ძალზედ გაზრდილმა ხვიარამ ზევით ასწია მზეზე მოელვარე ნაზი, ზურმუხტისფერი ფოთლები. მერე, საკუთარი სილამაზით დამტკბარი ისე გათავხედდა, რომ სხვა მცენარეების მეზობლობას ვეღარ იტანდა.
განსაკუთრებით გვერდზე მდგომი ბებერი, გამხმარი ხე აღიზიანებდა თავისი უშფოთველობით.
- ყური მიგდე, ბერიკაცო! - მიმართა ერთ დღეს ხვიარამ, რას მედები ფეხებში, დროა აიკრიფო გუდა-ნაბადი და მომწყდე თავიდან!
ბებერმა ღერომ წაიყრუა, ვითომ ვერც გაიგო უხეში ხვიარას სიტყვები და ფიქრებში გართულს ხმა არ გაუცია. მაშინ დაუოკებელი ხვიარა მის გარშემო მდგომ ხშირ, კედლად აღმართულ კვრინჩხს გადაწვდა.
- ეი, შენ, კვრინჩხი ხარ თუ ვიღაცა ხარ! შენგან საშველი აღარ არის, ძმაო, ყელში ამომიხვედი შენი აუტანელი ეკლებიანად. იქით მიაბრუნე ეგ შენი ტოტები, ვერ ხვდები რომ მზეს მიჩრდილავ?
მაგრამ თავისი საქმით გართულმა კვრინჩხმა პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა ახირებული მეზობელი და არაფერი უთქვამს.
მცხუნვარე მზეს მიფიცხებულმა ბებერმა ხვლიკმა ვეღარ მოითმინა და საყვედურით მიუგო ხვიარას:
- რამდენი ხანია გიყურებ და შენი გამიკვირვებია! ნუთუ ისეთი სულელი ხარ, რომ ვერაფერს ხვდები, შენ ხომ ამ ბებერ ღეროს უნდა უმადლოდე, რომ მასზე შემოხვეული იზრდები და ზემოთ მიიწევ, ნუთუ ვერც იმას ხვდები, რომ კვრინჩხის ეკლიანი ბარდი რომ არა, შენისთანა მახინჯს, დიდი ხნის წინ გატკეპნიდნენ დაუპატიჟებელი სტუმრები.
აღშფოთებულ ხვიარას შეპასუხება უნდოდა, მაგრამ ხვლიკმა ხმა არ ამოაღებინა.
- შენი დანახვაც კი აღარ მინდა! და საერთოდ, დიდგულობასა და უაზროდ ყელყელაობას გირჩევნია, მეზობლებისაგან ჭკუა ისწავლო!
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |