგან ცრემლმა იწვიმა.

ხუცესმა ჯვარი გადასწერა.

- ძმისგან მალულად? - დამფრთხალმა ხუცესმა ჩურჩულით ჰკითხა.

- ფარულად ყოველთაგან, - მიუგო მტკიცე ხმით.

- პყრობილთან გსურს ფარული ჯვრისწერა? - ხსართან ხუცესს თვალები გადმოეკარკლა, - ტიპიკონი გვიკრძალავს! არა! - აზრახდა კვლავ ხმამაღლა ხუცესი, სამკვეთლოში შევარდა უაზროდ, გამოფათურდა იქიდან და ანოს თითქოს პირველად ხედავსო, გონებაამღვრეული მიაშტერდა:

- უნდა განვუდგე ჩემს პატრონს, მფარველსა და მწყალობელს, შენს ერთადერთ ძმას - გუარამს?.. - ღელვისაგან მოხუცს ხელები უთრთოდა და ჯვარს მაღლა-მაღლა სწევდა. თითქოს მართლა ეშმაკეულს ელაპარაკებოდა.

- უფალს, იესო მაცხოვარს განუდგები?! - კითხვას კითხვითვე მიუგო ანომ.

ხსართან ხუცესმა თვალები მაღლა აღაპყრო, პირჯვარი გადაისახა და "სახელითა მამისათა" წართქვა.

ანო ხუცესს ატაცებული მისჩერებოდა, მოხუცს მისი ეშინოდა და თვალს არიდებდა.

- საბანისძემ, ერთადერთმა ზნეკეთილმა ქრისტიანმა, აღასრულა უფლის ნება, მივიდა საპყრობილესა, ჩვენ რასა ვიქმთ! - ერი და ბერი?.. შიშით სოროში ვიმალებით, ვითარცა ქრცვინი და თაგვი.

ჩურჩულ-ჩურჩულით გამოვიდნენ საყდრიდან.

- გუარამს, შენს ძმას ვკითხოთ, ღვთის სულო, - შეევედრა მოხუცი, - სხვარიგ არ ეგების... ჩემს ჭაღარას ეცი პატივი...

ანოს მოხუცი შეებრალა, გადაწყვიტა, მარტოკა წასულიყო ტფილისში. მიქაელი მოეძებნა, მისი დახმარებით მღვდელიც ეშოვა და აბოსთანაც შეეღწია.

- მე თქვენთან ლოცვა-კურთხევისათვის მოველ, მამაო, ჭეშმარიტი ქრისტიანი სულიერ მოწაფეს თვისას ბნელში არ დატოვებს... - უთხრა მბრძანებლის კილოთი, თავსაფრით სულ მთლად დაიფარა პირისახე და გალავნისაკენ წავიდა.

ხუცესი უკან გამოუდგა ლუღლუღით.

- თვით მოწამემ რომ არ ისურვოს ჯვრისწერა? - უკან დაადევნა.

- იყოს ნება მისი... - მოაძახა ანომ მშვიდად და გზა განაგრძო.

- ანო! - დაუძახა ხუცესმა, - მომისმინე!..

- მე ტფილისს მივდივარ, მოძღვარო... ჯორები გალავანს გადაღმა მელოდებიან... - ერთხელაც მოუბრუნდა ანო.

სასოწარკვეთილმა ხსართან ხუცესმა სასახლისაკენ მიიხედა, გუარამის რიდი ჰქონდა, რას იტყოდა მამასახლისი, მისი და ჯვარს იწერდა სიკვდილმისჯილთან, კარის მოძღვარს ხელი არ შეეშალა?

- ეგებ კათალიკოსს ვკითხოთ, გუარამს თუ არა? - კვლავ შეევედრა ხუცესი, - ღმერთი გვიწყენს თვითნებობას...

- ღვთის ნებით მივდივარ აბოსთან, მამაო, თვით უწმინდესიც ვერ შემაჩერებს, - თქვა ანომ მტკიცედ და ბჭისკარისკენ კი არ წავიდა, საიდუმლო კარს მიადგა. მსახურმა შეთქმულივით სწრაფად გაუღო კარი და სწრაფადვე ჩარაზა, ხუცესმა ძლივს მოასწრო გასვლა.

განა ანოს მიატოვებდა, ჯვარსაც დასწერდა, თუ დასჭირდებოდა, მისთვის თავსაც დადებდა, მაგრამ პატრონების უკითხავად არასდროს გადაედგა ნაბიჯი, ყმაწვილის აყოლა არ შეეფერებოდა, - ეგებ გზაში დავიყოლიო და უკან გავაბრუნოო, თვისი საქციელის გასამართლებლად მოიგონა ეს. გალავნის გადაღმა ანოს

შეკაზმული ჯორები და მხლებლები ელოდებოდნენ, სიტყვა არავის უთქვამს.

უბრად ამხედრდნენ და ტფილისის გზას დაადგნენ...

 

* * * * * * *

 

ერისმთავრის სასახლეს ჯოროსნები რომ მიადგნენ, მსახურთ ერისმთავრის სტუმარი ეგონათ მცხეთის მამასახლისის და. მესტუმრეთუხუცესმა იცნო და პატივით გამოეგება.

ანომ მიქაელი იკითხა.

სასახლის მსახურთ გაუკვირდათ, როცა სტუმარმა თავი დაადო და მიქაელის ბინას მიაშურა.

მიქაელი სიხარულით ცას ეწია: თავი სიზმარში ეგონა. ის, რაც თვითონ, ვაჟკაცმა ვერ გაბედა, ასულმა აუცხადა, - თავისი ფეხით მოვიდა!

მიქაელი ჯერ ხსართან ხუცესს ეამბორა ხელზე, ჯვარზე, შემდეგ ანოს ფეხებთან დავარდა.

- ადექ, ყრმაო, - უთხრა ანომ ცივად, - აბო უნდა ვნახოთ, ახლავე, ამისთვის მოველ!..

მიქაელი არც განძრეულა, არ გაუგია, ანომ რა უთხრა. ერთადერთი სიტყვა ჩაეჭრა სულში უსიამოდ - "აბო". ამ სიტყვამ წამოაყენა ფეხზე და ანოს თვალებში ჩახედა.

- მე მინდოდა გუარამთან მოსვლა... მაგრამ... ვერ... გავბედე... დამაგვიანდა... მე... - ალუღლუღდა ვაჟი.

ქალის სიახლოვემ რეტი დაასხა, გაბრუებული იდგა. ანოსი მხოლოდ ხმა გაიგონა. ამ ხმის სიტკბომ გონება დაუბნელა, ნეტარებას მიეცა, გონწართმეულს ერთადერთი სიტყვა შერჩა ხელთ, იმ ერთადერთმა სიტყვამ დააბრუნა მიწაზე. ჯერ იფიქრა, მომესმაო, მაგრამ ის სიტყვა ანოს თითქოს შუბლზე ეწერა.

- წავიდეთ, მიქაელ, - ახლა უკვე გარკვევით ჩაესმა ქალის ხმა.

მიქაელი არც წასვლაზე ფიქრობდა, არც დარჩენაზე, გაოცებული შესცქეროდა ანოს, ის ახლა შებრუნებულიყო, კარისკენ მიდიოდა.

- სსაად წავიდეთ? - ენა დაება მიქაელს. "აბო" - ახლა უკვე ნამდვილად გაიგონა ყმაწვილმა. ანოს ტუჩებმა წარმოთქვეს ეს სიტყვა. რატომ წარმოთქვეს, სხვა სიტყვები რა თქვა ქალწულმა, მიქაელს კვლავ აღარ გაუგონია. რატომ ახსენებდა წარამარა პყრობილს, სიკვდილმისჯილს ამირას მოხელის და? განა ანო აბოს იცნობდა?.. ბრუდასხმულ მიქაელს ხსართან ხუცესი მიუახლოვდა, ხელი მოჰკიდა, გვერდით გაიყვანა და საიდუმლოდ უთხრა:

- ამაღამ როგორმე აბოსთან უნდა შეგვიყვანოთ, სხვა გზა არ არის. ჯვრისწერას მთხოვს...

ხუცესმა არ იცოდა მიქაელის ტრფიალის ამბავი, პირდაპირ მიახალა, რისთვისაც ჩამოვიდნენ მცხეთიდან.

- რა ჯვრისწერას? არ მესმის... ვინ იწერს ჯვარს? - ჰკითხა მიქაელმა.

- ანოსა და აბოს ჯვარი უნდა დავწერო ამაღამ, - მიუგო ხუცესმა.

- ანოსა და... აბოს - ამოიხრიალასავით მიქაელმა, - ანო! - მიაძახა კარში გასულ ანოს სასოწარკვეთილმა.

ანო ბინაში შებრუნდა.

- ხვალ აბოს სიკვდილით დასჯიან... - უთხრა მიქაელმა თანალმობით, თითქოს აბოს სიკვდილი დაიხსნიდა თავს დატეხილი უბედურებისაგან.

- იმიტომაც ვიწერ ჯვარს, - ამაყად მიუგო ანომ, - ერთადერთი მამაკაცი გვყოლია და ისიც იმ ქვეყანას მიდის... უნდა მოვასწრო, ამაღამ უნდა ჯვარი დავიწერო.

- ხომ იცი, ამისთვის რაც მოგელის... გონს მოდი, ანო! - მიქაელი კვლავ დავარდა მის ფეხებთან, - ამაღამვე შეგიპყრობენ, შენ, შენს ძმას გუარამს, მთელ საგვარეულოს!.. ქართველ დედათაგან ჯერ არავის სმენია ასეთი საქციელი.

- დღეიდან ისმინონ! - მიუგო ატაცებულმა, - როცა მამანი მახვილს ძირს ხრიან, დედათა უნდა აღაპყრონ!..

ანომ ზიზღით დახედა ძირს დამხობილსა და გავიდა, მხლებლები გარეთ ელოდებოდნენ.

მიქაელი მოკლეს, თავის ვიწრო ბინაში, ძირს დამხობილს ზურგში ჩასცეს მახვილი და სული გააფრთხობინეს. ქართლსა შინა ერთადერთი მამაკაცი გვყოლია, უნდა მოვასწრო, ამაღამ ჯვარი უნდა დავიწეროო - ნუთუ ანომ არ იცოდა, რომ მიქაელს უყვარდა, ნუთუ ამაოდ ყურყუტებდა მისი სასახლის კარიბჭესთან, ნუთუ ტყუილად შესციცინებდა ვითარცა მზეს, ანოც ამაოდ უღიმოდა შავ თავსაფარს ქვემოდან და ლერწამტანის ნაზი რხევით ამაოდ უკოდავდა ყმაწვილკაცს გულს.

დამცირებული, მიწასთან გასწორებული, პირქვედამხობილი ეგდო იატაკზე მიქაელი და თავის აწევა არ უნდოდა.

- წავიდეთ, შვილო მიქაელ, ანოს შენი იმედი აქვს... - ზურგზე დაადო ხელი ხსართან ხუცესმა და წამოაყენა.

- მამაო, გადაათქმევინეთ, გემუდარებით, გადააფიქრებინეთ, - ხელები დაუკოცნა ხუცესს მიქაელმა.

- ღვთის ნებას ვასრულებო... არ ისმინა ჩემი სიტყვები... - საიდუმლოსავით უთხრა ხუცესმა.

- მაშ, რა ვქნათ?

- მე ბედს შევურიგდი, სჯობს ამ საქმეს შევეწირო, ვიდრე შემდეგ ცოცხლად ვიარო, - თქვა ნაღვლიანად ხუცესმა.

- წავიდეთ! - უცებ გადაწყვიტა მიქაელმაც, აბოსთვის განკუთვნილ კერეონებსა და საკმეველს დაავლო ხელი და შლეგივით გავარდა ბინიდან.

 

 * * * * * * *

 

მიქაელმა სტუმრები სადილეგოში წაიყვანა. მედილეგეთუფროსი მოძებნა. ქრთამად ათი ვერცხლი მიუტანა, კერეონები და საკმეველი გადასცა - როგორმე აბოს მიაწოდეთო, - თან საკანში შეშვება სთხოვა, ხუცესს და მის ქალიშვილს უნდათ პყრობილის ნახვაო, - იცრუა. ჯვრისწერის ამბავი ვერ გაამხილა.

მედილეგეთუფროსი ტფილისში განთქმული ვერცხლისმოყვარე იყო და ერთი ვერცხლის გულისთვის ცოლ-შვილს გაყიდდა. ერთხელ მიტანილი ქრთამით მედილეგეთუფროსს უამრავ საქმეს აკეთებინებდნენ, მიქაელმა კი ათი ვერცხლი მეორედ მიუტანა.

მედილეგეთუფროსს ფრთა შეესხა, ვერცხლი ხომ ვერცხლად ფასობდა, მაგრამ უფრო გასახარელი ის იყო, რომ ქრთამს ქართლის ერისმთავრის მდივან-მწიგნობარი აძლევდა.

მიქაელს ყველა სიკეთეს შეჰპირდა, - კერეონებსა და საკმეველს აბოს მე თვითონ გადავცემ, საკანში კი ამ საღამოს ვერავის შეგიშვებთო. ხვალ აბო უნდა დასაჯონ, ამაღამ მის საკანს გაძლიერებული დაცვა დარაჯობსო.

ხსართან ხუცესი, ანო და მისი მხლებლები მიქაელს სადილეგოს გარეთ ჰყავდა დამალული, თუ მედილეგეთუფროსი ნებას დართავდა, მაშინ მათ საიდუმლო გვირაბით შეიყვანდა სადილეგოში. აქაური ყველა ხვრელი იცოდა, მაგრამ ამ საღამოს ეს ხვრელები საგულდაგულოდ დაეგმანათ.

რა ეთქვა ანოსთვის? უბრალო შუამავლობაც კი ვერ შეგძლებიაო, არ ეტყოდა? სადილეგოდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა, ატაცებულ ანოს პირში ჩალაგამოვლებული ვერ დაენახვებოდა. მედილეგეთუფროსს დაეღრიჯა და ათ ვერცხლს კიდევ დაჰპირდა.

- თუ შურტებმა  გაგვიგეს, გახსოვდეს, ჩემი სახელი არ ახსენო! - უთხრა მედილეგეთუფროსმა და მიქაელს წინ გაუძღვა საკნებისაკენ. მიქაელმა ხსართან ხუცესი, ანო და მისი მხლებლები შემოიყვანა, მედილეგეთუფროსმა სტუმრები მიწის ქვეშ ჩაიყვანა და ბნელი გვირაბის გავლით მიადგნენ აბოს საკანს.

- ა, აქედან დაელაპარაკეთ... მეტი არაფერი შემიძლია, - უთხრა მიქაელს მედილეგეთუფროსმა, ხელისგულისოდენა არმანა (კარში დატანებული მცირე სარკმელი) გამოაღო და სიბნელეში ჩასძახა:

- აბო!.. აბო!..

სიბნელეში ბორკილების ჟღარუნი გაისმა.

აბო თავის დილეგში ახლახან დააბრუნეს. შიშველ მიწაზე ეგდო სასომიხდილი. თავისი სახელი რომ გაიგონა (მედილეგეთუფროსი ჩურჩულით ეძახდა), წამოფათურდა და ბორკილები ააჟღარუნა. რაკი ჩურჩულით ეძახდნენ, კარგის ნიშანი უნდა ყოფილიყო. თავს ძალა დაატანა და ლასლასით მიადგა არმანას. მიქაელმა კერეონები და საკმეველი უმალ გადასცა.

ნაშუაღამევს, ჯალათები და შურტები (მეთვალყურეები) როცა დაიძინებენ, - უთხრა მედილეგეთუფროსმა, - ჩემი მედილეგე მოგაკითხავს, იმას დაელოდე, კერეონებს ის აგინთებს. - თქვა და უმალ გაუჩინარდა სიბნელეში.

- მიქაელი ხარ? - ლანდს ჰკითხა აბომ არმანიდან.

- ჰო, ჩვენა ვართ, ხსართან ხუცესი, ანო და მისი მხლებლები.

- ანო? - გაიოცა აბომ.

- ანო... - მოწიწებით წარმოთქვა მეორედ. მიქაელი მოშორდა არმანას და გვერდით მიდგა. არმანას შუბლი ანომ მიადო.

- აბო... - ამოილუღლუღა ქალმა, დაიბნა, სათქმელი ვერ უთხრა. - თქვენ უთხარით, მამაო... არმანას მოსცილდა.

- ამ ჯოჯეხეთში ღვთისმსახურება როგორღა აღვასრულო, - ხმა აუკანკალდა ხსართან ხუცესს, - სანთელი მაინც აგვინთონ! მედილეგევ! - გასძახა არაბულად სიბნელეს.

- ჩუმად, თორემ ახლავე წაგიყვანთ აქედან! - გაისმა სიბნელიდან.

- ჩუმად! - უბრძანა მიქაელმაც ხუცესს.

- ღმერთო ჩემო, მაპატიე, რას ჩავდივარ, თვითონ არ ვიცი, - დაიწყო ლუღლუღი ხსართან ხუცესმა, არმანას შუბლი მიადო და აბოს ჩასძახა:

- შვილო, აბო, მცხეთის მამასახლისის გუარამის დას, ჩემს აღზრდილს, ღვთისმოსავ ანოს, სურს დაწინდება შენთან და გვირგვინის კურთხევას მთხოვს... აგერ დგას ახლა, შენს საკანთან და ტირის, გულისწადილი ვერ გაგიმხილა.

ანო ჩუმად ტიროდა სიბნელეში.

- დაწინდება სურს ჩემთან? - გაისმა არმანიდან აბოს გაკვირვებული ხმა, - მამაო, თქვენ მართლა ხსართან ხუცესი ხართ, თუ ეშმაკეული გამომეცხადა სიკვდილის წინ, მიქაელ, შენ რად დუმხარ, ნამდვილი ხუცესის ბაგენი მაუწყებენ საკვირველ ამბავს?

- გუარამის დას, ანოს, სურს შენთან დაწინდება, ხსართან ხუცესს ჯვრისწერას სთხოვს, - მიუგო მიქაელმაც.

- დაამთავრეთ, ჩქარა! - გაისმა სიბნელიდან მედილეგეთუფროსის ხმადაბალი ბრძანება. შორიახლოს დარაჯობდა, ღამის სტუმრები შურტებს არ დაენახათ.

- თუ თანახმა ხარ, არმანიდან ხელი გამოუწოდე! - შესძახა ხსართან ხუცესმა არმანაში აბოს.

- ბორკილი მადევს, მამაო... - გაისმა პასუხად, - მაგრამ... აჰა... - ჯერ ბორკილის ჟღარუნი გაისმა, შემდეგ ხელის მტევანი აფFათურდა არმანაში. ხსართან ხუცესმა ანოს ხელი მოჰკიდა, წყვილი შეაერთა, როგორც კი აბომ ქალის ხელის შეხება იგრძნო, ხმის კანკალით ჰკითხა ქალს:

- რისთვის?.. რისთვის?.. მე ხვალ აღარ ვიქნები... ნეტარო ასულო!

- სწორედ ამისთვის... - უჩურჩულა ანომაც.

- დაიწინდვის მონა ღვთისა აბო და ანო სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ!..

ხუცესმა ჯერ აბოს ჩამოაცვა მტკივან თითზე ოქროს ბეჭედი, შემდეგ ანოს ვერცხლისა.

- დაიწინდვის მხევალი ღვთისა ანო და აბო.

შეერთებულ ხელებს ჯვარი გადასახა. ჯვრისწერის გრძელ წესსა და რიგს ამოკლებდა, უფლისა მიმართ აქ ვეღარ ილოცებდა, ვერც იოანეს სახარებას წაიკითხავდა, რაც აუცილებელი იყო, ის უნდა ეთქვა.

- აკურთხე, უფალო, წინდობაცა მონათა ამათ შენთა აბო და ანო, დაამტკიცე ამათ ზედა აღთქმა სიტყუათა ამათთა და განაძლიერენ ესენი შენმიერითა წმინდა შეერთებითა... დაამტკიცენ წინდობაი ამათი სარწმუნოებით და ერთობით, ჭეშმარიტებით და სიყვარულით!

მედილეგეთუფროსი სირბილით მოვარდა, მოდიან, ჩქარა, ჩქარაო, - ანოს ხელი აბოს გამოჰგლიჯა, თითქოს ძალით წაათრია ქვესკნელისაკენ, მიქაელი და ხსართან ხუცესი გააფრთხილა, ხელი მომკიდეთ და ისე მომყევით, თორემ დაიბნევითო.

მართლაც, ერთმანეთზე გადაბმულები ჯურღმულში ჩაცვივდნენ, სადღაც სველ გვირაბში შეძვრნენ. აქ შურტები აღარ ჩავიდოდნენ. ჩქამგაუღებლად ისხდნენ შიგ და სიბნელეს ყურს უგდებდნენ. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა.

მედილეგეთუფროსი ჩურჩულის ნებასაც არ იძლეოდა. "სუ-სუო", - პირზე აფარებდა ხელს სტუმრებს. დიდი ხნის ყურყუტის შემდეგ წამოდგა, წინ გაუძღვა წელში მოდრეკილ და შიშისაგან გალეულ მექორწილეთ და სამშვიდობოს გაიყვანა.

მიქაელი ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ მშვიდობიანად გადარჩნენ. მართალია, ანოს საქციელით გულმოკლული იყო, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავდა.

აბოს ხვალ მოაკვდინებენ, ანოსაც მალე გადაავიწყდება ახირებული ჯვრისწერა და გული ჩემკენ მოუბრუნდებაო, - ფიქრობდა.

 

* * * * * * *

 

აბოს არ სჯეროდა, რაც მოხდა. ანოს თითების სილბო და სითბო დარჩენილიყო საკანში, მას ხომ არასოდეს ენახა მცხეთის მამასახლისის ლამაზი და, მარტო ყური მოეკრა, გაეგონა ანოს სახელი.

ბეჭედს უსვამდა ხელს გაოგნებული. რა გრძნობა იყო ეს? რა დაეუფლა? სიყვარული? არა (ხორციელი სიყვარული ხილული იყო). თანალმობა და მადლიერების გრძნობა, თუ სიამაყე დაეუფლა მამაკაცური.

უმალ გონს მოეგო, მიწიერ საქმეთათვის არ ეცალა, უნდა განწმენდილიყო ცოდვათაგან და სულით ზესთას შერთვოდა.

"მიწიერ სიყვარულს არ მოუყვანია ანო ჩემთან", - უცებ აღმოაჩინა, გულზე მოეშვა, გაუხარდა.

ძირს დაემხო და ილოცა.

აბო ძირს ეგდო ღონემიხდილი, კერეონები და საკმეველი გულში ჩაიკრა და შუაღამეს ელოდებოდა.

წყვდიადში იწვა და იარებს იშუშებდა. ანოზე ფიქრობდა... მიქაელზე... ხვალინდელ დღეზე, ხვალ ნათლისღება იYყო. სულიწმინდის გადმოსვლას ყოველთა ზედა წყალთა ქრისტიანი მარხვითა და ლოცვით უნდა შეხვედროდა. აბოს ხელფეხი ჰქონდა შეკრული, თორემ სული ხომ თავისუფალი რჩებოდა, სულს ხომ ვერ დაადებდნენ ბორკილებს. თუ სანთლების ანთების ნებას არ მისცემდნენ, სული ილოცებდა, როგორც სხვა ღამეებში, ამ ღამესაც მხოლოდღა სული ილოცებდა.

მაგრამ ლოცვის წინ უნდა განწმენდილიყო. წმინდა გულით უნდა ელოცა,

მორიდებოდა ყოველსავე გულისწყრომას, უნდა დაევიწყებინა საპყრობილე, ბორკილები, შურტები, ჯალათები, მისი ფეხით მთრეველნი და არგნით მცემელნი, უნდა ამოერეცხა გულიდან რისხვა, "ნუ ჰრისხავ, არამედ ჰლოცევდ", აბორგებული სული უნდა ჩაემყუდროებინა და ღირსებით ელოცა.

მიწყდა სადილეგოში ფაციფუცი და ნაბიჯების ხმა. "ალბათ დადგა ნანატრი შუაღამე", - გაიფიქრა აბომ. სანთლების ლიფლიფი და საკმევლის სუნი მონატრებოდა, მოუთმენლად მოელოდა იმ წამს, როცა მედილეგე შევიდოდა, აუნთებდა კერეონებს, საკმეველს დაწვავდა და დილეგში საყდრის სუნი დადგებოდა.

საღვთო საიდუმლოთ ნაზიარებ ქრისტიანს არ შეეძლო უსაყდროდ, უსანთლოდ და უსაკმევლოდ ცხოვრება. მართალია, აბოს ცხოვრებას ცხოვრება არც ეთქმოდა, მაგრამ სული ხომ ედგა! ლოცვა იყო სულის პური. სულს სხვა რამ სასმელ-საჭმელი არ სჭირდებოდა, გარდა ლოცვისა. ლოცვას კი სანთელ-საკმეველი ღვთისკენ მიმავალ გზას უნათებდა.

ვით აკლებული საყდარი, დუმდა სადილეგო. აბო სიჩუმეს უგდებდა ყურს და შიშს შეეპყრო: ვაითუ მედილეგე არ მოვიდესო.

უცებ გაიხსნა დილეგის კარი. აბოს ფეხის ხმა არ გაუგონია, არც ურდულის რაჯგუნი სმენია, მედილეგე ფეხაკრეფით ჩამოვიდა დილეგში, აქანდაზით ღველფი დადგა ძირს საკმევლისათვის, აბოს სანათური მიანათა და უჩურჩულა:

- მომეცი სანთლები!

აბომ კერეონები გაუწოდა, სიჩუმეში ბორკილებმა გაიჟღარუნეს.

- ჩუმად! - უბრძანა მედილეგემ, - ჩუმად, თორემ შურტები გაიგებენ... ნაბრძანებია ჩუმად ყოფნა...

მედილეგემ სანთლები აანთო და წავიდა. ფრთხილად გაიხურა დილეგის კარი, ურდულებიც უხმაუროდ გაუყარა და ფეხაკრეფით გაიპარა.

აბომ მტკივანი თითები შეჰყარა პირჯვრის საწერად, "სახელითა მამისათა" შეჰღაღადა უფალს, საკმეველიც აკმია დილეგის კედლებს. ანთებული სანთლების წინ დადგა ჩრდილად ქცეული და ფსალმუნებას მოჰყვა...

სულ ზეპირად იცოდა "დავითნი", ბეჯითად შეესწავლა მარიამწმიდაში, ცრემლის ღვრით გალობდა იმ ფსალმუნებს, როცა უცხოთესლთაგან შეპყრობილი დავითი ღმერთს ევედრებოდა თავისუფლებას.

"იხსენ სული ჩემი სიკვდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი ბორკილისაგან... მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი..."

კერეონებს დილეგი გაენათებინათ. აბოს ჩურჩულს დადარაჯებული ყური თუ გაიგონებდა. პირჯვარს იწერდა და ლოცვით ვერ ძღებოდა.

ბედნიერი იყო იმ წუთებში, არ ახსოვდა ნაცემ-ნაგვემი სხეული, არც იარები სტკიოდა, არც შიმშილი, წყურვილი, სიცივე აწუხებდა, თითქოს დილეგში კი არა, სადღაც უკიდეგანო სივრცეში ენთო კერეონივით და ზეცას შეერთვოდა.

საკმევლის სუსტი კვამლი ანთებულ სანთლებს სულივით გარს ეხვია. სულნელიც იქვე აბოსთან და სანთლებთან ტრიალებდა. სიჩუმეში ატაცებული ქრისტიანის აღტყინებული ჩურჩული გაისმოდა...

აბო ხმადაბლა ლოცულობდა, მთელი გულით, მთელი არსებით განიცდიდა, რასაც მიელტვოდა, რისკენაც მიექცია სული.

განთიადამდე არ დაცხრებოდა. არ ჩაჰქრობოდა ანთებული სული. ხვალინდელ დღეს კოცონივით აბრიალებული უნდა შეჰგებებოდა.

ხვალ, 786 წლის ნათლისღებას ტფილის-ქალაქში, მტკვრის პირას მენელსაცხებლე აბოს სისხლით ნათლის ღება უნდა მოჰყოლოდა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ