ერთმა დაუდევარმა ნაკადულმა დაივიწყა, რომ არსებობას წვიმას უნდა უმადლოდეს. კოკისპირული წვიმის შემდეგ ისე გაიბღინძა, რომ ყოველგვარი მორიდება დაკარგა და წყალუხვ მდინარედ გადაქცევა განიზრახა.
კალაპოტის გასაფართოებლად, აბობოქრებულმა ნაკადულმა, ნაპირს მოშლა დაუწყო - მიწას რეცხავდა და ქვებს ანგრევდა.
მაგრამ აი, ქარმა ღრუბლები განდევნა და კვლავ მზემ გამოანათა.
ჯიუტი ნაკადული ვერც კი მიხვდა, ისე აღმოჩნდა თავისივე ხელით მოწყობილ მახეში.
საგუბარში გამომწყვდეული ჭუჭყიან წუმპედ რომ არ ქცეულიყო და მზის გულზე არ დამშრალიყო, ნაკადულს დიდი ჯაფა დაადგა.
დიდხანს დაძრწოდა აქეთ - იქით მიმოფანტულ ქვებს შორის სანამ ხეობაში დაშვება მოახერხა, რათა თავისი წყალი კანონიერი პატრონისთვის - მდინარისთვის დაებრუნებინა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |