ერთ დღეს, თავი რომ უფრო ლაღად და იმედიანად ეგრძნო, ვაზმა გადაწყვიტა ბებერ ხეს ტანზე შემოხვეოდა.
მეგობრებმა, რომლებიც, როგორც წესი და რიგია, ვენახში გლეხის ჩარჭობილ სარებზე დაყრდნობილები იზრდებოდნენ, გაოცებულებმა ჰკითხეს:
- რა ხეირია ამ ბებერ ხესთან ყოფნა? მას ხომ ერთი ამოსუნთქვაღა დარჩენია, ვაითუ გადატყდეს და წაიქცეს, მაშინ რაღა გეშველება?
- ნუ დარდობთ, როგორმე გავძლებ თქვენი რჩევა-დარიგებების გარეშე!
უხეშად უპასუხა თავის სიმართლეში დარწმუნებულმა ვაზმა. იგი უფრო მჭიდროდ ეხვეოდა ხეს და თავს იმით იმშვიდებდა, რომ ჭკუით აჯობა დანარჩენებს - ეგონა, უფრო მაღლა, მზისკენ თუ აზიდავდა თავის მწვანე ლერწებს, ამით სიცოცხლეს გაიხანგრძლივებდა.
მაგრამ ვაზის რჩეული იმდენი ხნის იყო, რომ ფეხზე ძლივსღა იდგა. ტოტები გახმობოდა, ფუტურო, ნახევრად დამპალ ტანზე კი ქარის ყოველ დაბერვაზე ჟრუანტელი უვლიდა.
ერთ დღეს ხემ მძიმედ ამოიოხრა და წაიქცა. წინდაუხედავი ვაზი კი დამხობილი გოლიათის ქვეშ მოყვა და დაიღუპა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |