ორი ახალგაზრდა სირაქლემა დარდისაგან აღარ იყო. ყოველთვის, როცა ისინი კვერცხების გამოჩეკვას დააპირებდნენ, კვერცხები მათი სიმძიმისგან ტყდებოდა.
იმედდაკარგულებმა, რომ ოდესმე მაინც მიაღწევდნენ საწადელს, გადაწყვიტეს უდაბნოს მეორე ბოლოში მცხოვრებ მრავლისმნახველ, გამოცდილ სირაქლემასთან წასულიყვნენ რჩევისთვის.
მიზნის მისაღწევად სირაქლემებს მრავალი დღე და ღამე მოუწიათ სირბილი.
- გვიშველე! - შეევედრენ სირაქლემები, - დაგვარიგე და გვასწავლე უბედურებს, როგორ გამოვჩეკოთ კვერცხები! როგორ არ ვცადეთ, მაგრამ ბარტყები მაინც ვერ ვიყოლიეთ.
- ჭკვიანმა სირაქლემამ ყურადღებით მოისმინა მათი სევდიანი ამბავი და უპასუხა:
- ეს ძალიან რთული საქმეა, სურვილისა და მონდომების გარდა, კიდევ რაღაცაა საჭირო.
- რა? ერთხმად შესძახეს სირაქლემებმა, - ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვართ.
- თუ ასეა, მოისმინეთ და დაიმახსოვრეთ! მთავარია - გულისხმიერება. სიყვარულით უნდა ეპყრობოდეთ დადებულ კვერცხს, მუდამ ზრუნავდეთ მასზე, როგორც ყველაზე ძვირფას საგანძურზე. მხოლოდ თქვენი გულების სითბოს შეუძლია სიცოცხლე შთაბეროს მათ.
სირაქლემები დაიმედებული და ფრთაშესხმული დაბრუნდნენ უკან.
როცა კვერცხი დადეს, დედალ-მამალი თავს ევლებოდნენ, სიყვარულითა და სათნოებით აღსავსენი, თვალს არ აშორებდნენ მას.
მრავალმა დღემ განვლო. ყოველდღიური სიფხიზლისაგან სირაქლებები ფეხზე ვეღარ იდგნენ, მაგრამ მათი რწმენა, მოთმინება და გულმოდგინება დაფასდა.
ერთ მშვენიერ დღეს კვერცხი შეინძრა, გაიბზარა და გატყდა. ნაჭუჭიდან ერთი ციცქნა სირაქლემას ფუმფულა თავმა ამოიხედა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |