ერთ დღეს წაბლის ხემ მეზობელ ლეღვის ხეზე ამძვრალი ადამიანი დაინახა, რომელიც ტოტებს ზნექდა, მერე კი ნაყოფს კრეფდა და ძალიან გაუკვირდა.
როგორც ჩანს ადამიანს ძალიან მოეწონა ლეღვის გემო და მაშინვე საქმეს შეუდგა – პირი ნაყოფით გამოიტენა და ყბები აამუშავა.
- მომისმინე, მეზობელო! მიმართა წაბლმა ლეღვს, თან უკმაყოფილოდ გააქნია თავი, - ამის ფასი რა ცოდვა გაქვს ჩადენილი დედაბუნების წინაშე, ასე რომ გაგწირა? შეხედე, რა კარგად ვარ მოწყობილი! ხედავ, რა საიმედოდაა დამალული და დაცულია ჩემი გემრიელი ნაყოფი, შენგან განსხვავებით ბუნებას მათზე ზრუნვისთვის ძალღონე არ დაუშურებია, - თვითკმაყოფილმა სიყვარულით დახედა თავის ნაყოფს და განაგრძო, - ბუნებამ მათ თხელი პერანგები ჩააცვა, გარედან კი აბრეშუმივით ნაზ სარჩულიან კომზოლში გამოაწყო.
ეგ კიდევ არაფერი, ზემოდან ეკლიან ნაჭუჭ-ჯავშანში მყავს დამალული, ასე რომ ადამიანი, ისე ვერ იხილავს ჩემს ნაყოფს, როგორც საკუთარ ყურებს.
ამ სიტყვების გამგონე ლეღვმა თავი ვეღარ შეიკავა, ახარხარდა და როცა სიცილით გული იჯერა, წაბლს უპასუხა:
- შენ, ეტყობა, ცუდად იცნობ ადამიანს, მეგობარო, თორემ ასე დაუფიქრებლად არ იმსჯელებდი, ზოგი ადამიანი იმდენად ჭკვიანი და მოხერხებულია, რომ მაინც მისწვდება საგულდაგულოდ დამალულ ნაყოფს.
ჭოკებით, ჯოხებით და ქვებით შეიარაღებული სულს ამოგხდის და წაბლს ჩამობერტყავს და როცა ისინი მიწაზე დაცვივდებიან, ადამიანი ქვებით შეუდგება მათ სრესას და ჭყლეტას ისე, რომ შენი ნაქები ლამაზმანები დამდუღრულებივით გამოცვივდებიან თავიანთი ეკლიანი ნაჭუჭებიდან.
მერე ლეღვი წამით დაფიქრდა და დაუმატა:
- ცოდვას როგორ ჩავიდენ, ბუნებაზე როგორ გავნაწყენდები, როცა ყველა ალერსითა და კეთილად მეპყრობა, ჩემს გემრიელ ნაყოფს კი მხოლოდ ხელებით კრეფენ, ცდილობენ არ გასრისონ, არ გაჭყლიტონ იგი და ამიტომ არც მე მინდა ვინმეს ვალში დავრჩე, პირიქით მადლობის ნიშნად მსურს ადამიანები ჩემი გემრიელი ნაყოფით დავაჯილდოვო.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |