ერთ მზიან დღეს ღმერთმა შეჰქმნა ჩიტები. ეშმაკს შეშურდა და იგივე გაიმეორა ღამით, მაგრამ ჩიტების ნაცვლად ბრმა ღამურები გამოუვიდა, რომელთაც მხოლოდ ბნელში ძალუძთ ფარფატი.
ღვთის ერთ ჩიტს შეებრალა ღამურები და შესთხოვა უფალს: გამიშვი მათთან, მე ვუმღერებ ღვთის საგალობელს, თვალს ავუხელ, დღეს შევაყვარებ და ისევ ნამდვილ ჩიტებად ვაქცევო.
"ვერას გაგიგებენ - მიუგო უფალმა, - წადი და უმღერე მათ მთვარის საგალობელი. მთვარე ხომ ძმაა მზისა. მე იგი ღამისათვის შევქმენი, მისი შუქიც მზის შუქის ანარეკლია. უმღერე მათ საგალობელი მთვარის შუქისა".
იმ დღიდან ღამღამობით გალობს ეს ჩიტი, რათა ღამურები ჩიტებად გარდაჰქმნას. ხალხი მას ბულბულს ეძახის.