თბილ ნაცარში ძლივს შესამჩნევად კიდევ ღვიოდა ნაკვერჩხალი. დიდი სიფრთხილითა და მომჭირნეობით ხარჯავდა უკანასკნელ ძალებს, რათა საბოლოოდ არ ჩამქრალიყო და არ გაგუდულიყო ნაცრისფერ ნაცარში.
ვახშმის დრო მოვიდა და თითქმის გაციებულ ღადარში ვიღაცამ ერთი აღება შეშა და გამომშრალი ფიჩხი შეუკეთა. მერე შეშებს შორის, რომლებზეც შეჭამანდით სავსე ქვაბი ეკიდა, ცეცხლის ალი ამოძვრა.
ხმელი შეშით გალაღებული ცეცხლი ნელ-ნელა ღვივდებოდა და ღუმელიდან დამდგარ ჰაერს დევნიდა. მორებთან თამაშითა და ცელქობით გართული ცეცხლი ხან ქვემოდან ამოყოფდა თავს, ხან გვერდიდან, ხანაც ზემოთ ამოხტებოდა და სულ უფრო და უფრო მატულობდა.
ცეცხლი დაჟინებით მიძვრებოდა მორებს შორის. მისი ენები ტკაცანით ისროდნენ ნაპერწკლებს.… მუქი ჩრდილები სამზარეულოს მოედნენ, მხიარულად აცეკვდნენ კედლებზე და კუთხეებისაკენ გაიქცნენ.
მოუსვენარი ცეცხლი სულ გაგიჟდა, არხეინად დაიფრუტუნა და ჯიუტად სცადა ღუმელის საფარს გასცდენოდა. სულ მალე ღუმელიც აგუგუნდა და ათასნაირ ხმაზე ამღერდა. ხან რიხიანად სტვენდა, ხან კი საბრალოდ ზმუოდა. სამზარულოში განათდა და დათბა.
როცა ცეცხლმა დაინახა, რომ შეშა საბოლოოდ დაიმორჩილა, სულ მთლად გავიდა თავს, გაჭირვეულდა და გათავხედდა.
ცეცხლს ღუმელი უკვე ევიწროვებოდა - მუქარით აშიშინდა, ატკაცუნდა და ნაპერწკლების სროლა დაიწყო. ენები ზემოთ ატყორცნა და გადაწყვითა ზეცაში აჭრილიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად… კვამლით გარუჯული ქვაბის ძირს დაეჯახა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |