„კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, - აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“
* * * * * * *
„ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.“
* * * * * * *
„ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.“
* * * * * * *
„უწარსულოდ აწმყო უფესვო ნერგია, თავ-გაუტანელი, ფეხ-მოუკიდებელი. აწმყოს, რომელსაც წარსული არა აქვს, არც მომავალი აქვს, იმიტომ, რომ ერთის მეცნიერისა არ იყოს, - "აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა."
* * * * * * *
„დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა."
* * * * * * *
„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.“
* * * * * * *
„ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი.“
* * * * * * *
„ენა ადამიანისა, მისი სიტყვიერება, მთელი ხელთუქმნელი ისტორიაა ერისა ცალკე და კაცობრიობისა საზოგადოდ.”
* * * * * * *
„ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.“
* * * * * * *
„არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.“
* * * * * * *
„ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი - იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.“
* * * * * * *
„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.“
* * * * * * *
„ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“
* * * * * * *
„ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა.“
* * * * * * *
„გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.“
* * * * * * *
„ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.“
* * * * * * *
„ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.“
* * * * * * *
„მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება.“
* * * * * * *
„ჩვენში ხორციელი თვალი უფრო მოქმედებს,ვიდრე თვალი სულისა."
* * * * * * *
„ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა.“
* * * * * * *
„პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს.“
* * * * * * *
„რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებითო.“
* * * * * * *
„ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით მსუბუქია."
* * * * * * *
„კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.“
* * * * * * *
„შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ.“
* * * * * * *
„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.“
* * * * * * *
„ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე; იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის.“
* * * * * * *
„ვინც ლაფში თავიდან ფეხებამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს.“
* * * * * * *
„ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულოვნებით, ერთგულებით ძლიერია.“
* * * * * * *
„თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა.“
* * * * * * *
„კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.“
* * * * * * *
„ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი.“
* * * * * * *
„მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.“
* * * * * * *
„სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.“
* * * * * * *
„ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.“
* * * * * * *
„ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია.“
* * * * * * *
„ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთ.“
* * * * * * *
„ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს გაიცინებსო.“
* * * * * * *
„სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი."
* * * * * * *
„ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ.“
* * * * * * *
„ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.“
* * * * * * *
„ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა."
* * * * * * *
„დროზედ ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არიო."
* * * * * * *
„დედაც კაცია, - გვეუბნება ჩვენი ენა, - და მამაცაო.“
* * * * * * *
„ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია.“
* * * * * * *
„ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, - და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი.“
* * * * * * *
„არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი."
* * * * * * *
„ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია.“
* * * * * * *
„ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნება."
* * * * * * *
„თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.“
* * * * * * *
„სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა: სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა.“
* * * * * * *
„სიტყვა თქმაა და არა ქმნა. თქმასა და ქმნას შორის დიდი ზღვარია.“
* * * * * * *
„რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, - პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.“
* * * * * * *
„ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია.“
* * * * * * *
„ხეს ვერ გაზრდი იმ დროზე ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს.“
* * * * * * *
„ხმალი მაშინ უფრო კარგია, როცა ის ფარია და არა სატევარი.“
* * * * * * *
„დამუნათებული, წაყვედრებული კეთილი, … ბოროტზე უარესია და უმძიმესი ასატანად.
* * * * * * *
„ერთი „მაქვს“ სჯობს ათას „გქონდა-ს“.
* * * * * * *
„ყველა ასაკს თავისი შემძლეობა აქვს და ახლად ფეხადგმულს ვერ მოსთხოვთ ნაბადზე გადახტომას."
* * * * * * *
„პატიოსანთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია.“
* * * * * * *
„ერის გული ზღვაზე უფრო ღრმაა და დიდი საქმეა, ვისაც ღონე შესწევნია და თავის საკუთარი გული და თვალი იქამდინ ჩაუწვდენია."
* * * * * * *
„ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.“
* * * * * * *
„უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა.“
* * * * * * *
„ფული რამდენადაც ბევრია, იმოდენადაც ხარბია და გაუმაძღარი.“
* * * * * * *
„მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძვნდება, ვერ აშენდება.“
* * * * * * *
„ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა არც გატანილი.“
* * * * * * *
„დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი.“
* * * * * * *
„მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ.“
* * * * * * *
"თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: „ნანერგითა შენითა მარგე“.
* * * * * * *
„პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს.“
* * * * * * *
„დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება - ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა.“
* * * * * * *
„გონების ნაწარმოები იმისთანა მადლიანი რამ არის, რომ მთელი კაცობრიობის კუთვნილებას შეადგენს და აქ გვარტომობის ჩაჩხირება ჭკუის უღონობას მოასწავებს და სხვას არა-რას. ხელოვნებასა და ერთობ გონების ნაწარმოებსა გვარტომობა არა აქვს.”
* * * * * * *
„შურს ისა სწყინს და გულს უკლავს, - სხვას ჩემზე მეტ რადა აქვსო. ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია, მეც ის შევიძინო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა-კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი ეტრფის.”
* * * * * * *
„გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლია. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად-თუ-ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლია და სხვას არაფერს.”
* * * * * * *
„კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს.“
* * * * * * *
„ადამიანი ადამიანობს მარტო პატიოსნებით და ნამუსითა, და ვინც ეს იცის, იმისათვის შებღალვა ან ერთისა ან მეორისა ყოველს დანაკლისზედ უმძიმესია, ყოველს მწუხარებაზედ უდიდესი მწუხარებაა.“
* * * * * * *
„ზნე-ჩვეულების გაუწმენდელობა და გაუნათლებლობა არის მიზეზი, რომ ქვენა გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდებიან ხოლმე, ტყუილი მართალის ნიღაბ ქვეშ დაიარება და ყალბი ხალასად გადის.“
* * * * * * *
„დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს ჭკვა-გონების გარდა გულიცა აქვს, რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა.“
* * * * * * *
„ამოვიკითხავთ წიგნებიდან რაღაცას და გვგონია, ეს-ეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩავკიდეთო. ქვეყანაზე ბევრი რამ არის უწიგნოდაც ნასწავლი, ამაებსაც ცოდნა უნდა. ჩვენ კი აღარც იქით ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია, თითქო ჭკუა, თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს."
* * * * * * *
„როცა ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო… სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!"
* * * * * * *
„ჭეშმარიტი განათლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის და, ჩვენის ფიქრით, ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათით გაუწვრთნელი."
* * * * * * *
„ცხოვრება ცალკე ადამიანისა, თუ მთელის ერისა, უფრო წეწვა-გლეჯის ბაზარია. დღეს ისეა მოწყობილი და რას იზამ? ცხოვრება მარტო აღებ-მიცემობაა ერთმანეთის ჭკუისა, თუ ხელის ნაწვავ-ნადაგისა, ნაამაგარ-ნაშრომისა, ნაომარ-ნარბევისა. იგი ის მოედანია, საცა ჭიანჭველასავით ირევა დიდი და პატარა, საცა მაძღარი მშიერს წვრილად უფხვნის, გამარჯვებული დამარცხებულს ფეხ-ქვეშა სთელავს, ძლიერი უძლურს ეტანება შესაჭმელად, უძლური ძლიერს გაურბის და ორნივ-კი - დამწევიც და გამქცევიც - ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ღმერთს ეხვეწებიან - ხელი მომიმართეო."
* * * * * * *
„ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდან დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისი წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისგან - მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაცა.
წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავალისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეორეოდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟმთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი."
* * * * * * *
„საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით."
* * * * * * *
„არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირად ვდგავართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგავართ და უღონოდა ვბზუით "მე ვარ და ჩემი ნაბადიო" და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან-კი ყველა ტყუის.
ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცონი ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარ სთქვას: რა გითხრათ? რით გაგახაროთო?"
* * * * * * *
„ადამიანი თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური ჭამოს, არამედ პურს ჭამს იმიტომ, რომ კაცურ - კაცად იცხოვროს და აცხოვროს მისი შთამომავალი."
* * * * * * *
„გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი, ვიდრე ნიშნმოგებული, გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და წიწლაკიანობითა.“
* * * * * * *
„ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არა-მყვირალა და ჩხავანა მოღვაწეობა, - საცა უნდა იყოს, - თუ გულმხურვალეობით არის გამთბარი, გულმოდგინეობით წარმართული, ერთგულობით ძირმაგარი და პატიოსნებით ნათელცხებული, - უტყუარი ნიშანია თითონ მოღვაწის დიდ-ბუნებოვანობისა.“
* * * * * * *
„მართალია დიდად წარმატებული გონება და გული უნდა ჰქონდეს, რომ კაცი შემძლებელი იყოს თავისი თავი გაითვალისწინოს და თავის-თავს მსაჯულად გაუხდეს პირუთვნელად, იმიტომ რომ იგი ერთსა და იმავე დროს მსაჯულიც უნდა იყოს, მოსარჩლეც, ბრალმდებელიც და ბრალდებულიცა.“
* * * * * * *
„ნუ გგონიათ რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა, და მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისაც, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანებისა, დიდკაცობისა, და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა, მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.“
* * * * * * *
„მართალი უთქვამს ვინცა სთქვა, რომ ორნაირი სათნოებაა ქვეყანაზე ადამიანის ღირსების აღმნიშვნელი: ერთი უქმი, რომელსაც მოსდევს არა ქმნა ბოროტისა, მეორე მოქმედი, რომელსაც მოსდევს ქმნა კეთილისა. პირველი მაგდენი ვერაფერი ღვაწლია, - სადიდებელი კაცისა მეორე სათნოებაა.“
* * * * * * *
„მქმნელი იგი მთქმელიცაა, რომელსაც განწმენდილი აქვს თვალნი ზე ზეცისა და ქვე ქვეყნისა საიდუმლოთა მხედველად, ყურნი - ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი - ცისა და ქვეყნის მაჯისცემის შემტყობად და ენა - ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად.“
* * * * * * *
„სინანულისა და განკითხვისათვის აღარც გული გვაქვს გულის ადგილას და აღარც ჭკუა ჭკუის ადგილას და ვიძახით წარამარად “დრონი მეფობენო” მაშინ, როდესაც დრო მხოლოდ იგი ქვევრია, რომელიც მარტო იმას ამოიძახებს ხოლმე, რასაც თვითონ კაცი ჩასძახებს"
* * * * * * *
„სხვაზედ მინდობა - ქვიშაზედ აშენებული შენობა ყოფილა და იქნება კიდეც ამ ქვეყნიერებაში. წამოუვლის ნიაღვარი „შემთხვევისა“ და იმ იმედს, იმ მინდობას აღგვის ხოლმე დედამიწის ზურგიდან და იმედევნეულს, სხვაზედ დანდობილს, ერთს უდაბურს ტინზედ გარიყავს, - შენს თავს შენვე მოუარეო. ეს კანონი - ისტორიული კანონია, იქნება ზოგიერთისთვის ფრიად არ-მოსაწონი,მაგრამ აუცილებელი კი... გვეყო, ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება. ჩვენის გაჭირვებისა ,გულისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ.
მძიმეა ეს უღელი, მაგრამ მით უფრო სახელოვანია მისი ერთგულად გამწევი. მძიმეა, მაგრამ უმაგისოდ ვერ შოებულა ამ ქვეყნიერებაზედ სიკეთე და ძალ-ღონე ხალხისა. სხვა გზა არ არის, ჩვენის ცხოვრების შარა-გზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ."
* * * * * * *
„მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მის ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება, და თუ საჭიროება მოითხოვს, შესწირონ თავი თვისიცა, ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს, ვიდრე საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე.“
* * * * * * *
„ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზედ ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ, და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა,თუ ცის იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ."
* * * * * * *
„ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანი კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე წვრთნა ზნე-ხასიათისა ზრდაა, გარკვევაა მისის სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა.“
* * * * * * *
„ვით მამა ზეცისა იყავნ შენ სრული“ - აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა, ვის რა მანძილი გაუვლია. ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა."
* * * * * * *
„ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟობდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! ერთ-ურთს ვიხვეწებდით. აწინა ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი , ანგარი გვერივნის, ერთ სულობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდნის.
აწინა ქვრივ-ობოლ ვინ განიკითხის, ატირდომილ ვინ გააცინის, დაცემულ ვინ აღადგინის?
აწინა არა არნ კაცნი, და თუ არნ-პირად და გულად ჯუღურ არნ. ერი დავრდომილ, გალახულ არნ, ვრდომილ, კრთომილ, წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წესთ-წყობაი."
* * * * * * *
„ქურდბაცაცაზედ უარესნი არიან ისინი, ვინც იმოდენად ხელს იღებენ თავზედ, რომ ცილისწამებით, ხმების დაყრით, ჩუმად და იდუმალად უბღალავენ თავის მოპირსპირეს პატიოსნებას და ნამუსსა. რაკი ჯავრი ვისზედმე ჩაიდეს გულში, მაშინ იმათთვის მოსარიდებელი აღარა არის-რა: კაცია, თუ ქალია, არ მოერიდებიან, რომ ყოველგვარი ლაფი თავს გადაასხან და ერთსაც და მეორესაც სახელი გაუტეხონ, სახელი დაუმხონ.“
* * * * * * *
„დროთა-ბრუნვა მარტო ხორცს ერჩის, ხორცსა სძლევს. ხორცს მაგისთვის არც ფარი აქვს და არც ხმალი. ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია. ის ერთი-სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი.
შესაძლოა ხორცი დაბერდეს, სული და გული - კი ისევ ჰყვაოდეს, თუკი ადამიანი საკადრისად უპატრონებს, ადამიანურად მოუვლის, ხორცის მბრძანებლად გახდის და ხორცს არ გაალახვინებს. ხორცით დაბერებულს სული და გული ჭაბუკისა შერჩება ხოლმე საფლავის კარამდინა. უკეთესნი და უდიდესნი კაცნი ქვეყნიერობაზედ ამისთანანი ყოფილან."
* * * * * * *
„განა შეტყობა იმისი თუ რა არის ცაში, - ან ცის იქით, - მუდამის წყურვით შესატყობარი არ არის ერთობ ადამიანისათვის? განა ამის ვერ მიღწევის უღონობა ზოგად - კაცობრიული ჩივილი არ არის უძლურებისა? განა ამაებში ტრიალი გონებისა არ არის ზოგად - კაცობრიობის გაუთავებელი ტრიალი იმ საიდუმლოების უძირო მორევში, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო, არც ჰო და არც არა?
* * * * * * *
„დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვივა და ამაებმა სრულიად წარწყმიდეს ჩვენში ის თვითმოქმედების ძალ-ღონე, რომელიც უწინ იყო და რომელიც თუკი სადმე არის, ყველგან ხალხის ბედნიერების სათაურია და საფულძველიც. ხსნა ჩვენი თვითმოქმედებაში და ერთიანობაშია, საცა კაცი თითონ არ არის, სხვისით არა გაკეთებულა რა, საცა ერთი ვერას იქმს, იქ ოცსა და ორმოცს ერთად შეუძლიან ჰქმნას.“
* * * * * * *
„უღონობა ქვეყნისა მარტო უფულობა და უქონლობა კი არ არის, როგორც ეხლა ბევრსა ჰგონია, არამედ უფრო ისა, როცა სათნოებიანი, კეთილ-მომქმედი, მაღალ-ზნეობის კაცი არა ჰყავს. სიმაგრე ქვეყნისა, ქვეყნის ძალ-ღონე, ერის შემნახველი და გამდიდებელი ქვითკირი ადამიანის ცხოვრებისა მარტო სათნოებაა და მარტო სათნოებიანი კაცი ჰქმნის ამ წუთისოფელს ტაძრად, - სადაც ღმერთს ადიდებენ, და სამოთხედ, - საცა ბედნიერება ადამიანისა ჰსადგურობს.“
* * * * * * *
„ჭეშმარიტი განთლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის, და ჩვენის ფიქრით, ისევ გონება განუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწვრთნელი, ამიტომაც დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლოა შეჰხვდეთ, - კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით კი - სრულიად სხვა.“
* * * * * * *
„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა და ნურავის ნუ უკვირს, თუ ამ ვინაობის შემაგინებელს, შემბღალველს, ყოველი პატიოსანი კაცი სამართლიანის გულის წყრომით ზედ აეგება. განათლება პატიოსანს კაცს „სილბოს აძლევს ნაქსოვისას“ - როცა სხვას უნდა „გული მისცეს გულისათვის“ და საშველად ხელი მიაწოდოს, და „სიმტკიცსე ნაჭედისას“ - როცა თავის საკუთარს ვინაობას ჰპატრონობს. იქ „სილბო“ ღირსებაა, აქ კი ლაჩრობა, იქ „სიმტკიცე ნაჭედისა“ გულქვაობაა, აქ კი - ღირსება.“
* * * * * * *
"ვისაც იგი მადლი ღვთისა არა აქვს, რომ სხვისი სიხარულით გაიხაროს, სხვის სიხარულს ვერც შეამჩნევს, ვერც აღბეჭდავს, ნუ გგონიათ, რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა და მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისა, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანობისა, დიდკაცობისა და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.”
* * * * * * *
„ბოროტის უქმნელობა კი არ იზიდავს, კი არ გამსჭვალავს ადამიანის გულს, არამედ ქმნა მადლისა, მარტო მადლის-მყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის მუხლსა და განცვიფრებული მეტყველებს სიტყვით თუ უსიტყვოდ ქებასა და დიდებასა. ეგ იმიტომ, რომ ჭეშმარიტი კაცობა არ ქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონაა მადლისა. კაცურის კაცობის ნიშანი მინიმუმი სათნოება კი არ არის, რომელიც არ-ცოდვის საზღვარია, არამედ მახიმუმი, რომელიც მადლის სამფლობელოა და საუფლისწულოა.“
* * * * * * *
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს."
* * * * * * *
„კაცმა რომ კაცს უთხრას, შენ საქმე არ იციო, არა მგონია ეს უზრდელობაში ჩამოართვას ვინმემ. ასეც კი უნდა ითქვას სხვათა შორის, რომ მართლმსჯელობას გახურებულის რკინის თვისება აქვს. იგი სწვავს, როცა სუსტს მხარეს შეეხება ხოლმე და მაგ თვისებას ვერავინ ვერ ჩამოართმევს მართლმსჯელობასა ზრდილობის სახელითა. ყველას ემწვავება ხოლმე, როცა ვარაყით მოოქროვებულს კაკალს დაჰხარის, შიგ კაი გული დევსო, და თქვენ-კი გაუტეხთ და შიგ გულის მაგიერ ჭიის საბუდარს დაანახვებთ.“
* * * * * * *
„თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილის-მოქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი, - სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა.“
* * * * * * *
„ჩვენის ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულთ-მომქმედი მხნეობა, თავ-გაწირვა, თავ-დადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათელით არის განსხივებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ“, წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზედ, სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია, უძლიერესია ყოველსა მცნებაზედ: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
* * * * * * *
„კაცთა საზოგადოება თავისის სიმკვიდრისა, შეურყეველობისა და არსებობისათვის ყოველ ცალკე ადამიანისაგან ითხოვს იმოდენა სათნოებას, რომ ნაკლები შეუძლებელიღაა კაცთა კრებულად ცხოვრებისათვის. იგი გვეუბნება, თუ ერთმანერთობა გინდა, თუ კრებულად ყოფნა გსურს, ამა და ამაზედ ნაკლები სიმართლე არ იქონიო, ამა და ამაზედ ნაკლებ გულმოდგინედ და ერთგულად არ მოეკიდო შენს მოვალეობას, ამაზედ ნაკლები თანაგრძნობა, თანაზიარობა ერთმანერთობაში არ დაიზარო, ამა და ამაზედ ნაკლები საყოველთავო ტვირთი არა ჰზიდო და ბევრი სხვა."
* * * * * * *
„სვიმონ მესვეტე სვეტზე ავიდა იქ მიეცა გახრწნილებას სულის საოხად, და ნუთუ ეს სიზარმაცით მოუვიდა და ქვეყანას იმიტომ მოერიდა, რომ ქვეყანა ხელ-ფეხის მოძრაობას, გარჯას და მუშაობას ჰთხოულობდა და სვეტზე-კი უძრავად შეეძლო დებულიყო. ამისთანა ამბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც თავს იმალავს ადამიანის მრავალფერს ბუნებაში, და რამოდენად ეს ფარულნი მიზეზნი შორს არიან უბრალო სიკვდილის შვილთა თვალთათვის, იმოდენად მათი პოვნა და მიგნება ხვედრია მარტო იმისთანა კაცებისა, როგორიც რუსთაველია და სხვანი.“
* * * * * * *
„შეჭიდება ჰოსი და არასი, მათი ერთმანეთთან დაპირისპირება და ამ გზით კვლევა მართლისა - კრიტიკაა. კრიტიკა ბუნებითად ისეთი რამ არის, რომ ერთსა და იმავე დროს, ერთისა და იმავე საგნის კვლევაში „ჰო“-საცა და „არა“-საც ამოქმედებს მართლის გამოსარკვევად და გამოსაჩენად, იგი ნებას არ იძლევა, რომ ან ერთმა და ან მეორემ ცალკე გასწიოს და ცალ-კერძ სჭიმოს ჭაპანი ძიებისა და კვლევისა. როგორც ურემი სწორედ ვერ გაივლის, თუ ცალ-მხრივ გააწევინე ხარსა, ისეც ძიება და კვლევა ჭეშმარიტებისა, ცალ-კერძ ტარებული და განზიდული.“
* * * * * * *
„რა არის იგი სწავლა, განათლება, ზნეობა-გაწრთვნილობა, რომ თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობაც ვერ გამოარკვევინოს ადამიანსა, იმოდენა ღონე არ მისცეს სულისა, რომ ადამიანი მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს და ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის ქმობა არ არჩევინოს.”
* * * * * * *
„სავსება ერთობ ადამიანისა იმაშია, რომ მის გონების აღმატებულებას შეწონილ ჰქონდეს აღმატებულება ზნე-ხასიათისაცა. საჭიროა ზნე გაწმენდილი და გაფაქიზებული ჰქონდეს პატიოსნებითა, ნამუსიანობითა, კაცთმოყვარეობითა და სამართლიანობის გრძნობითა. უამისოდ მისი მსჯელობა და ყოფა-ქცევა ერთმანეთს გადუდგება, ერთმანეთს არ შეეთანხმება, მისი აზრი სხვა იქნება და ყოფა-ქცევა სხვა, გონება ერთს ეტყვის და გული სხვას აქმნევინებს. უზნეობა, უხასიათობაც ეს არის და ამ უზნეობითა და უხასიათობით არის ავი, ზნეუწვრთნელი სწავლული კაცი.“
* * * * * * *
„დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს."
* * * * * * *
„მძლედ მობურთალნი ქვეყნიერობის მოედანზედ მარტო დიდხასიათის კაცნი არიან. ქვეყნის ღერძს მარტო ის ატრიალებს, ვისაც მიჰმადლებია გულთასრულობა, დიდ-ხასიათობა, იმისდა მიუხედავად, - ტრიალი ემარჯვათ, თუ ემარცხათ. ყოველივე დიდებული საქმე რითაც-კი კაცობრიობა ჰქადულობს და თავს იწონებს, ქმნილია ხასიათიან კაცთა მიერ და არა ვისმე სხვისაგან. ამიტომაც ხასიათიან კაცის წინაშე ყველა უნებლიეთ თავს იხრის, მოწიწებით და სასოებითა: ამიტომაც ყველა, დიდი და პატარა, უკან მისტირის, როცა ამისთანა კაცი მიდის უკან დაუბრუნებლად და სამუდამოდ.“
* * * * * * *
„უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცთომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ეს და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ, ის მხოლოდ ეძებს სიმართლეს და ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია - ცუდად, რაც კარგია - კარგად. პირფერობა და ურცხვი უალაგო ქება გლახის და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა.“
* * * * * * *
„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე - დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა… მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც."
* * * * * * *
„ჩვენს ენას ჩვენში მოედანი არა აქვს სავარჯიშოდ. ჩვენი ეგრეთწოდებული მაღალი საზოგადოება, ნამეტნავად ქალაქში, თავის სამარცხვინოდ თაკილობს თავის დედა-ენით ლაპარაკსა. ნათქვამია, თევზი თავიდან აყროლდებაო, სწორედ ეგრე მოგვდის ჩვენც, ჩვენს ეგრეთ-წოდებულ მაღალ საზოგადოებას თუ დავაკვირდებით. ცოცხალი ლაპარაკი, ის დარბაისლური ქართული საუბარი, ის საამური ქართულის სიტყვის მიხვრა-მოხვრა, ის სიმდიდრე ქართულის სიტყვიერებისა აღარ ისმის, აღარ არის. გადაგვავიწყდა ყოველივე, რაც ენის მშვენებას შეადგენს, რადგანაც ჩვენი აზრი ჩვენის ენით აღარ მოძრაობს, ჩვენი გული ჩვენის ენით აღარ თბება."
* * * * * * *
„ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა და არის, რომ ერის წარმატება, ქონებრივი თუ გონებრივი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერი წოდებათა დაუყოფელად, დიდ პატარაობის გაურჩევლად და გამოუკლებლად ერთიანის მეცადინეობითა და გარჯით ცდილობს ცხოვრების გზა გაიკვალოს და ბურთი ბედისა გადაიტანოს წუთისოფლის მოედნიდან ყველამ ერთად საყოველთაოდ. ცალ-ცალკე თლა ლხინისა თავისაკენ და ჭირისა სხვისაკენ, მარტო თავის-თავის ხსოვნა და სხვისი დავიწყდება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგი კრებულია, რომელსაც ერი ჰქვიან."
* * * * * * *
„ჩვენთვის, ადამიანებისათვის, საჭიროაო, - ამბობს ბრძენი სენეკა, - იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევიძლოთ საკუთარის ხასიათის გაწვრთნა და გამტკიცებაო. ოჰ, რა ბედნიერია იგი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცაო“.
* * * * * * *
„ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში-ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისთვის, საცა "მე" ხშირია, და "ჩვენ" - იშვიათი!"
* * * * * * *
„ჩვენ, საწყალ ქართველებს ერთი სხვა საძაგელი სენიც გვიჭირს - ყიზილბაშობა. გულის შემაზრზენი, კაცის ღირსების დამმდაბლებელი პირფერობა, ურცხვი ტყუილი ქება, საძაგელი კლაკვნა და პირიდან თაფლის დენა, რომელსაც ქართველი "ზრდილობას" ეძახის, - ესენი ერთად შტოები არიან დამპალ ყიზილბაშობისა.
ისე უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდან თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია.
მაგრამ ამისთანა ცდომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ესა და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია - ცუდად, რაც კარგია - კარგად. პირფერობა და ურცხვი, უალაგო ქება გლახის და მათხოვარის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა."
* * * * * * *
„ყოველი კაცი ბედნიერებისათვის იღწვის, მაგრამ ყოველს კაცს მიჩნეული არა აქვს თავის საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება, ანუ, უკეთ ვსთქვათ, თავისი საკუთარი ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფლად ყოველს კაცს ვერ გაუერთებია. ეს ისეთი მძიმე გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თვითეული ბიჯი ღვაწლია და მსხვერპლი, და რადგანაც ღვაწლია, რადგანაც მსხვერპლია, ამიტომაც მადლია, და რადგანაც მადლია, ამიტომაც გულთა მიმზიდველია, გამმსჭვალავია გაოცებამდე, გაკვირვებამდე. ამისთანა კაცი მზესა ჰგავს, რომელსაც ბრმაც-კი ჰგრძნობს, თუმცა არა ჰხედავს.“
* * * * * * *
„დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა, იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს, არა ბატონებო, ეს იმისთანა განკითხვაა საცა თითონ ბრალეული თავისის-თავის გამკითხველია და მსაჯული, „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ ილია წავწავაზემხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო, რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისი ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილ-უბტრალოდ არ გააქარწყლოს.“
* * * * * * *
„თვით იკვლიე, თუ შეიძლება და გარემოება შეგწევს, მოსჩხრიკე, შეამოწმე, და თუ ავტორიტეტის აზრი გამართლდა, დაიჯერე მხოლოდ მაშინ, და ამ სახით შენს საკუთარ რწმენად გარდაჰქმენ სხვისაგან აღმოჩენილი და ნაკვლევი. ხოლო საცა გონება და ჭკუა, რომელისამე მიზეზით, ვერ მიგიწვდეს და არჩევანში ხარ, შენს არ-გამოკვლეულს აზრს, არ-ცოდნას, სხვისი, სახელგანთქმულის მეცნიერის, გარკვეული აზრი და ცოდნა მოაშველეო - აი, ეს არის ეხლანდელი მოძღვრება ავტორიტეტების გამო, და ღრმად დანდობა კი, და აყოლა სხვისა იქ, საცა შენი საკუთარი გონება საბუთიანად სხვა რიგად გიჭრის, - ეგ უწინდებური ცოდვაა, უგუნურობად მიჩნეული და სამრთლიანად განდევნილი, უარყოფილი.“
* * * * * * *
„ყოველივე ცვლილება, საზოგადოებრივი თუ ეკონომიური, მაშინ არის მარგებელი და მკვიდრი, როცა ცვლილების საგანი ყოველმხრივ გასინჯულია და შუქმოფენილი, ამისთვის, რასაკვირველია, ყველაზედ უწინარეს კაცმა გონება უნდა მიაქციოს ადგილობრივს ვითარებას, რადგანაც ყოველს საგანს ამ შემთხვევაში თავის ადგილზევე აქვს თავისი სათავე, თავისი ძირი და თავისი გზა მსვლელობისა და განვითარებისა. მაგრამ ძალიან შესცდება ის, ვინც მარტო ამას დასჯერდება და მარტო აქედან გამოიყვანს თავის დასკვნას.
ბევრი, ძალიან ბევრიც, იმისთანა ნაშთია საზოგადოებრივს თუ ეკონომიურის წყობისა, რომელიც თუმცა არსებობს, მაგრამ მსვლელობის კვალი კი წაშლილი აქვს ჟამთა მდინარეობისგან და ამის გამო მისი ვერც თავი გაიგება, ვერც ბოლო, თუ მარტო ადგილობრივს ვითარებას შეაცქერდა კაცი. ამ შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა იგივე საგანი გამოიძიოს სხვა ქვეყნებშიც, სხვა ქვეყნების ისტორიაც მოიშველიოს. იტყვიან, სხვა ქვეყნები რაში გამოგვადგებიან, ჩვენ სხვანი ვართ, ისინი სხვანიო. იტყვიან მაგრამ მთქმელნი ამაში ძალიან შესცდებიან".
* * * * * * *
„პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს, ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, ეგ შეურცხყოფა იქნება. ცუდია, თავის მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივისცემა ის კი არ არის, რომ პირში, გულახდილად, ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შურაცხჰყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა, ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის-თავს კაცად სცნობს და აღიარებს.“
* * * * * * *
„ჩვენ ადრევაც გვითქვამს, რომ ეხლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოგიკამ გზა შეიშალა, თითქო ან მართულები მოეშალა, ან ღერძი გადაუბრუნდაო. სულ ყველაფერი აირივ-დაირია, ტყუილი და მართალი ვეღარავის გაურჩევია, ქვენა-გრძნობანი ზენა-გრძნობათა ადგილას გამეუფდნენ, ცოდვამ მადლის პირბადე ჩამოიფარა, ყალბი ხალასად გადის და ნაძირალა თავანკარად, თითქო ჭკუისა და გულის აღებ-მიცემობაში აღარ იშოვება საწყაო ცოდვისა და მადლისა, ტყუილისა და მართლისა.
ამ უნუგეშო ყოფას ხშირად ჩავუფიქრებივართ ჩვენ და ხშირად მოგვწყურებია გამორკვევა მიზეზისა, უფრო იმიტომ, რომ ეს არევ-დარევა აზრებისა, ეს გაურჩევლობა ტყუილისა და მართლისა, ბოროტისა და კეთილისა, არსად სხვაგან ისეთის თავმოწონებით არ გათამამებულა, არ გაკადნიერებულა, როგორც ჩვენში.
ეს ადვილი მისახვედრიც არის: სულელობას, ოღონდ მეცნიერების სახელით კი გამოვიდეს მოედანზედ და ლიბერალობა მოეწეროს ქვეშ, არსად იმისთანა უვიცობის ხნული არ დახვდება ფესვის მოსაკიდებლად, როგორც ჩვენში."
* * * * * * *
„საკვირველი კაცია ქართველი! ძალიან თვალების აბმა იცის, სხვის თვალებისა კი არა, მაგოდენა არ შეუძლიან, თავის საკუთარის თვალებისა. თუ მოინდომა, და თუნდაც არ მოინდომოს, ისე ხელობად დასჩემებია, რომ რაც უნდა კეთილ-სინდისიანი საქმე იყოს, ასეთს კუდს გამოაბამს, ასეთნაირად წაშლის-წამოშლის, რომ შენი გაკეთებული საქმე შენვე ვერ იცნო, შენი ნათქვამი სიტყვა შენვე ვეღარ გაიგო.
რათ უყვარს ქართველს ამისთანა სულის კლაკვნა? მრავალი რამ არის მიზეზი, სხვათა შორის ისიცა, რომ სიკეთეს ყველანი გადავჩვეულვართ, კეთილი არა გვწამს, სული და გული ამოგვშრობია. კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს. რატომ? იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავსა დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ იმას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი "არა" იქნებოდა, რასაკვირველია.. "მაშ არც ის იქმოდა", - დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა, რომ პატიოსანი თავგანწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა ქართველის თვალში. რისთვის? მარტო იმისთვის, რომ თითონ ქართველი იმის ადგილას პატიოსნებისათვის თავს არ გაიწირავდა, თუ რომ სხვა დაბალი განზრახვა გულში არა ჰქონდეს."
* * * * * * *
„პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს, ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, ეგ შეურცხყოფა იქნება. ცუდია, თავის მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივისცემა ის კი არ არის, რომ პირში, გულახდილად, ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შურაცხჰყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა, ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის-თავს კაცად სცნობს და აღიარებს.“
* * * * * * *
„უარყოფა დიდ მოდად შემოვიდა ბრმათათვის. ვისაც ადვილად და მოუმზადებლად კუსავით ფეხის გამოყოფა უნდოდა ქვეყანაზედ, ეგ მოდა უნდა მიეღო. ამისთვის ორიოდე ფრაზა იყო საჭირო. ერთი ის, რომ პოეზია, და ერთობ ხელოვნება, რა ჭკვიანი კაცის საქმეა, ერთი წყვილი წაღა შექსპირს მირჩევნიაო; მეორე - ავტორიტეტები არა მწამსო; მესამე - ისტორია ზღაპარიაო; და მეოთხე - ქვეყანაზედ მარტო გლეხკაცია ადამიანი და თავადი და აზნაური კი არაო.
ეს ფრაზები რომ დაგესწავლათ, ლიბერალი იყავით და ლიბერალი. აი სწორედ ამგვარ ლიბერალობაში ჩაცვივდნენ ჩვენებურის ყმაწვილ-კაცობის ბევრი წილი. დღესაც, აბა დააკვირდით ჩვენებურს შინ-გამომცხვარს ლიბერალებს, თუ მარტო ამ უთავბოლო ფრაზებით არ იკვებებოდნენ და ქვეყნის სასაცილოს თავიანთ თავს ლიბერალებად და რადიკალებად არა ხადოდენ. აბა დააკვირდით, თუ ყველგან, საცა გინდა და არ გინდა, სულ ეგ ფრაზები არ წამოსჩხირონ, ფერად-ფერად ძონძებში გახვეულები."
* * * * * * *
„ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ-ბუნებოვანი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში.“
* * * * * * *
„ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია, რომლითაც იგი ადამიანობს, ვით კერძო ღვთისა. ის ერთი - სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი. ეგ ღვთაებრივი ნიჭი, როგორც ყველაფერი ღვთაებრივი, დროთა მბრძანებელია და არა ყმა. შესაძლოა, ხორცი დაბერდეს, დაუძლურდეს, სული და გული კი ისევ ჰყვაოდეს, ზეგარდმო მადლით შუქმოფენილი და მრავალფერად გადაშლილი, თუკი ადამიანი საკადრისად უპატრონებს, ადამიანურად მოუვლის, ხორცის მბრძანებლად გახდის და ხორცს არ გაალახვინებს. მე ვსთქვი - ეგ ნიჭია-მეთქი და ნიჭს ზრდა, წვრთნა, გახსნა და გაშლა უნდა. ყოველი, ცოტად თუ ბევრად სხვაზედ აღმატებული კაცი არ შეიძლება ამ გზას ასცდენოდეს, და ამიტომაც მოხდება, რომ ხორცით დაბერებულს, სული და გული ჭაბუკისა შერჩება ხოლმე საფლავის კარამდინა. უკეთსენი და უდიდესნი კაცნი ქვეყნიერობაზედ ამისთანანი ყოფილან.“
* * * * * * *
„ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ-ბუნებოვანების შარავანდედითა და, თაყვანსა სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი თხოვნა, იმათი დაუვიწყარობა. თუნდ ეგეც არ იყოს, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიაჩნია კეთილად, და რა კეთილი - ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილის არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.“
* * * * * * *
„თვითმსაჯულობა, თვითმხილველობა, გონებრივი უმაღლესი წერტილია ადამიანის განვითარებისა და წარმატებისა. შესაძლოა კაცს მრავალი ცოდნა ჰქონდეს, და ის უნარი კი, რომელიც თავისით ჭრასა და კერვას მოასწავებს გონების საქმეში, არ გახსნოდეს, არ გაშლოდეს სამოქმედოდ. იგი „ჰოს“ სათქმელსაც და „არას“ სათქმელსაც ერთნაირის სიფრთხილით, ერთნაირის აწონ-დაწონვით ეპყრობა. იგი იმითაა ღირსეული, რომ „ჰოს“ საბუთსაც ისეთისავე გულმოდგინებით იძიებს, როგორც „არას“ საბუთსა, რადგანაც სახელში მარტო მართალი აქვს და სხვა არარა. ამისთანა კრიტიკა მართლმოყვარე გამომძიებელია და მართლგამკითხავი სასწორი: თუნდ რომ „ჰოს“ გზით შეუდგეს თავის საქმეს, თუნდ „არას“ გზით, ორმავე გზამ მართალთან უნდა მიიყვანოს, ამიტომაც კრიტიკა ერთს გზასაცა ჰხმარობს და მეორესაც, იმისდა მიხედვით, თუ - რა საქმეში რომელი უფრო უტყუარად და ადვილად აპოვნინებს მართალსა.“
* * * * * * *
„გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო:“ ჩვენ გულს გაგვიგმირავს ხოლმე ცხოველი სიტყვა, ჩვენი ძმისვე სიკეთე, ჩვენი ძმისვე ჩვენთვის თავგამოდება. პირველი ქვა, რომელიც თავგამოდებულს მოხვდება ხოლმე, ქართველისაგანვე არის ხოლმე გამოტყორცნილი. წადი აქა და ძლიერი მუხლი ნუ მოგეჭრება. რათა ვართ ასე? იმიტომ, რომ ჩვეს აზრსაც, გრძნობასაც გადავჩვეულვართ, მერე ასე გადავჩვეულვართ, რომ ცოცხალი აზრი, პატიოსნური გრძნობა, უანგარო გულმხურვალება, თავგამოდებული ხალისი რომ ვნახოთ, ვერც კი ვიცნობთ. ეს კიდევ არაფერი, რომ ვერ ვიცნობთ: ავიღებთ და იმასაც ლაფში გავსვრით, - იმ მიზეზით, რა მიზეზითაც დიდხანს ბნელს საპყრობილეში დამწყვდეული კაცი, როცა მზეზედ გამოვა, თვალებზედ ხელს იფარებს, რადგანაც სინათლეს ისე გადაჩვეულა, რომ სინათლე თვალებსა სტკენს, და ამის გამო რაც ნათელია, ბრწყინვალე, იმას თვალების აფარებით აბნელებს."
* * * * * * *
„პატარა დალაგებით რომ დაუფიქრდე იმ ხავსმოკიდებულს გუბეს, რომელსაც ჩვენ, ქვეყნის სამასხარაოდ, ცხოვრებას ვეძახით, რომელშიაც ჩვენ, რაღაც დაუდეგარის კმაყოფილებით ვჭყუმპალაობთ, და რომლიდანაც ათასი სხვადასხვა-ფერი ნაკადული იწრიტება ცალ-ცალკე და სხვადასხვა გზით მიდის, და "რაოდენადაც ერთანეთზედ შორსა ვალს, ეგოდეს დაუძლურდების", - ამ გუბეს რომ თვალღია და აუჩქარებლივ დააკვირდე, მაშინ შენც ჩემთან ამოიკვნესებ და იტყვი: "ვართ-ღაო!"
* * * * * * *
„ისტორიაო, - ამბობს ერთი მწერალი, - ბრძოლაა ბუნებასთან, სიღარიბესთან, გონების სიბნელესთან, ღონემიხდილობასთან, მაშასადამე ყოველგვარ შევიწროვებასთან, რომელსაც ადამიანი პირისპირ შეემთხვევა ხოლმე, როცა ისტორიის ასპარეზზედ გამოდისო. ერთს ბიჯსაც წინ ვერ წავდგამთ ამ ბრძოლაში, თუ ყველამ ცალკე გავწიეთო. ყველამ ცალკე ვიბრძოლეთო."
* * * * * * *
„ზნე - ხასიათის წრთვნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე, წრთვნა ზნე - ხასიათის ზრდაა, გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისი კაცობისა, ადამიანობისა."
* * * * * * *
„გამხელა და გაკიცხვა წუნის დადების საზღვარს არ უნდა გადასცილდეს. წუნის დადება და ლანძღვა-თრევა, შორის-შორია, შუა დიდი მანძილი უდევთ. განა ცუდს - ცუდი, ავს - ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახებლად, ადამიანის გაულანძღველად, თავლაფ-დაუსხმელად? ამ შემთხვევაში ავის მომქმედი არ უნდა გააბოროტო ლანძღვითა და თრევითა, იმიტომ რომ გაბოროტება, ვით ძლიერ თავდაუჭერელი ვნებათა-ღელვა, გულის-ყურის კარს დაუხშობს და იმ ზნეობით ძალს, რომელსაც ნამუსს ეძახიან და რომელიც ჭეშმარიტი გამკითხავია და მწურთვნელი კაცისა, ხმას აღარ ამოაღებინებს.
ავის საქციელის მდევნელი ზრდილობიანი, მართებული გონება-გახსნილი პატიოსანი კაცი რისთვის აღიძვრის ხოლმე დევნად? იმისთვის ხომ არა, რომ ზოგიერთებსავით სიხარულით ქუდი ჭერსა ჰკარს, ჩემს მოძმეს ძლივს ცუდი ვუპოვნეო და ძლივს ჩემს ლანძღვით სავსე გუდას პირს მოვუხსნიო, არამედ იმისთვის, რომ ან ავის მომქმედს ავი მოაშლევინოს, ან ავზედ სხვას აუხილოს თვალი.“
* * * * * * *
"ჩვენს ცხოვრებაში არის იმისთანა ფესვნი, რომელთა ზედაც შეიძლება ამოვიდეს სიკეთე ერთობისა და ყველასათვის სახეიროდ გაიშალოს. ამას უნდა დავტრფოდეთ და შევხაროდეთ და არა ვთაკილობდეთ და ვმტრობდეთ."
* * * * * * *
„ტვინი თუ ნაჩვევი არ არის თვითმსჯელობასა, თუ თავით თვისით ნავარჯიშები არ არის, თუ მის პატრონს დაბადებითვე ნათხოვრებით გამოუზრდია - „ვერ მოგართვის“ მეტს ვერას ეტყვის გაფითრებულს პატრონსა. ეგრე უნუგეშოდ გამოსტუმრებული ტვინის პატრონი თუმცა სასოწარკვეთილებას მიეცემა ხოლმე, მაგრამ დიდის ხნობით კი არა. ტვინის სადგურში ერთი მივარდნილი კუნჭულია, საცა ერთი ბრმა - ნიჭი ადამიანისა ბინადრობს, ის ნიჭი ტვირთთა-მზიდველ სახედარსავით ყოველთვის მორჩილია, ქვევრის თვისება აქვს, რაც ერთხელ ჩაგიძახნია, იმას ყოველთვის ამოიძახებს და სახელად ჰქვიან მეხსიერება. აი ეს ბატონი მეხსიერება მიეშველება ხოლმე ტვინისაგან განუკითხველს მწერალსა და გზას უჩვენებს ვაი-ვაგლახიდამ დასახსნელს, მაშინ დაიძვრის ხოლმე მეხსიერების სიღრმიდამ ყოველივე ნაგავი, რაც გაზეპირების ქარს და წაღმა-უკუღმად წიგნის კითხვას ოდესმე მოუბუქავს, ენაზედ მოაყენებს ყოველს - გონებაში ჩარჩენილს უთავბოლო ფრაზებს, იმას კი არა ფიქრობს, რომ იმას გულის ფრიალის წამალს სთხოვენ და ის კი ტვინ-დათხეულსავით იძახის: მწყურვალის წამალი წყალიაო.“
* * * * * * *
„უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკვიანი უცოდნიარი ყოველთვის თავის ქერქშია, - რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, აქ იგი მეტიჩრობას ვერა ჰკადრულობს, დუმილს უფრო რჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონს-დასწონს და ამნაირად თავის საკუთარ აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.
ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავის თავი სხვაზე მეტი არ ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ იკვეხის, თითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს, მან თავის ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც ერთნაირად, მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩრობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც სამარცხვინო ოინებს ახლოც არ ეკარება.
სულ სხვაა უჭკუო უმეცარი, მერე თუ ყბედობის საღერღელიც აქვს აშლილი. უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერებაზე, და რამოდენაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად არის, რამოდენადაც უფრო სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული, მით უფრო თამამია, მით უფრო კადნიერია. მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ გახადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზედ მოადგება. ჰროშავს გამარჯვებულისვით დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული, მოგაყრით ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებს, რომელიც არც თითონ ესმის და არც მსმენელს გაეგება და ჰყოყოჩობს, აი რაები მცოდნია და რა ბრძენი კაცი ვარო! ბალღებს, რასაკვირველია, გაბერილი, გაუგებარი ფრაზები სავსე ჰგონიათ, როგორც გაბერილი ტიკი, და უკვირთ როგორც ერთი რამ უტყუარი ნიშანი აუარებელის სიბრძნისა და მეცნიერობისა, ჭკუადამჯდარს კაცს-კი ეს სამასხარო ოინები სასაცილოდაც არა ჰყოფნის."
* * * * * * *
„რასაკვირველია, ვინც ღრმად დაკვირვებას საგნისას ჩვეული არ არის, ვისაც გონების თვალი არ უჭრის და ტფილისის ბულვარის მოძღვრება კაცობრიობის მოძღვრებად უწამებია, იმას ადამიანის „მე“-ს ხსენებით მიზეზი მიეცემა იაფის ფასის ლიბერალობა გასწიოს და ჩვენ შეგვწამოს, ვითომც ჩვენ იმ სამართლიანად გმობილს ეგოიზმს ვქადაგებდეთ, რომელიც ეჩოსავით სულ თავისკენ ითვლის, ყველაფერს თავისთვისა სჩემობს არა, ჩვენ იმ გრძნობაზედ ვლაპარაკობთ, რომელსაც ადამიანის საკუთარის ღირსების გრძნობა ჰქვიან და ურომლისოდაც არც კაცი კაცად იხსენება და არც საზოგადოება საზოგადოებად.
ადამიანს მისი “მე” გაუნადგურეთ, მის საკუთარ კერაზედაც ნუ მოასვენებთ, შინ შეესიენით, სჯიჯგნეთ და ჰსწეწეთ სულიერად თუ ხორციელად, დღემუდამ შიშს ქვეშ ამყოფეთ, ან ეხლა შემომიხტებიან, ან ეხლაო, ერთის სიტყვით, საკუთარის ღირსების გრძნობა აჰყარეთ და გაუქარვეთ და რაღა დარჩება ადამიანს ცხოვრების საგნად? რისათვისღა გაისარჯოს? რისათვისღა იღვაწოს? რისათვისღა მისცეს მხარი თავის მსგავსსა, თავის მოძმესა? ან რისთვისღა უნდა თითონ საზოგადოების არსებობა? ტყის ნადირი რით იქნება უარესი ამრიგად გათახსირებულ, ამ ყოფაში ჩავარდნილ ადამიანზედ? რა განსხვავება იქნება პირუტყვსა და იმისთანა ადამიანს შორის, რომელსაც თავისი „მე“, თვისი ვინაობა, თვისება, თვისი პიროვნება და ღირსება დაჰსჩაგვრია.“
* * * * * * *
„ძველნი ფილოსოფოსნი ამტკიცებდნენ და ახალნიც ემოწმებიან, რომ ყველაზედ ძნელი ადამიანისათვის თავისი-თავის ცნობა, თავისი-თავის ცოდნა არის, ესე იგი, იცოდეს რის ძალ-ღონის პატრონია და იმის კვალობაზედ ამ წუთის-სოფლის სუფრაზედ თვისი ჭეშმარიტი ადგილი დაიჭიროს და ცხოვრებას ადამიანისას აქედან მისცეს თავისი შემძლებელი მხარი."
* * * * * * *
„კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს. რატომ? იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავს დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ ამას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი “არა” იქნებოდა რასაკვირველია… „მაშ, არც ის იქმოდა“, - დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა, რომ პატიოსანი თავგანწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა ქართველის თვალში. თითონ რომ სიკეთეს გადაჩვეულა, სხვისაგანც სიკეთე აღარა სჯერა; აღარა სჯერა, რომ იმ დედამიწაზედ, საცა თითონა სცხოვრობს და ათასი კიდევ მის მსგავსი, აღარა სჯერა - რომ იმ დედამიწაზედ კაცი არის, რომელსაც სიკეთე სიკეთისათვის უყვარს, რომელსაც იმოდენა სულის ძალაცა აქვს, რომ თუ გაჭირდა, სიკეთისათვის თავსაც დასდებს.
ქართველი, როგორც თითონ არის, ისე თავის მოძმეც ჰგონია; ამიტომაც ყოველი პატიოსანი საქმე პატიოსნობის სიყვარულისაგან კი არა ჰგონია წარმომდგარი, არამედ რომელიმე დაბალი და სამარცხვინო გრძნობისა და წადილისაგან. ამით ჩვენში ყოველ ბრწყინვალე საქმეს სამარცხვინო ფერს მოაცხობენ ხოლმე, ყოველს კეთილშობილურს განზრახვას, ლაფით მოსვრიან, ყოველს თავგამოდებითს ხალისს ადრე და მალე ჭუჭყიანის ხელით ფრთას მოჰკვეთენ ხოლმე. დიდი სულის ღონე უნდა, რომ კეთილმა კაცმა თავი შეიმაგროს და საზოგადო განკიცხვის კიჟინამ არ შეაყენოს თავის დანიშნულ საგნის შუა-გზაზედა.“
* * * * * * *
„როცა საზოგადო მნიშვნელობის აზრი ამოქმედებს სიტყვას, მაშინ თითონ თქმა ქმნად გადაიქცევა ხოლმე. ამ გზით სულჩადგმული ცხოვრება მოედანზედ გამოდის და შემოქმედებითი ძალი ცხოვრებისა აღარ უქმობს, არამედ იღვიძებს და ფრთას ისხამს. ეს შემოქმედებითი ძალი ცხოვრებისა სათავეა ყოველის წარმატებისა და მაგ ძალის ძლიერებაზედ დამოკიდებულია ყოველი იმედი ცხოვრების წინწადგომისა და განკარგებისა, საცა ეგ ძალი აღძრული არ არის, იქ ცხოვრება დგას, ვითარცა გუბე და გუბესავით შხამავს და სწამლავს გარეშემო ჰაერსა.
ადამიანიც, იმ ჰაერში სულის მბრუნავი, ცოცხალმკვდარსავით ზლაზვნით და ხანხალით დატანტალებს უგულოდ და უსულოდ ცხოვრების მოედანზედ, როგორც სასაფლაოზედ, თითქო მარტო იმისთვისაო, რომ ერთი პატარა ადგილი იშოვოს, საფლავი გაითხაროს და შიგ ჩაწვეს. საკვირველიც არ არის, იქ მაცხოვარი სიო განახლებისა არ დაჰბერს ცხოვრებასა და მის გამო დღევანდელი დღე მკვდარია ხვალისათვის, როგორც გუშინდელი დღევანდელისათვის იყო, ამიტომაც ადამიანს აღარც გუშინდელი ახსოვს, აღარც დღევანდელი სწამს და აღარც ხვალინდელს ეტანება. ყოველსფერზედ გულაყრილია და ცხოვრობს მარტო იმისათვის, რომ მოკვდეს, როგორც მეტხორცი რამ, როგორც შემთხვევით მოსული და შემთხვევითვე წასასვლელი. ერთის სიტყვით, ადამიანი გამოფუყებულია, გამოცარიელებული, და ამიტომაც თითონ მისი ცხოვრებაც სიკვდილია და არა სიცოცხლე.
გარნა იქ კი, საცა ეგ მადლიანი ძალა შემოქმედობისა აღძრულია, ადამიანი გრძნობს, რომ იგი შვილია გუშინდელისა, მოჭრინახულეა დღევანდელისა და დამბადებელია ხვალისა. წარსული, აწმყო და მომავალი - ერთ რთულ, დაურღვეველ ჯაჭვად მიაჩნია და იმ ჯაჭვში თავისი თავი რგოლად, წინასა და უკანაზედ მტკიცედ გადაბმულად. მაშინ ადამიანი თავის-თავს მართლა-და ადამიანადა სცნობს, ეგ ცნობა საკუთარის თავისა ღირსებას უღვიძებს, საკუთარის თავის ღირსება ჩაგრულ ყოფას ვერ ათმენინებს და დამკლავებული გამოჰყავს ცხოვრების მოედანზედ საომრად და საბრძოლველად. გმირებს, სახელოვანს კაცებს, დიდებულ მოღვაწეებს ქვეყნისას - ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა ჰბადავს.
რაკი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ დაიძრა შემოქმედობითი ძალი, ერთს ნამოქმედს სხვა სამოქმედო საგანზედ მოჰყვება, ერთი მეორეს ჰშობს, მეორე მესამეს და ეგრე გაებმის ის ფერადი გრეხილი ცხოვრების მოძრაობისა, რომელსაც ისტორიას ეძახიან. ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა შექმნის ისტორიას; უმაგისოდ ნურა ერი ნუ დაიქადებს, ისტორიის ღირსი ერი ვარო. უწინ, როცა ჩვენში ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა ფეხადგმული იყო, აკი ისტორიაცა გვქონდა, აკი გმირებიცა გვყვანდა, აკი დიდი მწერლებიც და პოეტებიც აღმოგვიჩნდნენ, აკი იმ აღმატებულ ყოფაცხოვრებამდინაც მივაღწიეთ, რომლის დიდებულებამაც თამარ მეფე საუკუნოდ სახსოვარი გახადა ჩვენთვის.“
* * * * * * *
„რომ მე მართლა-და ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყო, საჭიროა ყველა სხვა სულერნიც ბედნიერი იყვნენო", - ამბობს ერთი მეცნიერი. მადლის მოედანი და სარბიელი ეს არის. ყოველი კაცი ბედნიერებისათვის იღწვის, მაგრამ ყოველს კაცს მიჩნეული აქვს თავის საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება, ანუ,უკეთ ვსთქვათ, თავისი საკუთარი ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფლად ყოველს კაცს ვერ გაუერთებია.
ამ გაერთებისათვის დიდის ხიდის გადებაა საჭირო და ამას დიდი ღონე უნდა სულისა, დიდი შეძლება გულისა, და ყველა კაცს არ მოეკითხება. ვისაც-კი ეგ ღონე და შეძლება აქვს, იგი მით ნაწილია ყველასი, - ჩემიც, თქვენიც და სხვისაც იმიტომ, რომ, იგი ჩემს, თქვენს და სხვის ბედნიერებაში ეძებს მხოლოდ და ჰპოულობს თავის საკუთარ ბედნიერებას და, მაშასადამე, იმისი ბედნიერება თუ უბედურობა - ჩემი, თქვენი და სხვისი ბედნიერება და უბედურობა უნდა იყოს.
ეს ისეთი ძნელი გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თვითოეული ბიჯი ღვაწლია და მსხვერპლი, და რადგანაც ღვაწლია, რადგანაც მსხვერპლია, ამიტომაც მადლია, და რადგანაც მადლია, ამიტომაც გულთა მიმზიდველია, გამმსჭვალავია გაოცებამდე, გაკვირვებამდე. ამისთანა კაცი მზესა ჰგავს, რომელსაც ბრმაც-კი ჰგრძნობს, თუმცა არა ჰხედავს."
* * * * * * *
„ყოველს ადგილას, ყოველს საქმეში - რაც უნდა ჩუმი იყოს, რაც უნდა მცირე - ადამიანს შეუძლიან აღმოაჩინოს სიდიადე ღვაწლისა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ერთის მეცნიერისაგან: "ვინც ორი მარცვალი მოიყვანა იქ, სადაც მანამდე მარტო ერთი მარცვალი მოდიოდა, იგი ერთს უდიდესს სამსახურს უწევს კაცობრიობასაო".
ამ წუთის-სოფელში ადამიანს ბევრი და მრავალ-სახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორცკერძოდ თავის-თავისათვის, ისეც ზოგადად ყველასათვის. სათითაოდ ყველას ერთნაირიდანიშნულება არა აქვს, სათითაოდ ყველას რაიმე დანიშნულება კი უსათუოდაქვს. მაღალ ზნეობის თვალის წინაშე სიდიდე ადამიანისა დანიშნულების სიდიდეზედ არ არის დამოკიდებული. მრავალ-გვარია ნიჭიერება, ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის, ვინ როგორ აურჩია საქმე თავის ნიჭსა, ღონესა, მიდრეკილებასა და ვინ როგორ უძღვება. თითონ საქმის მეტ-ნაკლებობა აქ არაფერს შუაშია, დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონდ კაცმა იმას მიჰმართოს, იმას ჩაჰჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება. უამისოდ ყოველი დიდი საქმე მცირეა და ამისით კი ყოველი პატარაც დიდია."
* * * * * * *
„იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვება, სახელისათვის ჰშვება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნც გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ."
* * * * * * *
„ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის - მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებას."
* * * * * * *
„ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია… ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს… რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის… ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა."
* * * * * * *
„კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, - ამბობს ჩვენი ერი: - ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა - წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი."
* * * * * * *
„ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი."
* * * * * * *
„ერი თუ საზოგადოება მარტო იმას უნდა ეძახოდეს "ჩვენგანს", ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის სიტყვით თუ საქმით და თუ ეს ღვაწლი გაბრწყინვალებულია, შუქშესხმულია მადლითა. აქ სულ ერთია, თქმაა ეს ღვაწლი თუ ქმნაა, იმიტომ რომ ზოგჯერ თქმა ქმნა არის. დიახ, მქმნელია იგი მთქმელიცა, რომელსაც განწმენდილი აქვს "თვალნი ზე ზეცისა და ქვე ქვეყნისა საიდუმლო სამხედველად, ყურნი - ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი - ცისა და ქვეყნის მაჯისცემის შემტყობად და ენა - ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად.
რა თქმა უნდა, რომ ერთნაირის უხვებით არ არის ყველა ამ მადლით მიმადლებული. ამაშიც არის დიდ-პატარაობა, მაგრამ დიდი თუ პატარა, რაკი ცოტად თუ ბევრად ამ მადლის მქონია, იგი რჩეულია მრავალთა შორის და ეს რჩეულობა არის სამართლიანი მიზეზი და საბუთი, რომლის ძალითაც ერს შეუძლიან თავმომწონებით სთქვას: ეს კაცი ჩვენგანიაო."
* * * * * * *
„რამ გადააჩვია ჩვენი ჭკუა, გონება, გული საყოველთაო საქმეს? რამ დაგვიბა თვალი და ყური მარტო მასზედ, რასაც "ჩემობის" ფერი ადევს და არა "ჩვენობისა"? ჩვენს ისტორიას რომ შევხედოთ, მაგის მიზეზს ვერ ვიპოვით. ერთს წუთს რომ ჩვენი თვალი და ყური მარტო "ჩემობაზედ" გაჩერებულიყო და "ჩვენობა" დავიწყებას მისცემოდა, მაშინვე სულს გავაფრთხობდით და ჩვენი ერი მტვერივით აიგვებოდა დედამიწის ზურგიდამ.
ჩვენი ძალ-ღონე, ჩვენი ეროვნული სიმტკიცე და დაურღვევლობა მარტო იმაში იყო, რომ ყოველს ჩვენგანს ჯერ "ჩვენ" ჰქონდა სახეში და მერე "მე". უამისოდ,აკი ვამბობთ, ჩვენი ცხოვრება ერთს წუთსავე მოისპობოდა. ეს კარგად იცოდნენ ჩვენთა წინაპართა და ამიტომაც საცა და როცა მძლავრი "ჩვენ" წამოდგებოდა ხოლმე, მაშინ ყოველი კაცი თავის საკუთარს "მეს" უკან დააყენებდა.
ამით უფროა საკვირველი, საიდან შემოგვეპარა, საიდან შემოგვეჩვია და როგორ დაიჭირა დღეს უგემურმა "მე"-მ იმის ადგილი, საცა ამოდენა ხანს მბრძანებლობდა მარტო "ჩვენ" ჩვენდა სადღეგრძელოდ, ჩვენდა საბედნიეროდ? რამ წაგვახდინა ესე? ეგ სენი ახალი სენია და საიდან არის მოსული, ვისგან დანერგილია - ეგ ადვილი მისახვედომია: იმისგან, ვისაც უძლური "მე" უფრო უხდება, ვიდრე ძლიერი და ძალ-გულოვანი "ჩვენ".
ასეა თუ არა, ჩვენ კი, როგორც მემატიანე ჩვენის შინაურის ცხოვრებისა, შევნიშნავთ, რომ დღეს ყოველს ჩვენს საზოგადო საქმეს ხელს უცრის, სწყლავს, ათახსირებს, გზა-კვალს ურევს და სულს ართმევს ჩვენი გულგრილობა, ჩვენი მომაკვდინებელი მოძღვრება თვითოეულისა ცალკედ: თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო"...
* * * * * * *
„თუ უწურთვნელს, უზრდელს, სხვის გამაუპატიურებელს, ჩვენს შინაობაშიაც, სახლობაშიც, საცა მარტო ერთი-ორი კაცია, ვერ ვიშვნევთ და ვთაკილობთ, თუ მაგაების პატრონს ჩვენს საკუთარს პატარა ოჯახშიაც ფეხს არ შევადგმევინებთ და კარს ამოვუქოლავთ, მაშ როგორ-ღა უნდა შევიშვნიოთ, შევიწყნაროთ იგი იმ დიდს ოჯახში, საცა არამც-თუ მარტო მე და თქვენა ვართ ჩვენის ცოლ-შვილით, არამედ მთელი ერია, მთელი ქვეყანაა, იმიტომ რომ ლიტერატურას მთელს ერთანა აქვს საქმე,მთელს ქვეყანასთან.
ეს რაცა ვსთქვით იმას კი არა ჰნიშნავს,რომ აღმა მხვნელს და დაღმა მფარცხველს საქციელი უსათუოდ მოვუწონოთ, ანუ გავუჩუმდეთ, ავის მომქმედი არ გავამხილოთ, არ გავკიცხოთ. არა. ხოლო გამხელა და გაკიცხვა წუნის დადების საზღვარს არ უნდა გადასცილდეს .წუნის დადება და ლანძღვა-თრევა შორის-შორია, შუა დიდი მანძილი უდევს.
განა ცუდს ცუდი, ავს ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახებლად, ადამიანის გაულანძღველად, თავლაფ-დაუსხმელად? ამ შემთხვევაში ავის მომქმედი არ უნდა გააბოროტო ლანძღვითა და თრევითა, იმიტომ რომ გაბოროტება, ვით ძლიერი თავდაუჭერელი ვნებათ-ღელვა, გულის-ყურის კარს დაუხშობს, და იმ ზნეობით ძალს, რომელსაც ნამუსს ეძახიან და რომელიც ჭეშმარიტი გამკითხავია და მწურთვნელი კაცისა, ხმას აღარ ამოაღებინებს.
ავის საქციელის მდევნელი ზრდილობიანი, მართებული, გონება-გახსნილი პატიოსანი კაცი რისთვის აღიძვრის ხოლმე დევნად? იმისთვის ხომ არა, რომ ზოგიერთებისავით სიხარულით ქუდი ჭერსა ჰკრას, აცა, ჩემს მოძმეს ძლივს ცუდი ვუპოვნო და ძლივს ჩემს ლანძღვით სავსე გუდას პირს მოვუხსნიო. არამედ იმისთვის, რომ ან ავის მოქმედს ავი მოაშლევინოს, ან ავზედ სხვას აუხილოს თვალი. ორივე შემთხვევაში გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი, ვიდრე ნიშმოგებული, გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და წიწლაკიანობითა."
* * * * * * *
„ჩვენის შიდა-ცხოვრების ისტორია ჯერ ფარდა-აუხდელია და უცნობი ჩვენგან. ჩვენი "ქართლის ცხოვრება" ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მოქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებული. თითქო ხალხის ისტორიის შესამეცნებლად საკმაოა კაცმა იცოდეს მარტო მეფეთა ისტორია. თითონ მეფეთა მოქმედებაც ნაჩვენებია საგარეო საქმეთა შესახებ და არა შესახებ შიდა-საქმეთა.
ამის გამო არც ერთი უეჭველი საბუთი არ უდევს სარჩულად არც ერთს ისტორიულს ფაქტს ჩვენის ხალხის ცხოვრებისას.
თუმცა ასეა, მაგრამ არის ერთი ამისთანა ისტორიული მოვლენა, რომელსაც ვერავინ უარს ვერა ჰყოფს და რომელიც დღესაც უკვირს ყველას, ვისაც კი ამ მოვლენისათვის თვალი დაუკვირვებია.
უეჭველია რომ ჩვენს ხალხს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია თავისის ცხოვრებითა და თვითმოქმედებითა. უეჭველია, რომ ამ ორი ათას წელს იმისთანა ხანა ისტორიისა არ დასდგომია, რომ მტრისგან მოსვენებული ყოფილიყოს ზედ-მიყოლებით და გაუწყვეტლივ ასი წელიწადი მაინც ერთად.
საქართველო დღე-და-ღამ იარაღით ხელში იდგა, მტერი ყოველ მხიდან მოწოლილი იყო. ჩვენი ხალხი თითქმის ორი ათასი წელი იბრძოდა, ომობდა, სისხლსა ღვრიდა, და ბოლოს მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს თვითმყოფობითი სული ისე დალია, რომ ჩვენს ქვეყანას არავისი ვალი და ვახში არ დასდებია.
ვსთქვათ, მკლავმა და გულმა შესძლო ეს გოლიათობა, საკვირველი ეს არის - რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფასა? რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამოდენა ომებსა და სისხლის ღვრასა? ეს ერთი მუჭა ხალხი თითქმის ქუდზედ კაცად უნდა მდგარიყო იარაღით ხელში, რომ მტრისგან მტვრად არ აღგვილიყო, - და საზრდოებას ვინ აძლევდა და რა აძლევდა?
ყოველს ამ საგანზედ უეჭველი და გულდადებითი პასუხი მეტად ძნელია. ამ შემთხვევაში ჩვენი "ქართლის ცხოვრება" ხელს ვერაფრით შეგვიწყობს. ერთს იმისთანას არას გვანიშნებს, რომ საბუთად ვიხმაროთ უეჭველის დასკვნისათვის. მხოლოდ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამისი პასუხი ჩვენი ეკონომიურს აგებულებასა და წყობაში უნდა მოინახებოდეს. უეჭველია, ჩვენი უწინდელი ეკონომიკური წყობა ისეთი ყოფილა, რომ ხალხს იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალ-ღონე, რომლითაც იგი გასძღოლია ამოდენა ვაი-ვაგლახსა და ომებსა ამოდენა ხნის განმავლობაში. აი, საგანი ღირს შესანიშნავი და მეტად საინტერესო გამოსაკვლევად. ეს საგანი რომ თვალწინ ჰქონდეს ჩვენს ეხლანდელს მეისტორიეს, ამ საგანზედ რომ უეჭველი პასუხი მოგვცეს ვინმე, ბევრს ნათელს მოჰფენდა აწმყოსა და მომავალსაც გზას გაუნათებდა."