თხილის ბუჩქი ამაყად არხევდა ჯერ კიდევ დაუმწიფებელი ნაყოფით დახუნძლულ ტოტებს.
ერთ დღეს თხილის ბუჩქმა აიხედა და მისდა გასაკვირად დაინახა, რომ მის გვერდით სქელვარჯიანი ხე გაზრდილიყო, რომელსაც ფოთლების გარდა ტოტებზე არაფერი ესხა.
- ვინ მოგცა იმის უფლება, რომ მზე დამიჩრდილო და ჩემს ნაყოფს დამწიფების საშუალება არ მისცე? მიპასუხე! - იკითხა განრისხებულმა თხილის ბუჩქმა.
- შენ ვინა ხარ? მე თელა ვარ! - გაუბედავად და მორიდებით ჰკითხა მეზობელმა.
- ეი, შენ თავით ფეხებამდე ფოთლებში ჩაფლულო! - დასცინა თელას უკმაყოფილო თხილის ბუჩქმა, - ნაყოფი რა უყავი? ნუთუ არა გრცხვენია, ასე უაზროდ რომ იზრდები და ხელს უშლი სხვებს? აბა, დამაცადე, მალე დამწიფდება ჩემი ნაყოფი, მიწაზე დაცვივდება, მერე ისევ გაიხარებს და მერე ნახავ რა დღესაც დაგაყრით.
მართლაც არაჩვეულებრივი მოსავალი მოვიდა, თითქოს საგანგებოდ, სათითაოდ გადაარჩიესო თხილი, მაგრამ ერთ დღეს ჯარისკაცებმა ჩამოიარეს და როცა თხილის ბუჩქი დაინახეს, ხარბად ეცნენ მას, მთელი თხილი დაკრიფეს და ტოტები დაამტვრიეს.
გულჩვილმა თელამ თანაგრძნობით შეხედა დადუმებულ მეზობელს.
- საბრალო თხილო, ტყუილად მიწინასწარმეტყველე დაღუპვა, რა იცოდი, რომ თავად გელოდა საშინელი ხვედრი. როგორ მებრალები, როგორ დაგღუპა საკუთარმა ნაყოფმა.
თხილის ბუჩქი კიდევ დიდხანს იშუშებდა ჭრილობებს და ტკივილებისაგან საშინლად წუხდა. კეთილი თელა კი იზრდებოდა, არავისი შურდა და არც არავის ერჩოდა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |