ერთ ბაღში ფიჭვი ხარობდა. სწრაფად იზრდებოდა, სულ უფრო მაღლდებოდა და ლამაზდებოდა. მისი ფაფუკი კენწერო მეფურად გადაჰყურებდა და ჩრდილავდა სხვა ხეებს.
სიმაღლესთან ერთად იზრდებოდა მისი ამპარტავნებაც. ზიზღით და ქედმაღლურად უცქერდა ყველას, ერთ მშვენიერ დღეს კი მბრძანებლურად შესძახა:
- მომაშორეთ ეს გასაცოდავებული თხილის ბუჩქი! – და ხე ძირში მოჩეხეს.
- მიხსენით ამ აუტანელი ლეღვის მეზობლობისაგან! თავს მაბეზრებს თავისი სულელური გამომეტყველებით, - ბრძანა მეორედ ახირებულმა ფიჭვმა და ლეღვსაც იგივე ბედი ეწია.
თვითკმაყოფილი, ლამაზი ფიჭვი მედიდურად არხევდა ტოტებს და არ ცხრებოდა, - ეს ბებერი ვაშლები აღარ დავინახო ჩემს ირგვლივ! - და ხეები შეშად აქციეს.
ასე მბრძანებლობდა დაუოკებელი ფიჭვი. ერთი მეორეზე მიყოლებით აჩეხიებდა ხეებს. ასე გახდა იგი ერთპიროვნული მბრძანებელი ბაღისა, რომლის წარსული სილამაზიდან მხოლოდ კუნძებიღა დარჩენილიყო.
მაგრამ ერთ დღეს ქარბუქი ამოვარდა, ფიჭვი გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა მას, ფესვებით მაგრად ებღაუჭებოდა მიწას, ქარი კი, რომელსაც გზად აღარცერთი ხე აღარ შეხვედრია, დაუბრკოლებლად აწყდებოდა მარტოხელა ლამაზმანს, უმოწყალოდ ამტვრევდა მას და მიწამდე ზნექდა.
ბოლოს და ბოლოს დალეწილმა ფიჭვმა ვეღარ გაუძლო მძვინვარე ქარბუქის დარტყმებს, გაიპო და მიწაზე დაემხო.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |