თვალხილულმა უთხრა ბრმადშობილს: ძმობილო, მებრალები, აგრე უმწეოდ რომ დალასლასებ, წადი ქირურგთან, ოპერაცია გაიკეთე, თვალი აგეხილება და დღის სინათლეს დაინახავო.
ბრმადშობილმა კი მიუგო: გეტყობა, უცნაური ფანტაზია გქონია, გეტყობა. ერთი რომ, არავითარი "თვალხილულები" არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ ბრმები: შენც ჩემსავით ბრმა ხარ, ოღონდ თავს იტყუებ.
მეორეც, არავითარი სინათლე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სიბნელე. "სინათლე" კი, უბრალოდ, სიბნელის საპირისპირო ცნებაა, რომელსაც ჭკუაზე გადამცდარი ხალხი სინამდვილედ თვლის. სიგიჟის უმაღლესი გამოხატულებაა შენს მიერ ხსენებული სიტყვა "მზე", ვითომდაც რაღაც არარსებული სინათლის წყარო. ეს ყოველივე სიტყვების თამაშია მხოლოდ და მხოლოდ.
მესამეც, არავითარი თვალის ქირურგი არ არსებობს, არსებობს კუჭის, ბრმა ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის და სხეულის სხვა ორგანოების ქირურგი. თვალები კი იმისათვის აქვს ადამიანს, რომ სიბნელე დაინახოსო.