ჩიტბატონამ ჭიაყელა მოინადირა, გახარებული თავის ბუდესთან მიფრინდა, მაგრამ ბარტყები შიგ არ დაუხვდა. სანამ იგი ნადირობდა, ბოროტმოქმედებს მოუტაციათ ისინი.
ტირილითა და გოდებით დაეძებდა ჩიტბატონა დაკარგულ ბარტყებს. მთელ ტყეს მოედო მისი კვნესა და მოთქმა, მაგრამ პასუხი არსაიდან ისმოდა.
მეორე დღეს საბრალო მშობელს სკვინჩა შემოხვდა, რომელმაც ამცნო, შენი ბარტყები ერთ-ერთი გლეხის სახლში ჯერ კიდევ გუშინ ვნახეო.
სიხარულისგან თავგზააბნეული ჩიტბატონა, გამალებით მიფრინავდა სოფლისაკენ და სულ მალე იმ სახლთან აღმოჩნდა, რომელზეც სკვინჩამ მიუთითა.
ჩიტბატონა სახლის სახურავის კიდეზე ჩამოჯდა, მიხედ-მოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა. მერე კალოზე ჩამოფრინდა, არც იქ იყო არავინ. მაგრამ, როცა საბრალო ჩიტბატონამ თავი ასწია, ფანჯარაზე ჩამოკიდებული გალია დაინახა, რომელშიც მისი დატყვევებული ბარტყები ისხდნენ. ჩიტბატონა მათკენ გაქანდა.
მამა რომ დაინახეს, ბარტყები ერთხმად, საბრალოდ აჭყიპინდნენ, ევედრებოდნენ ჩქარა დაგვიხსენი ტყვეობიდანო. რა არ იღონა ჩიტბატონამ, კლანჭებითა და ნისკარტით გალიის წნელის გაწევას შეეცადა, მაგრამ ამაოდ. მაშინ მწარედ აქვითინებულმა მიატოვა გალია.
გამწარებული ჩიტბატონა მეორე დღეს ისევ მიფრინდა გალიასთან, სადაც მისი ბარტყები იტანჯებოდნენ. დიდხანს უყურა მათ სიყვარულით სავსე თვალებით. მერე კი პირდაფჩენილ ბარტყებს სათითაოდ ფრთხილად ჩაუდო რაღაც პირში.
მშობელს შხამიანი ბალახი მოეტანა ნისკარტით და ამიტომ ბარტყებმა მაშინვე გაფშიკეს ფეხები.
- ტყვეობაში ტანჯვას სიკვდილი სჯობს! - მწარედ ამოიოხრა ამაყმა ჩიტბატონამ და ტყეს დაუბრუნდა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |