62
ჭკუვა პურია სახითა მჭამელთა შესარგებელი, ცოდნა და საქმის ხმარება - მარილი დასაწებელი. ბედს რომ იტყვიან, არ ვიცი, რა უქო ბედს საქებელი; ბედმან შეკრიბოს, ჭკვამ ფანტოს, მექნების რა სარგებელი?
63
ბედი არს ქცევა წუთისა, ვით დღისა ნათობ-ბინდობა, ავდარობა თუ დარობა ცის მოღრუბვლა და წმინდობა; ხან მოსწვავს ნამთა სიმცირე, ხან ალპობს ღვართა დიდობა, დღეს მომცემს, ხვალ კი წამართმევს, ამად არა მაქვს მინდობა.
64
ბედს საქოჩრითგან თვალთ უჩინს, ქალის სახე აქვს ბრმისაო; დაიარების ქვეყანადა, ხელით მძებნელი ქრმისაო; ვისაც ხელს მოჰკრავს, აიყვანს, ნახავს, გაუჩხრეკს პირსაო, თუ მოეწონა, დაიჭერს; თუ არა, დასცემს ძირსაო.
65
აწ ბედი, გითხრა მართალი, მე ახლა მამაგონდაო; რაზომცა სჩხრეკდენ საწუთროს, ბრძენთ ბედი არ მოსწონდაო, ამად არც ლხინსა, არც ჭირსა გრძლად ბოლო არა ჰქონდაო. ბედი მას ჰქვიან, ვინც რომე არ მოკვდა, სულით ცხონდაო.
66
ჭკვის უკეთესი საქონლად არა რა საქონელია, მაგრამ თუ ნდობა გულს აბრმობს, არ ადვილ საშოვნელია. რაც ხელთ აქვს, მასაც დაჰკარგავს, უმზგავსო საპოვნელია; საქონელისა შემკრები საქმედა საცოდნელია.
67
ხდომა ბნელს ნათლად აჩვენებს, დანაბრმობს ნათლად მხედველსა; ხდომა მხრდალს გაჰხდის მამაცად, შებედავს ძნელს საბედველსა; ხდომა სხვის სწავლას მიიკრავს ეგრეთ, ვით ცერცვი კედელსა! ნდომა მიიყვანს მიმყოლსა შესარცხვენს, წარსაწყმენდელსა.
68
ფილასოფოსი ეპიკურ გვაუწყებს, ამას გვპირდება: აგებულობით მყოფელი აროდეს გაღარიბდება. თუ კაცი ნდომას მიჰყვების, მიდღეში არ გამდიდრდება, როცა პატარას იშოვნის, მერმე დიდს მაეკიდება.
69
ვის სიყვარული დაიპყრობს და ნდომა დაიმონებსა, რაც თვით არ მოსწონს, მის მეტსა აღარას მოიწონებსა; ვარდის კონასა დაფუშავს, ანძალას დაიკონებსა, მკვიდრს მიჯნურს ზურგსა შეაქცევს, წუთს გულზე დაიკონებსა.
70
ერთს კიდევ ვიტყვი იგავსა, თქვენგნით დამერთვის თუ ნება: ზოგს კაცსა საკლმად მიუჩანს თვისი სიმყრალის სუნება; რაგინდ ბევრს ავსა შვრებოდეს, არა აქვს მისი წუნება, ხაჭას გულ-ტკბილად უყოვებს და ცოლს კი ებუზღუნება.
71
აწ მე საერო წალკოტი მგონია პატიოსანი; მიყვარს და მალ-მალ მსურიან მისთა ყვავილთა ყნოსანი, განვშორდი საღმრთოს ბაღნართა, ვსთმე მის ბულბულთა ოსანი, მიჰვყევ საწუთროს ზღაპართა, შევიქენ არაკოსანი.
72
ამად ვისწრაფი სათქმელად და არა მცალის საყენად: თქმულა, საუნჯე უხმარი არა-რად გამოსაყენად. წალკოტს ვიშენებ, შევიკრებ ხილთ უმჯობესთა ნამყენად; მოვისთვლი მისთა ნაყოფთა მარგედ, არა თუ საწყენად.
73
ახლა ვსთქვა ჩემი სათქმელი, რაც მაქვნდეს ჭკუვა, გაგება: უგვანათ დიდთა მძებნელთა პატარაც დაეკარგება; სულ რომ არა ვსთქვა არარა, ის უფრო არ ევარგება, მეც მრევენ მერანთ ჯოგშიგან, თუ შევსძელ გაჯაგჯაგება. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |