წყალი ჩვეული განცხრომით ლივლივებდა მშობლიური ზღვის სტიქიაში.
მაგრამ ერთ დღეს სულელური აზრი აეკვიატა - როგორმე ცას მიწვდომოდა.
წყალმა დახმარებისთვის ცეცხლს მიმართა, რომელმაც თავისი მცხუნვარე ალით იგი ჰაერზე მსუბუქ, ორთქლის ერთიციდა წვეთებად აქცია.
ორთქლი მაშინვე ზეცაში აიჭრა. იგი ჰაერის ყველაზე მაღალი და ცივი ფენებისკენ მიიწევდა.
როცა ორთქლის წვეთები ღრუბლებს მიღმა აღმოჩნდნენ, ისე შესცივდათ, რომ კანკალმა აიტანა. ცოტა რომ გამთბარიყვნენ, ერთმანეთს ჩაეხუტნენ, მერე კი ჰაერზე უფრო დამძიმდნენ და იმწამსვე ჩვეულებრივი წვიმასავით უკან მიწაზე ჩამოცვივდნენ.
პატივმოყვარეობის სენით შეპყრობილლი წყალი ზეცაში კი აიჭრა, მაგრამ იქიდან გამოაძევეს.
მწყურვალმა დედამიწამ უკანასკნელ წვეთამდე შთანთქა იგი და წყალი კიდევ დიდხანს იხდიდა სასჯელს ნიადაგში, სანამ შეძლო ზღვის სივრცეს დაბრუნებოდა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |