უწყინარი ეზოს ძაღლის ბეწვში უდარდელად ცხოვრობდა რწყილი და ბედს არ უჩიოდა. მაგრამ ერთ დღეს ძვირფასი, სუფთა შალის საამო სურნელი შეიგრძნო.
- ნეტავ რა უნდა იყოს? - დაინტერესდა რწყილი, ისკუპა და რას ხედავს, მისი ერთგული ძაღლი ცხვრის ტყავზე წამოწოლილა და ტკბილად სძინავს.
- ოჰ, როგორ ვოცნებობდი ასეთ ძვირფას ქურქზე! - შესძახა აღფრთოვანებულმა რწყილმა, თან ცხვრის ტყავს თვალს არ აშორებდა. - გაცილებით უფრო ხშირი, ფაფუკი და ლამაზია, და რაც მთავარია, საიმედო. ამაში ხომ აღარც ძაღლის კბილების შიში მექნება და აღარც ბრჭყალების.
ჩემი ძაღლი, პირდაპირ, აუტანელი გახდა, სულ დაკარგა ზრდილობა, განუწყვეტლივ იქექება და დამეძებს. როგორ მომბეზრდა გაუთავებელი კუკუ - დამალობანას თამაში! ცხვრის ტყავი ნამდვილად ძაღლის ტყავზე ნაზი და უსაფრთხოა.
რწყილს ბევრი აღარ უფიქრია და ბედნიერი შემთხვევა ხელიდან რომ არ გაეშვა, ძალ-ღონე მოიკრიბა, სკუპი ქნა და ძაღლის ტყავიდან ცხვრის ტყავში გადახტა. მაგრამ რწყილს მოლოდინი და იმედი გაუცრუვდა.
ძაღლის ტყავთან შედარებით ცხვრის ტყავი იმდენად ხშირი და უხეში აღმოჩნდა, რომ ფეხებით ბეწვის გაწევ-გამოსაწევად და გზის გასაკვლევად რწყილს დიდი ჯაფა დაადგა.
ეჰ, რამდენი წინააღმდეგობა გადალახა რწყილმა, როგორც იქნა ნანატრ მიზანსაც მიაღწია, მაგრამ, ვაი, რომ დამუშავებული ცხვრის ტყავი ქვასავით მაგარი აღმოჩნდა.
რა არ გააკეთა, როგორ არ ეცადა, მაგრამ ეს გემრიელი ლუკმა მისი საკბილო არ აღმოჩნდა.
სიქაგამძვრალმა, დაუძლურებულმა, ოფლში გახვითქულმა და იმედგაცრუებულმა რწყილმა გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის განზრახვაზე და უკან დასაბრუნებლად გაუდგა გზას.
ერთი სული ჰქონდა ჩვეულ გარემოს - ძაღლის ბეწვს დაბრუნებოდა და ისევ ძველი ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ძაღლს ცხვრის ტყავზე აღარ ეძინა, უგზო-უკვლოდ გამქრალიყო.
მთელი დღეები განუწყვეტლივ ტიროდა საბრალო რწყილი, თვალზე ცრემლი არ შეშრობია, თავს ვერ პატიობდა მიუტევებელ წინდაუხედაობას, სანამ ხშირ ბეწვში საბოლოოდ გზააბნეული, შიმშილისა და დარდისაგან არ მოკვდა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |