საღამოს ბინდში მოფარფატე და სიგრილით დამტკბარმა კოხტა ფარვანამ შორს მოციმციმე ალი შენიშნა. მაშინვე იქით გაეშურა, საიდანაც შუქი მოდიოდა და როცა მის ახლოს აღმოჩნდა, დაინახა, რომ ფანჯარაზე ლამპარი იდგა.
ფარვანამ მის გარშემო დაიწყო ფრენა, გაოცებული ათვალიერებდა და თავის თავს ეკითხებოდა ნეტავ ვინ არის ეს უცნობიო.
გარშემო ტრიალით გული რომ იჯერა, ფარვანამ გადაწყვიტა ახლოს გაცნობოდა კაშკაშა ცეცხლს და ზუსტად ისე ეთამაშა მასთან, როგორც ბაღში ერთობოდა ხოლმე ყვავილებთან ერთად – მათ გვირგვინებზე ჩამომჯდარი რომ ქანაობდა, როგორც საქანელაზე.
ფარვანამ უკან დაიხია, მერე მკვეთრად აიჭრა ზემოთ, გაქანდა და ისე გადაუფრინა ცეცხლის ყვითელ ალს, თითქმის შეეხო, გეგონებოდა იწვევსო. უეცრად რაღაცამ მტკივნეულად უჩხვლიტა და ზემოთ აისროლა.
ლამპარის გვერდით ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარმა ფარვანამ გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ ცალი თათი დაჰკარგვოდა და ფრთების ბოლოებიც შეტრუსვოდა.
- როგორ შეიძლებოდა, ასეთი რამ როგორ უნდა მომხდარიყო? - საკუთარ თავს ეკითხებოდა საგონებელში ჩავარდნილი ფარვანა და პასუხს ვერ პოულობდა. ვერაფრით იჯერებდა, რომ ასეთ საოცარ, უწყინარ ალს შეეძლო ბოროტება ჩაედინა ან ზიანი მიეყენებინა მისთვის.
ცოტა ხნის შემდეგ ოდნავ გონს მოსულმა ფარვანამ ისევ გაშალა ფრთები და აფრინდა. ანთებულ ლამპარს ისევ რამდენჯერმე შემოუფრინა და მშვიდად გაეშურა პირდაპირ ალისკენ, მასზე ქანაობა სურდა, მაგრამ იმწამსვე ზეთში ჩავარდა, რომლითაც მზაკვარი ალი იკვებებოდა.
- ო, რა ულმობელი ხარ, - ჩაილუღლუღა ფარვანამ, თან უკანასკნელი ძალა ეცლებოდა, - მე შენში მეგობარს ვეძებდი და სიკვდილი ვიპოვე, ძალიან გვიან მივხვდი, რა ბოროტი და საშიში ყოფილხარ! ძვირად დამიჯდა შენთან თამაშის სულელური განზრახვა!
- საბრალო ფარვანა! - უპასუხა ღამის ლამპარმა, - რა ჩემი ბრალია, თუ შენი გულუბრყვილო ოცნების საგანი - მთვარის შუქით განათებული ყვავილი არ ვარ? ჩემი დანიშნულებაა ღამე გავუნათო ადამიანებს. ის კი ვინს ცეცხლთან ფრთხილი მოპყრობა არ იცის, აუცილებლად დაიწვება.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |