ფარდულის სახურავის შვერილის ქვეშ, კედელზე, ღამურა ჩამოკონწიალებულიყო და თავისი აპკიანი ფრთები თავზე წაეფარებინა, რათა მზის სინათლე არ დაენახა. ასე გაატარა მთელი დღე მზის ჩასვლამდე.
როცა მზე ჰორიზონტს მოეფარა და ცა ჩამობნელდა, ღამურამ სახურავის ქვეშიდან თავი გამოჰყო და ფრთხილად მიმოიხედა.
- როგორც იქნა ჩაქრა ეს ოხერი სინათლე! - თქვა მან.
- ოჰ, როგორ დამიბუჟდა საბრალო ფეხები! ახლა კი გავშლი მუხლს და გავინავარდებ ღამის სივცეში.
სწორედ ამ დროს, მთელი დღის საქმეებით გადაღლილი, დაგვიანებული მერცხალი შინ ბრუნდებოდა და კინაღამ ღამურას დაეჯახა, რომელიც ქურდულად, შეუმჩნევლად გამოდიოდა შვერილქვეშ მოწყობილი თავშესაფრიდან.
- შენ არ გაიხარე! - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა მერცხალმა, - ბოროტი სულივით ხარ, ლაღად და პატიოსნად ცხოვრება არ შეგიძლია.
მართალი იყო მერცხალი. სიკეთისათვის უცხოა შიში და მალვა, რადგან იგი მზიანი დღესავით სითბოთი და სიხარულით ასაჩუქრებს ყველას. ღამურას კი, ეშინია არ დაბრმავდეს და ისე გაურბის სინათლეს, როგორც სიცრუე სიმართლეს.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |