იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი, რომელსაც უმძიმესი სენი სჭირდა - ეს სენი უფროსებსაც ხშირად ემართებათ ხოლმე - იგი უზომოდ ბევრს ლაპარაკობდა.
- რა ღვთის რისხვაა! - ჯაჯღანებდნენ კბილები, - როდისღა დაწყნარდება და გაჩუმდება ენა?
- რა გინდათ ჩემგან? - თავხედურად პასუხობდა ენა, - ღეჭეთ, ღმერთმა შეგარგოთ, რასაც მოგართმევთ და ხმა გაკმინდეთ. მორჩა და გათავდა, რა მაქვს თქვენთან საერთო, არავის მივცემ ნებას ცხვირი ჩაყოს ჩემს პირად საქმეში, და მით უმეტეს სულელური რჩევა დარიგებებით წამიღოს ტვინი!
და ბიჭი განუწყვეტლივ ლაქლაქებდა, დილიდან საღამომდე, უდროო დროსაც კი. დროდადრო ლაპარაკში ისეთ გაუგებარ სიტყვებს გამოურევდა, რომელთა შინაარსიც თავად არ ესმოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ბიჭი ისე გაიტაცა ლაპარაკმა, რომ თავისდაუნებურად ხათაბალაში გაება. მერე კი იმისთვის, რომ როგორმე თავი დაეღწია უხერხულობიდან, ენას უფლება მისცა გაუგონარი ტყუილი ეთქვა.
მაშინ კი ვეღარ მოითმინეს კბილებმა, - აივსო მათი მოთმინების ფიალა და გამეტებით უკბინეს თავგასულ ცრუპენტელას.
ენა სისხლისაგან გაწითლდა, ბიჭი კი სირცხვილისაგან და სიმწირისაგან ატირდა.
მას შემდეგ ენა წინდახედულად, ფრთხილად იქცევა, ბიჭიც, სანამ კრინტს დასძრავს, ასჯერ წონის ხოლმე სათქმელს.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |