წელს ზეთისხილის დიდი მოსავალი მოვიდა. მშვენიერი, გამძლე ჯიშის ხეები, რომელთაც შარშანაც ბლომად გამოიღეს ნაყოფი, მიუხედავად იმისა, რომ სუსხმა ყვავილობაში მოუსწრო, უფრო გამაგრდნენ.
ლოლო ძირაფას კვოტე პრომოსოლეს ფერმაში ზეთისხილი თავსაყრელი ჰქონდა; იფიქრა, მარანში რომ მიდგას, ის ხუთი ქვევრი, იქნებ ზეთისთვის არ მეყოსო, ადგა და ერთი, გაცილებით უფრო დიდი ქვევრი კიდევ შეუკვეთა სანტო სტეფანო და კამასტროში, მაღალ, მოსულ კაცს მკერდამდე რომ მისწვდებოდა ისეთი, განიერმუცლიანი და დიდებული. „იმ ხუთ ქვევრთან სარდალივით გამოჩნდება", - ფიქრობდა დონ ლოლო.
ამ ქვევრის გამო, რასაკვირველია, დიდხანს ეკამათა იქაურ მექოთნეს. ან კი ვინმე იყო სოფელში, დონ ლოლო ძირაფა რომ არა ჰყოლოდა გადაკიდებული? ყოველ წვრილმანზე ჩხუბობდა. ქვა რომ ჩამოვარდნილიყო ქვითკირის ღობიდან, ყვირილს მოჰყვებოდა:
ახლავე შემიკაზმეთ ჯორი, ქალაქში უნდა წავიდე საჩივლელადო.
გერბიანი ქაღალდის შესაძენად უაზროდ ფლანგა ფული. მეზობლებთან ჩხუბის გამო ადვოკატებს კარს უტალახიანებდა,“ არც სასამართლო ხარჯების გაღებაზე იხევდა უკან. ჰოდა, ყოველივე ამან, ბოლოს და ბოლოს, ძირაფა გაკოტრებამდე მიიყვანა.
ამბობდნენ, ადვოკატმა, რომელიც დაიღალა მისი წარამარა მისვლით - დონ ლოლო კვირაში ორჯერ-სამჯერ მაინც აუცილებლად მიაკითხავდა - გადაწყვიტა თავიდან მოეშორებინა და კანონთა კრებული აჩუქა, რომელიც შესახედავად ლოცვანსა ჰგავდა, აქაოდა, შენ თვითონ მოძებნე იურიდიული საფუძვლები იმ სარჩელისათვის, რომელიც გინდა აღძრაო.
წინათ ისინი, ვისთანაც ცუდ ურთიერთობაში იყო, მოდი გავამასხარაოთო,ოდნავ რამეს რომ შენიშნავდნენ, მოჰყვებოდნენ ყვირილს: „ჯორი შეიკაზმე!“ ახლა ამის ნაცვლად ისმოდა: „აბა, შენს კარაბადინს“ ჰკითხე!"
დონ ლოლო პასუხობდა:
- აუცილებლად და ყველას გაგანიორწყლებთ, ძაღლის ლეკვებო!
ახალი ქვევრი, რომელშიც ოთხი უნცია ნაღდი ფული გადაიხადა, სანამ მარანში მის ჩასადგმელად ადგილს მონახავდნენ, დროებით სარდაფში დადგეს. ამგვარი ქვევრის მნახველი ჯერ არავინ დაბადებულიყო ქვეყანაზე, ამიტომ ასე საცოდავად გამოიყურებოდა ამ ობმოკიდებულ მჟავე და მწკლარტე სუნით გაჟღენთილ სოროში, სადაც ჰაერი არასოდეს არ იწმინდებოდა.
ორი დღეა მოსავლის აღება დაიწყო და დონ ლოლო პირდაპირ ტყავიდან ძვრებოდა, აღარ იცოდა, რომელი ერთისათვის მიეხედა. ხან დღიურ მუშებს ეცემოდა, რომლებიც ზეთისხილს კრეფდნენ, ხან მეჯორეებს, სასუქი რომ მოეზიდათ მინდორზე მოსაყრელად, სადაც გაზაფხულზე ლობიო უნდა დაეთესათ.
უტიფრად იგინებოდა და იმუქრებოდა, მოგსპობთ, გაგაცამტვერებთ, თუ ვინიცობაა, ერთი ცალი ზეთისხილი მაინც დამაკელითო; სულ სათითაოდ მაქვს დათვლილი, როცა ჯერ კიდევ ხეზე ნაყოფად ესხაო. აბა, ერთი გაბედეთ და პატივი! თანაბრად არ მოაყაროთო!
უზარმაზარი თეთრი ქუდით, საყელოგადაღეღილი, ჭარხალივით გაწითლებული, გაოფლიანებული ხან ერთთან მიირბენდა, ხან მეორესთან. მგელივით მრგვალ თვალებს აბრიალებდა და ნერვიულად იკაწრავდა გაპარსულ ლოყებს, რომელზედაც თითქოს სამართებლის გასმისუმალვე ამობიბინდებოდა წვერი.
მესამე დღეს სამი ჩამოკონკილი მუშა შევიდა სარდაფში კიბეებისა და ჯოხების დასატოვებლად და გაოცებისაგან პირდაღებულები ერთ ადგილზე გაშეშდნენ - ახალ ქვევრს კარგა მოზრდილი ნაწილი ჰქონდა ჩამოტეხილი.
– ერთი ამას უყურეთ, ამას!
– ვინ მოატეხა?
- დედაო ღვთისმშობელო! ბიჭი ვინ იქნება და დონ ლოლოს გაუბედავს ამის თქმას? ახალთახალი ქვევრი, რა საშინელებაა!
პირველმა, რომელსაც ყველაზე მეტად შეეშინდა, ურჩია: კარი გამოვხუროთ და ფეხაკრეფით გავიძურწოთ, კიბეები და ჯოხები კი გარეთ, კედელზე მივაყუდოთო.
მაგრამ სიტყვა მეორემ ჩამოართვა:
– ხომ არ გაგიჟდით? მერე დონ ლოლოს რაღას უპირებთ? იფიქრებს, ჩვენ გაგვიტყდა ეს ქვევრი. უმჯობესია, ფეხი არ მოიცვალოთ; აქ იდექით!
მარნიდან გამოვიდა, ხელები პირთან მიიტანა, მილივით მოამრგვალა და იყვირა:
- დონ ლოლო, ეი, დონ ლოლო!
დონ ლოლო ამ დროს მთის ძირში დღიურ მუშებს ედგა თავზე, მიწას სასუქს რომ აყრიდნენ და, როგორც ყოველთვის, არაადამიანურად იქნევდა თეთრ ქუდს.
ბოლოს ისე ჩამოირქვა" თავზე, რომ ვერასგზით ვეღარ მოიხადა.
ცაზე დაისის უკანასკნელი შუქიც გაქრა, საღამოს ბინდი მსუბუქი სიგრილით ეშვებოდა მიწაზე, ირგვლივ კი მაინც ისმოდა ყვირილი:
- დონ ლოლო! ეი, დონ ლოლო-ო-ო!
როცა, ბოლოს და ბოლოს, დონ ლოლო მოვიდა და ნახა, რა მომხდარიყო მის თავს, კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. ჯერ იყო და სამივეს ეცა, მერე მსხვერპლი ამოირჩია, ერთ-ერთს სწვდა და კედელს გააკრა, თან ყვიროდა: – მადონას! სისხლს ვფიცავ, უქმად არ ჩაგივლით ეს!
დანარჩენმა ორმა გააკავა. თავის ირგვლივ ტლანქი, უაზრო სახეების დანახვაზე მთელი რისხვა საკუთარ თავზე დაიტეხა, ქუდი მიწაზე დაანარცხა, ლოყები ჩამოიხოკა, მოჰყვა ფეხების ერთ ადგილზე ბაკუნს და თან ისე დაიწყო მოთქმა, როგორც ჭირისუფლები დასტირიან მიცვალებულებს.
- ახალთახალი ქვევრი! ოთხი უნცია ნაღდი ფული მიმიცია! ერთხელ მაინც მეხმარა!
ერთი კი გაიგოს, ვინ გატეხა! თავისთავად ხომ არ ჩაიფშვნებოდა? ეტყობა, ვინმეს ჯავრი სჭირდა ან შეშურდა და იმიტომ გატეხა! მაგრამ როდის ან როგორ მოხდა ეს? არავითარი კვალი არა ჩანს! იქნებ მექოთნისაგან სულაც გატეხილი მოიტანეს? არა, ზარივით ხმა ჰქონდა.
გლეხებმა რომ ნახეს, პირველმა თავზარმა გაუარაო, დაუწყეს ბატონს დამშვიდება - ქვევრი შეიძლება შეკოწიწდესო.
კიდევ კარგად არის გატეხილი. მარტო ერთი ნატეხი აქვს მომტვრეული! სიტყვამ მოიტანა და, აი, ძია დიმა ლიკაზიმ საოცრების მომხდენი საგლესი გამოიგონა, საიდუმლოს სულის კანკალით ინახავსო. ისეთი საგლესია, როცა გამაგრდება, ჩაქუჩითაც ვეღარ მოაცილებ. თუ დონ ლოლო თანახმა იქნება, ხვალვე უთენია ძია დიმა ლიკაზი აქ გაჩნდება და ერთ წუთში ქვევრს უწინდელზე უკეთესად აქცევსო.
ლაპარაკით დონ ლოლოს კარგა ხანს ვერაფერი ჩააგონეს: ქვევრს აღარაფერი ეშველება, ვეღარ გამთელდებაო; მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, დაიყაბულეს? და მეორე დღეს ის იყო ცაში ნათელი ჩავარდა, რომ ზურგზე იარაღით სავსე კალათა მოკიდებული ძია დიმა ლიკაზი გამოცხადდა.
დიმა ლიკაზი წელში მოხრილი მოხუცი იყო, მახინჯი. დაგრეხილი ხელები ბებერი ზეთისხილის ხეს მიუგავდა. უთქმელი კაცი გახლდათ. სიტყვა გაზით უნდა ამოგეძროთ.
უჟმური ხასიათი ან იმის გამო ჰქონდა, რომ უზომოდ ბევრი სნეულება გადაეტანა, ანდა იმიტომ, რომ არავის შეეძლო გაეგო და ღირსეულად დაეფასებინა მისი გამომგონებლობის არაჩვეულებრივი ნიჭი. ძია დიმა ლიკაზის უნდოდა, მის ნაცვლად მის საქმეებს ელაპარაკა. თანაც ძალიან ფრთხილად უნდა ყოფილიყო, სულ ყურადღებაგამახვილებული, რომ, ღმერთმა დაიფაროს და, საიდუმლო არ მოეპარათ.
- მაჩვენეთ ერთი ეგ საგლესი, - ამ სიტყვებით შეხვდა მოხუცს დონ ლოლო და თავიდან ფეხებამდე უნდობლად ჩაათვალიერა.
ძია დიმამ ღირსეულად გააქნია თავი უარყოფის ნიშნად.
- საქმე გაჩვენებთ.
- მერედა კარგად დაიჭერს?
ძია დიმამ კალათი მიწაზე ჩამოდგა; იქიდან გახუნებული, დაკეცილი დიდი წითელი ხილაბანდი ამოიღო, ნელ-ნელა დაუწყო გაშლა და ყველა ცნობისმოყვარის ყურადღება ამაზე გადაიტანა. ხოლო როცა, ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე ადგილას გატეხილი და ბაწრით გადაბმული სათვალეც მოიმარჯვა, ამოიოხრა.
ირგვლივ ყველას ხარხარი აუტყდა. ძია დიმა სულაც არ დაბნეულა, ხელები გაიწმინდა, სათვალე გაიკეთა და ყურადღებით დაუწყო სინჯვა ფარდულის ქვეშ გამოტანილ ქვევრს. მერე კი თქვა:
- კარგად შეკოწინდება.
- არა მჯერა, თუ მარტო ეგ საგოზავი დაიჭერს, - განაცხადა ძირაფამ, - აქ სამაგრებიც იქნება საჭირო.
- მე მივდივარ, - მოკლედ მოუჭრა ძია დიმამ, წელში გასწორდა და კალათი მხრებზე შეიგდო.
დონ ლოლო ხელში სწვდა:
- საით? ეს არის თქვენი პირობა? შეხედეთ ერთი,რა სახით დგას, კარლოს დიდი მყავხარ, თავზე მამალ ბუზს რომ არ ისვამ?
სულთამხუთავი ხარ, წყეულო, ვირო! მე შიგ ზეთის ჩასხმას ვაპირებ, ზეთმა კი გაჟონვა იცის. მთელი მილი სიგრძის ნაბზარი აქვს, ეს კიდევ მომდგარა და მარწმუნებს, მარტო საგლესი ეყოფაო! აუცილებლად სამაგრებიც დასჭირდება. საგლესიცა და სამაგრებიც. აქ მე ვარ ბატონ-პატრონი.
ძია დიმამ თვალები დახუჭა, ტუჩები მოკუმა, თავი გააქნია: აი, სულ ყოველთვის ასეა! არასოდეს არ აცლიან თავისი ნამდვილი ხელოვნება აჩვენოს, რომ ყველამ შეძლოს მისი საგლესის ღირსება შეაფასოს.
- თუ ქვევრი უწინდელივით არ დაიწკრიალებს... - თქვა მან.
- სიტყვა არ გამაგონო, - შეაწყვეტინა დონ ლოლომ, - სამაგრები-მეთქი. მე საგლესის ფულსაც გადავიხდი და სამაგრებისასაც. რა ეღირება ორივე?
- თუ მარტო საგლესში...
- ჯანდაბას შენი თავი, ეს რა ჯიუტი ვინმე ყოფილა! - იყვირა ძირაფამ. - რამდენჯერ გაგიმეორო, სამაგრები მინდა-მეთქი? კარგი, მერე მოვილაპარაკოთ.
შენთან ყბედობა ცარიელი წყლის ნაყვაა, დროის დაკარგვა. უთხრა და წავიდა, რომ ენახა, როგორ შეჰქონდათ სასუქი მინდორში.
შეურაცხყოფითა და ბოღმით სავსე ძია დიმა საქმეს შეუდგა. რისხვა და ბრაზი ქვევრის ყოველ გახვრეტაზე ემატებოდა.
ნატეხსა და ქვევრს სათითაოდ ხვრეტდა, რათა შიგ მავთული გაეტარებინა. ყოველ გაბურღვაზე ბუზღუნებდა და თანაც სულ
უფრო და უფრო უწევდა ხმას. სახე მოწოლილი ბოღმისაგან გამწვანებოდა, თვალებში კი თანდათან ემატებოდა რისხვა. ეს მოსამზადებელი სამუშაო რომ დაამთავრა, გაბრაზებულმა ბურღი კალათაში ჩააგდო.
მოტეხილი ნაწილი თავის ადგილზე მიადო, რომ შეემოწმებინა, სწორად იყო თუ არა გამობურღული ხვრელები; მერე გაზით მოსწყვიტა მავთულს იმდენი ნაწილი, რამდენიც სამაგრად იყო საჭირო და ერთ-ერთ გლეხს უხმო, რომელიც თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა.
- გული ნუ მოგივა, ძია დიმა! - უთხრა მან, ხელოსნის სახეს რომ შეხედა.
ძია დიმამ გაბრაზებით ჩაიქნია ხელი, შემდეგ რკინის ყუთი გახსნა, იქიდან საგლესი ამოიღო და ისე დაიქნია, თითქოს თავის გამოგონებას ღმერთს მსხვერპლად სწირავდა, რამეთუ" ხალხს არ უნდოდა ერწმუნა მისი სამკურნალო თვისებები; მერე კი ნატეხს საგლესი თითით წაუსვა, აიღო გაზი, მავთულის წინასწარ მომზადებული ნაჭრები და ქვევრში ჩავიდა, თან გლეხს უთხრა, მოტეხილი ნაწილი ისე მიადე, როგორც ეს არის ახლა მე გავუკეთეო. სანამ მავთულებს ჩაატანდა, გლეხს ამოსძახა ქვევრიდან:
- გასწი, გასწი, რაც ძალა და ღონე გაქვს! ხომ ხედავ, არა სცილდება. მით უარესი მათთვის, ვისაც არა სჯერა! დაარტყი! დაარტყი! აბა ნახე, ძველებურად წკრიალებს თუ არა მაშინაც კი, როცა მე შიგა ვზივარ? წადი, წადი, შენს ბატონს მოახსენე!
- დიდ კაცთან პატარა კაცსა როდი გასვლია მართალი, ძია დიმა! - ამოიოხრა გლეხმა. - ეს არის ჩვენი ხვედრი. გამოყავი სამაგრები!
ძია დიმამ გაუყარა სამაგრები და გაზით ბოლოებს დაუწყო გრეხა.
მთელი საათი მოანდომა ამ საქმეს. ოფლი ღვარად სდიოდა მოხუცს. მუშაობდა და თან ბედს უჩიოდა. გლეხი კი გარედან ამხნევებდა.
- აბა, ახლა კი მომეხმარე ამოსვლაში, - უთხრა ბოლოს ძია დიმამ. მაგრამ მუცელგანიერ ქვევრს ძალიან ვიწრო ყელი აღმოაჩნდა. გაბრაზებულმა ოსტატმა ამას თავიდანვე ვარაუდი ვერ გაუწია. ახლა ხან აქეთ მოტრიალდა, ხან იქით, ეცადა ამოსვლას,მაგრამ ვერ იქნადა ვერაფერი გააწყო.
გლეხი კი იმის ნაცვლად, რომ მიხმარებოდა, სიცილით იჭაჭებოდა. ვაჰ, როგორ გამოემწყვდიეო! იგი მართლაც მოემწყვდა იმ ქვევრში, რომელიც საკუთარი ხელებით შეაკეთა! ახლა იქიდან გამოსვლა მხოლოდ ერთი გზით შეიძლებოდა: უნდა ისევ გაეტეხა, მაგრამ რაღა გაამთელებდა!
სიცილსა და ხმაურზე დონ ლოლომ მოირბინა. ქვევრში მომწყვდეული ძია დიმა ცოფიან კატასავით კედლებს ეხეთქებოდა.
- ამომიყვანეთ აქედან! - ღრიალებდა იგი. - ჯანდაბას თქვენი თავი, აქ რად უნდა ვიჯდე! ჩქარა, მიშველეთ-მეთქი.
დონ ლოლო გაშეშებული იდგა. საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. როგორ მოხდა ეს? შიგნით მოემწყვდა? საკუთარი თავი თვითონ ამოიქოლა?
იგი მივიდა ქვევრთან და უყვირა:
- გიშველო? მერედა რითი შემიძლია შენი შველა? უტვინო, გადაყრუებულო ბებერო, ეს როგორ მოგივიდა? სანამ ჩახვიდოდი, ვერ მოზომე? აბა, ერთი სცადე და ცალი ხელი ამოყავი ზევით... აი, ასე! თავიც ამოსწიე... უფრო ზევით... არა... ნელა!.. მან თითები მიუკაკუნა ქვევრს, რომელმაც მართლაც ზარივით დაიწკრიალა.
- მშვენიერია! ახალია პირდაპირ!.. მოიცადე! - უთხრა დონ ლოლიმ ტყვეს. - წადი, ჯორი შეკაზმე-მეთქი - უბრძანა ერთ-ერთ დაქირავებულ მუშას, ათივე თითით მოისრისა შუბლი და კვლავ განაგრძო ფიქრი: - ერთი შეხედეთ, რა მოხდა! ეს ქვევრი კი არა, ეშმაკის საცდუნებელია! ერიდეთ!
იგი მივიდა ქვევრთან, რომელშიც ძია დიმა ხაფანგში მომწყვდეული მხეცივით ბრდღვინავდა, და უთხრა:
- წარმოუდგენელი რამ მოხდა, ჩემო ძვირფასო, ამას მარტო ადვოკატი? გადაწყვეტს. მე ჩემით ვერაფერს მოგიხერხებ.
ჯორი! ჯორი! ჯორი მომგვარეთ, ქალაქში წავალ და მალე დავბრუნდები. ცოტა ხანიც მოითმინეთ. თქვენივე საკეთილდღეო საქმეს ვაკეთებ... ჯერჯერობით ჩუმად იყავით! მშვიდად! მე ხომ ჩემი ინტერესებიც უნდა დავიცვა... ნება ჩემია, მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ. დღიურ სამუშაოში ხუთ ლირას ვიხდი. საკმარისი არ არის?
- კაპიკიც არ მინდა! - ჭყიოდა ძია დიმა. - არაფერი, ამოსვლის მეტი.
- ამოხვალ, მაგრამ ჯერ ჩემი დაქირავებული ხარ და ამაში ფულს გიხდი. აი, ხუთი ლირა, გამომართვი!
მან ჟილეტის ჯიბიდან ფული ამოიღო და ქვევრში ჩაუგდო. მერე გამაფრთხილებლად ჰკითხა:
- ჯერ არ გისაუზმია? ახლავე მოგიტანენ პურსაც და საუზმესაც, ყველაფერს, რაც გეკუთვნის! არ გინდა? ძაღლებს მიუყარე! მე ჩემი გავაკეთე, ვიზრუნე. ახლა შენი ნებაა, როგორც გინდა, ისე მოიქეცი.
ძირაფა ჯორს შემოაჯდა და ნავარდით გაქუსლა ქალაქისაკენ. გლეხებმა მიმავალს თვალი გააყოლეს. ისე არაადამიანურად და უცნაურად იქნევდა ხელებს, გადაწყვიტეს, უთუოდ საგიჟეთში მიეჩქარებაო.
საბედნიეროდ, დონ ლოლოს დიდხანს არ მოუხდა ადვოკატის ცდა, მაგრამ როცა თავისი ამბავი უამბო, ადვოკატს თავშეუკავებელი სიცილი აუტყდა. დონ ლოლო გაბრაზდა.
- გთხოვთ მომიტევოთ, აბა, რა არის აქ სასაცილო? თქვენი მოწყალებისათვის სულ ერთია, ქვევრი კი ჩემია.
მაგრამ ადვოკატი მაინც იცინოდა და ისურვა, კიდევ ერთხელ მოესმინა დაწვრილებით ყველაფერი, რომ ხარხარით გული ეჯერებინა.
- ქვევრში, არა? თვითონ ამოიქოლა თავი? მერე თქვენ, დონ ლოლო, რას ფიქრობთ? იქ გინდათ გყა-გყა-გყავდეთ?.. - ხა-ხა-ხა... ოხო-ხო-ხო-ხო... იქ გინდათ გყავდეთ, რომ ქვევრი შეგრჩეთ?
- ვითომ რატომ არ უნდა შემრჩეს?.. - ჰკითხა ძირაფამ, თან ხელები მომუშტა, - აბა, ზარალი ვის ვაზღვევინო, შეურაცხყოფას აღარ იკითხავთ?
- იცით, ამას რა ეწოდება? - უთხრა ბოლოს ადვოკატმა, - ამას ეწოდება იძულებით გამომწყვდევა.
- გამომწყვდევაო? მერედა ვინ გამოამწყვდია? - წამოიყვირა ძირაფამ. - განა თვითონ არ ამოიქოლა თავი? მე რა შუაში ვარ!
მაშინ კი ადვოკატმა დაუწყო ახსნა, რომ ამ საქმეს ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ იგი, დონ ლოლო, ვალდებულია ახლავე გაათავისუფლოს ტყვე, რომ პასუხი არ აგებინონ იძულებით გამომწყვდევის გამო, მეორე მხრივ კი - მექოთნემ პასუხი უნდა აგოს ზარალზე, რაც მისი დაუდევრობისა და უგუნურების წყალობით მოხდა.
- ჰო! - გულზე მოეშვა ძირაფას და ამოიოხრა, - იმან უნდა გადამიხადოს ქვევრის საფასური.
- მოითმინეთ, - შენიშნა ადვოკატმა, - მაგრამ არა ახალი ქვევრის საფასური, რაღა თქმა უნდა.
- ვითომ რატომაო?
- იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, გატეხილი იყო!
- გატეხილიო? არა, სინიორ, ახლა სავსებით მთელია და მშვენიერი. რაც იყო, იმასაც კი სჯობია. ძია დიმა თავად დაამტკიცებს ამას, მაგრამ თუ ისევ ხელახლა გავტეხ, მისი შეკეთება უკვე შეუძლებელი გახდება. ქვევრი სამუდამოდ დამეკარგება, სინიორ ადვოკატო!
ადვოკატმა დაარწმუნა, რომ ყოველივე ამას მხედველობაში მიიღებენ და ქვევრის ღირებულებას იმის მიხედვით გადაახდევინებენ, რა სახითაც ამჟამად არისო. გამომშვიდობებისას კი ურჩია:
- უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ, თვითონ მას შეაფასებინოთ ქვევრი.
- ვემთხვევი თქვენს ხელებს, - უთხრა დონ ლოლიმ და აჩქარებით გავიდა კანტორიდან.
საღამოს, შინ რომ დაბრუნდა, მოხუცის ახალ ბინასთან თავმოყრილი გლეხები ძალიან მხიარულად დახვდნენ. დონ ლოლოს ეზოს ძაღლიც კი ოთხზე ხტოდა და ქვევრს უყეფდა. ძია დიმა არა მარტო მშვიდად გამოიყურებოდა, შეჰგუებოდა კიდეც თავის უცნაურ მდგომარეობას და თავმოყვარეობაშელახული ადამიანის სიცილით ხუმრობდა საკუთარ თავზე.
ძირაფამ ყველანი მისწი-მოსწია და ქვევრში ჩაიხედა.
- აბა, როგორ არის საქმე?
- მშვენივრად! ჰაერი სუფთაა, - უპასუხა ტყვემ, - შინ ყოფნას აქ ჯდომა მირჩევნია.
- ფრიად მოხარული ვარ. გაფრთხილებ, ეს ახალი ქვევრი ოთხი უნცია დამიჯდა. როგორ გგონია, ახლა რა ეღირება?
- ჩემიანად? - ჰკითხა ძია დიმამ.
გლეხებმა სიცილი ატეხეს.
- ხმა! კრინტი! - იყვირა ძირაფამ, - ორში ერთი: ან ეს საგოზავი მართლაც ღირს რამედ, ან არადა სულაც არაფრის ფასი არა ჰქონია. თუ არაფრად არა ღირს, მაშინ მატყუარა ყოფილხარ, ხოლო თუ კარგია, მაშინ ქვევრს ისევ ისეთი ფასი უნდა ჰქონდეს, როგორიც ახალს. ჰოდა, აი, შენ თვითონ შეაფასე.
ძია დიმა ერთხანს დაფიქრდა. მერე უთხრა:
- თქვენ რომ მოგეცათ ნება, მარტო საგოზავით შემეკოწიწებინა, როგორც მე მინდოდა, მაშინ აქ არ ვიჯდებოდი და არც თავისი ფასი დააკლდებოდა. ახლა, როცა ამ სამაგრებით დამახინჯდა, რომელთა დადება ისე არ შემეძლო, თუ შიგ არ ჩავიდოდი, რაღა ფასი ექნება? დაახლოებით თავისი ფასის მესამედი, მეტი არა.
- მესამედიო? - კითხვა შეუბრუნა ძირაფამ.
- შეიძლება უფრო ნაკლებიც. მაგრამ ამაზე მეტი კი არამც და არამც არ ეღირება.
- მაშ, - უთხრა დონ ლოლომ, - შენი სიტყვა შეასრულე და შენივე დადებული ფასი, მესამედი, გადამიხადე.
- რაო? - ისე ჰკითხა ძია დიმამ, თითქოს ვერ გაიგო.
- მე გავტეხ ამ ქვევრს, რომ ამოხვიდე, შენ კი, როგორც ადვოკატმა მითხრა, მისი ღირებულების მესამედი გადამიხადე.
- მე გადაგიხადო? - ჩაიცინა ძია დიმამ, - თქვენი მოწყალება ხუმრობს. მე აქაც ურიგოდ არ ვგრძნობ თავს.
ცოტა არ იყოს გაჭირვებით ამოიღო მან ჯიბიდან თავისი ძველი ყალიონი, ცეცხლი მოუკიდა და გააბოლა, თან ბოლს ქვევრის ვიწრო ყელიდან უშვებდა.
დონ ლოლო სახტად დარჩა. საქმის ასე შემობრუნებას ვერც ის იფიქრებდა და ვერც ადვოკატი. როგორღა გადაეწყვიტათ საკითხი? კინაღამ ისევ არა ბრძანა, ჯორი შემიკაზმეთო, მაგრამ გაახსენდა, რომ უკვე ძალიან გვიან იყო.
- ასე გინდა, ხომ? ჩემს ქვევრში ჩასახლება მოინდომე? ყველანი მოწმე იყავით. პირადად მე მზად ვარ გავტეხო, მაგრამ თვითონ არა ნებავს იქიდან გამობრძანება, რომ კაპიკი არ გადაიხადოს. რაკი შიგ უნდა დარჩენა, ხვალვე სასამართლოს გადავცემ მაგის საქმეს, რადგან მტაცებს საცხოვრებელ ფართობს და ხელს მიშლის ქვევრი ვიხმარო.
ძია დიმამ ერთხელ კიდევ მოქაჩა ყალიონი, მერე კი მშვიდად მიუგო:
- არა, სინიორ, მე არაფრის ხელის შეშლას არ ვფიქრობ. აქ გასართობად კი არ ვზივარ! გამათავისუფლეთ და სიამოვნებით წავალ. მაგრამ ფულის გადახდას... ხუმრობითაც კი არ დავთანხმდები, თქვენო მოწყალებავ.
გაცოფებულმა დონ ლოლიმ ფეხი ასწია, რომ ქვევრისთვის ჩაეცა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი. ერთადერთი, რაც გაბედა, ის იყო, რომ ორივე ხელები შემოხვია და შეანჯღრია.
- ხედავთ, როგორი საგოზავია? - უთხრა ძია დიმამ.
- უკეთურო! - უყვირა ძირაფამ, - ვინ არის დამნაშავე, მე თუ შენ? მაშ მე რად უნდა ვიზარალო? ამოგძვრეს მანდ სული, ჯანდაბას! ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს!
იგი წავიდა და აღარც კი გახსენებია ის ხუთი ლირა, რომელიც ქვევრში ჩაყარა. ძია დიმამ გადაწყვიტა, ამ ფულით გლეხებთან ერთად წაექეიფა ამ უცნაური ამბის გამო.
გლეხები ჯერ ისევ აქ იყვნენ. უფიქრიათ, ღია ცის ქვეშ, ფარდულში, გავათენებთ ღამეს სუფთა ჰაერზეო. ერთი მათგანი იქვე მყოფ სამიკიტნოში! წავიდა საყიდლებზე.
მთვარე თითქოს დაბარებულივით გამოცხადდაო, ისე ანათებდა, რომ ირგვლივ მიდამოს სულ კაშკაში გაჰქონდა.
დონ ლოლო ჯოჯოხეთურმა ხმაურმა და ბრახუნმა გამოაღვიძა. აივანზე გამოსულმა მთვარით განათებულ კალოზე! მოცეკვავე ეშმაკები დაინახა. მთვრალ გლეხებს ხელი ხელს ჩაეკიდათ და ირგვლივ უვლიდნენ ქვევრს, რომელშიც ძია დიმა იჯდა და ხმამაღლა მღეროდა.
ახლა კი ვეღარ შეიკავა თავი დონ ლოლომ, გაშმაგებული ხარივით ეძგერა და, სანამ გლეხები შეაჩერებდნენ, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ჰკრა ხელი ქვევრს და გადააყირავა. ქვევრი მთის ძირში დაგორდა, მიეჯახა ზეთისხილის ხეს და გატყდა.
მთვრალი გლეხები კვლავ ხარხარებდნენ.
გამარჯვება ძია დიმას დარჩა.
* * * * * * *
მთარგმნელი: ელენე გოგოლაშვილი