შოთხვს მოთმინების ფიალა აევსო. მას შემდეგ, რაც მწკლარტე კენკრა დამწიფდა, თავხედი და მომაბეზრებელი შააშვებისაგან საშველი აღარ იყო. დილიდან საღამომდე გუნდებად დასტრიალებდნენ თავს, ნისკარტითა და ბრჭყალებით დაუნდობლად აკორტნიდნენ მთელ ტოტებს.
- გეთაყვა, ძალიან გთხოვთ! - შეევედრა შოთხვი ყველაზე შემაწუხებელ შაშვს, - ვიცი, რომ ჩემი კენკრა შენი უსაყვარლესი საჭმელია, ღმერთმა შეგარგოს, მიირთვი რამდენიც გინდა, არ მენანება, მაგრამ თავი დაანებე ჩემს ფოთლებს, ნუ წიწკნი მათ,ისინი ხომ მცხუნვარე მზისგან მიფარავენ. ნუ მტანჯავ შენი ბრჭყალებით, ნუ მაძრობ ტყავს!
შაშვი პირველი ჩხუბისთავი იყო მთელ გუნდში და შოთხვის სიტყვები არ ესიამოვნა.
- ხმა გაიკმინდე, როცა არ გეკითხებიან! თავად ბუნებამ მოაწყო ისე, რომ შენ ჩემი სიამოვნებისთვის ისხამდე ნაყოფს. რა უნდა გელაპარაკო, დაყუდებულ რეგვენს!
ერთი ამას დამიხედეთ, ფოთლები და ტოტები ენანება, ვითომ არ იცი არა, რომ ზამთარში შეშად დაგჩეხავენ.
ასეთი პასუხის გამგონე შოთხვი უფრო დასევდიანდა და ჩუმად აქვითინდა. შაშვი კი, რომელმაც სიკვდილი უწინასწარმეტყველა შოთხვს, თავად გაება გლეხკააცის დაგებულ მახეში.
დაჭერილი ჩიტისთვის გალიის გასაკეთებლად გლეხმა რამდენიმე წნელი ღობიდან ამოაძრო, ერთი ორი მოქნილი ტოტი კი შოთხვს მოატეხა.
ასეთი შეხვედრა ჰქონდა შოთხვს თავის შეურაცხმყოფელთან, რომელიც ახლა დაღვრემილი იჯდა გალიაში და კრინტს არ ძრავდა.
მაგრამ შოთხვს ხმა არ ამოუღია, რადგან ახალგაზრდობაში გაგონილი სიტყვები გაახსენდა:
- “როგორც თბილი ტანსაცმელი იცავს სიცივისაგან, ისე იცავს მოთმინება წყენისგან. სულის სიმშვიდე გამოიჩინე, მოთმინება მოიკრიბე და არანაირი წყენა, როგორი მწარეც უნდა იყოს იგი, არ შეგეხება”.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |