საყოველთაოდ ცნობილია, რომ ალვის ხე, სხვა მრავალ ხესთან შედარებით, ყველაზე სწრაფად იზრდება. მისი ყლორტები თვალსა და ხელს შუა მიიწევენ ზევით და მთელს არემარეზე ყველას უსწრებენ სიმაღლეში.
ერთ დღეს ახალგაზრდა ალვის ხემ გადაწყვიტა ცხოვრების თანამგზავრი გაეჩინა და არჩევანი ვაზზე შეაჩერა.
- რა უცნაური ახირებაა! - ებუზღუნებოდნენ თანამოძმეები, - ნახავ რა დღეშიც ჩაგაგდებს ეგ ლამაზმანი! რად გინდა? თავი დაანებე! ჩვენი საქმე სიმაღლეში ზრდაა, ეს არის ჩვენი ხვედრი.
მაგრამ ჯიუტმა ხემ თავისი გაიტანა. შეყვარებული ალვა ახალგაზრდა ვაზთან შეუღლდა და ნება დართო მჭიდროდ შემოხვეოდა, თან ძლიერ ხარობდა.
ვაზმა რომ მყარი საყრდენი დაიგულა, სწრაფად გაიზარდა და ნაყოფიც უხვად მოისხა. როცა გონიერმა გლეხმა შენიშნა, რომ ალვის ხის ტოტზე შემოხვეული ვაზი კარგად ხარობდა, გაზაფხულზე ალვას ტოტები დააჭრა, რათა ვაზი თან არ აჰყოლოდა სიმაღლეში და შემოდგომაზე მწიფე ყურძნის მტევნების კრეფა არ გასჭირვებოდა.
სად გაქრა ალვის ხის ტანადობა? განში გავიდა, უწინდებური სიხალისეც დაკარგა და ბედს შეურიგდა.
დგას ახლა თავისთვის ჯირკივით დაბალი, ტოტებდაჭრილი და თავის ნაყოფიერ სატრფოს საყრდენად ემსახურება.
მისი თანამოძმეები კი აშოლტილან და უდარდელად აშრიალებენ ფოთლებს.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |