იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი, ლამაზი ქვა. ნაკადულს, რომელიც მის გვერდით მორაკრაკებდა, ისე გაეპრიალებინა მისი გვერდები, რომ მზის შუქზე ლაპლაპი გაჰქონდა.
მაგრამ გავიდა ხანი და ნაკადული დაშრა, ქვა კი ისევ იწვა გორაკზე, გარშემო კი მაღალი ბალახებისა და ჭრელ-ჭრელი მინდვრის ყვავილებით მოჩითული სივრცე გაშლილიყო.
ქვა ზემოდან დაჰყურებდა დაკლაკნილ მოკირწყლულ გზას. გზის პირას, აქეთ-იქით, კენჭები და რიყის ქვები ეყარა.
ნაკადულის ჩვეულ რაკრაკს მოკლებული, ეულად დარჩენილი ქვა, სევდიანი თვალებით სულ უფრო ხშირად გაჰყურებდა გზას, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა. ერთ დღეს ისე მოსწყინდა, რომ ვეღარ მოითმინა და შესძახა:
- როდემდე უნდა ვეგდო ასე მარტოდმარტო? რაში მარგია ბალახები და ყვავილები, ჭკუას ვიზამ თუ ჩემი თანამოძმეებთან ერთად ვიცხოვრებ სავალ გზაზე, იქ, სადაც სიცოცხლე დუღს და გადადუღს. თქვა თუ არა ეს, ადგილიდან დაიძრა, დაღმართზე დაეშვა და გზაზე, მის მსგავს ქვებს შორის აღმოჩნდა.
ვინღა არ დადიოდა ამ გზაზე, დროგის რკინით მოჭედილი ბორბლები, ცხენების, ძროხების, თხების, ცხვრების ჩლიქები, კოხტა ჩექმები და ლურსმნით დაჭედილი უხეში გლეხური ფეხსაცმელები.
ქვამ დიდ ალიაქოთში ამოჰყო თავი. აქ მას ხან გულგრილად ჰკრავდნენ მუჯლუგუნს, ხან ქელავდნენ, ამტვრევდნენ, ეჯახებოდნენ, ტალახში თხვრიდნენ, ზოგჯერ საქონლის ფუნაშიც კი ამოგანგლულა.
სად წავიდა, სად გაქრა მისი სილამაზე! ახლა ქვა სევდიანად გასცქეროდა გორაკს, სადაც ოდესღაც მშვიდად იწვა სურნელოვან ყვავილებს შორის.
დაკარგულ სიმშვიდეზე ამაო ოცნების მეტი რაღა დარჩენოდა ქვას, ტყუილად როდი უთქვამთ: "სანამ რამე გვაქვს, არ ვაფასებთ, აღარ გვაქვს და მივტირითო."
ეს ამბავი იმათ ეხება, ვინც დაუფიქრებლად ტოვებს მიყრუებულ სოფლებს და ხალხმრავალი, ხმაურიანი ქალაქებისაკენ მიილტვის, იქ, სადაც მაშინვე ამაო ფუსფუსში, გაუთავებელ სირთულეებსა და უსიამოვნებებში ებმება.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |