ხამანწკას გაგიჟებით უყვარდა მთვარე. შეყვარებული თვალებით, მოჯადოებულივით საათობით შესცქეროდა ღამის მნათობს.
თავშესაფარში შემძვრალ ღორმუცელა კიბორჩხალას შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ ყოველთვის, როცა ღრუბლებიდან მთვარე გამოიხედავდა ხოლმე, თავდავიწყებული ხამანწკა ნიჟარის დარაბებს აღებდა. ჰოდა, კიბორჩხალამ მისი შეჭმა გადაწყვიტა.
ერთხელ ღამით, როცა მთვარე ახალი ამოსული იყო და ხამანწკა ჩვეულებისამებრ პირდაღებული მიშტერებოდა, კიბორჩხალამ თავისი მარწუხებით კენჭი აიღო და ისე მოხერხებულად შეაგდო ნიჟარაში.
მთვარის შუქის მოტრფიალე ხამანწკა ბევრს ეცადა თავისი სადაფის სახლის დარაბები მიეხურა, მაგრამ გვიანღა იყო, - კენჭმა ხელი შეუშალა.
ასეთი განსაცდელი ელის ყველას, ვისაც თავისი გრძნობების დაფარვა არ შეუძლია. სხვისი საიდუმლოს გასაგონად დაცქვეტილი ყურები და დასანახად დაჭყეტილი თვალები კი ყოველთვის მოიძებნება.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |