ერთი მსუნაგი კიბორჩხალა საფარში იჯდა. კიბორჩხალამ შენიშნა, რომ მდინარის ჩქერში ნავარდს, თევზებს დიდი წყაქვეშა ლოდის გარშემო წყნარ, ჩრდილიან ყურეში ცურვა ურჩევნიათ.
წყალი იქ ჰაერივით გამჭვირვალე იყო და თევზებიც უფრო ლაღად გრძნობდნენ თავს, ჩრდილითა და მოცეკვავე მზის ათინათებით ტკბებოდნენ.
კიბორჩხალა დაღამებას დაელოდა, და როცა დარწმუნდა, რომ სიბნელეში მას თვალსაც კი ვერავინ მოჰკრავდა, თევზების საყვარელ ადგილას, ქვასთან, მიხოხდა, სორო ამოთხარა და როგორც მხეცი ბუნაგში, ისე გაიტრუნა.
თავისი გადმოკარკლული თვალებით ფხიზლად ადევნებდა თვალ-ყურს მოცურავე თევზებს და თუ რომელიმე მათგანი ახლოს აღმოჩნდებოდა, გაქნილი კიბორჩხალა მას მარწუხებში მოიქცევდა და მერე დიდი სიამოვნებით მიირთმევდა.
- რას სჩადიხარ, მეზობელო! - უკმაყოფილოდ წაიბუზღუნა ბებერმა ლოდმა, - ამომფარებიხარ და ყაჩაღივით თავს აცხრები საწყალ თევზებს. მაგრამ იცოდე, შენთვისაც მოიცლის განგება!
კიბორჩხალას წაარბიც არ შეუხრია, თავისი ეშმაკური ხრიკის მიგნებით კმაყოფილი ზღვარგადასულ ყაჩაღობასა და თევზის ნაზი ხორცით პირის ჩატკბარუნებას განაგრძობდა.
ერთ დღეს იქუხა, ქარი ამოვარდა, კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მდინარე ადიდდა და უზარმაზარი ტალღა მთელი ძალით მოასკდა ქვას. ძლიერი დარტყმისაგან ქვა გადაბრუნდა და თავგასული ყაჩაღი - კიბორჩხალა ქვეშ მოიყოლა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |