მინის საბერ სახელოსნოში თვეზე მეტხანს დუღდა სამუშაო, უზარმაზარ ღუმელში კი დღე და ღამე არ ნელდებოდა ცეცხლი. ბევრი მშვენიერი ნაკეთობა შექმნეს ოსტატების მარჯვე ხელებმა, რომლებიც ჩაბერვით საოცარ ფორმებს აძლევდნენ გამდნარი მინის მასას.
ერთ დღეს ღუმელში მძვინვარე ცეცხლმა, მასიურ ბრინჯაოს შანდალში ჩასმული, რომელიღაც ოსტატის დატოვებული ანთებული სანთელი შენიშნა და მაშინვე სანთლის სუსტი ალის შთანთქვის დაუძლეველმა სურვილმა შეიპყრო.
და აი მუგუზლიდან გუგუნით ამოვარდა ლურჯი ალი, კვამლსადენს თავი აარიდა, მოხერხებულად გაძვრა ღუმელის კარის ვიწრო ჭუჭრუტანაში, იქვე მდგომ სანთელს გადაევლო და ხარბად შეუდგა მის შთანთქვას.
გაუმაძღარმა ალმა წამში მოუღო ბოლო სანთელს. მერე კი მასთან ერთად რომ არ დაღუპულოყო, შეეცადა მშობლიურ სტიქიას დაბრუნებოდა.
რას არ ეცადა სასიკვდილოდ განწირული ალი, რამდენჯერ მოუხმო დასახმარებლად ანთებულ ღუმელში დარჩენილ თანამოძმეებს, როგორ არ იკლაკნებოდა, იკრუნჩხებოდა, მაგრამ ვერა და ვერ დააღწია თავი გამდნარი სანთლის თითებს, ასე მჭიდროდ რომ მოხვეოდნენ მას.
ყვიროდა, ტიროდა და გაბოროტებული შიშინებდა ალი, ბოლოს კი მახრჩობელა კვამლად გადაქცეული თავისივე კვამლმა გაგუდა.
ღუმელში კიდევ დიდხანს ტკაცუნებდა მხიარულად შეშა და ფერად-ფერად ნაპერწკლებს ისროდა. ცეცხლის ენები კი შეხმატკლილებულად ცეკვავდნენ.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |