მაისი იდგა. ცა შავად მოიღრუბლა და კარგა ხანი იწვიმა. ამ დროს ფარდულის ქვეშ იდგნენ სოსო და დიმიტრი და სიამოვნებით ყურს უგდებდნენ წვიმის შხაპაშხუპს მცენარეებზე.
შემდეგ ღრუბელმა თანდათან აღმოსავლეთისკენ მოგროვება დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ დასავლეთისაკენ ცა სრულებით მოიწმინდა, აღმოსავლეთისაკენ კი ისევ წვიმდა.
მზემ გამოანათა თუ არა, მაშინვე აღმოსავლეთისაკენ ცას მშვენიერი ფერადი რკალი გადაეკრა.
ჩვენმა ყმაწვილებმა დიდი სიამოვნებით დაუწყეს ცქერა ამ საამურ ბუნების მოვლენას.
- მართლა, ეს ფერადი ცისარტყელა როგორღა ჩნდება? - ჰკითხა უეცრად სოსომ დიმიტრის.
- ცისარტყელა, ჩემო სოსო, მზის სხივებისგან წარმოსდგება. მზის თეთრი სხივი მარტივი არ არის; იგი შეადგება შვიდი ფერიდგან: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, მტრედის ფერი და იის ფერი.
როცა ეს შვიდივე ფერი ერთად არის შეერთებული, მაშინ მზის სხივს თეთრი ფერი აქვს. მაგრამ თუ წყლის ნამები დიდი რაოდენობით მოდის ზემოდან ქვემოთ და ამ დროს მათ მზე მიადგა, მაშინ მზის სხივი, წყლის ნამში გავლის დროს, შვიდ ნაწილად გაიყოფა, თითოეულ ფერს ცალ-ცალკე დავინახავთ და ცისარტყელას მსგავსი მოვლენა ჩნდება.
ეს ხდება ხოლმე, მაგალითად, იქ, სადაც მდინარე მაღლობიდან ქვევით ღრანტეში გადაქუხს; კიდევ მაშინ, როცა შადრევნიდან წყალი მაღლა ადის და მზის შუქი ადგას.
მე შენთვის სოსო, შინაც ბევრჯერ მიჩვენებია ცისარტყელას მსგავსი მოვლენა. ფანჯარაზე წყლით სავსე გრაფინა რამდენჯერმე დამიდგამს მზის პირდაპირ და სიხარულით გიყურებია, როცა მზის სხივი გრაფინში გავლის შემდეგ, შვიდ ფერად გადაქცეულა და გრაფინის მეორე გვერდზე ფერადი სარტყელივით გაგრძელებულა.
ცაშიც სწორედ ეგრე ჩნდება ცისარტყელა.
ცისარტყელა მაშინ გამოისახება, როცა ერთ მხარეს ხშირი წვიმა მოდის, როგორც აი ახლა, და მეორე მხრიდან მზე ანათებს; მზის სხივები წვიმის ნამებში გავლის დროს შვიდფრად იყოფა და ფერადი სარტყელივით ცას გადაეკვრის ხოლმე.
მას ვეძახით ჩვენ ცისარტყელას. ზოგჯერ ცაში ერთროულად ორი ცისარტყელა ჩნდება.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები