ნადირობიდან დაბრუნებულ შევარდენს თავისდა გასაოცრად საკუთარ ბუდეში, მისი ახალგამოჩეკილი, ჯერ კიდევ შეუბუმბლავი ბარტყების გვერდით ჩიტბატონები დახვდნენ.
იგი გუნებაზე ვერ იყო - უამინდობაში ვერ ინადირა, მთელი დღე მხოლოდ ლეში ხვდებოდა. შევარდნები კი, ყველასთვის ცნობილია, შიმშილით რომ კვდებოდნენ, ლეშს არ შეჭამენ.
დაუპატიჟებელი სტუმრების დანახვამ უფრო გააღიზიანა და განარისხა შევარდენი, უნდოდა მათზე ეყარა ჯავრი და ნაკუწებად ექცია ისინი, მაგრამ დროულად მოეგო გონს, - გაბრაზებულ შევარდენს ჩიტბატონებისთვის არაფერი დაუშავებია.
- აქ საიდან გაჩნდით? - იკითხა ბუდის პატრონმა.
- წვიმის დროს ტყეში გზა აგვებნა. - ძლივს წაილუღლუღა ერთ-ერთმა.
მტაცებელმა მძვინვარედ გახედა მას, შიმშილის გრძნობა კლავდა და ბოღმა ახრჩობდა.
შიშისგან აცახცახებული ჩიტბატონები ერთმანეთს ეკვროდნენ, ხმის ამოღებას და ამოსუნთქვასაც კი ვერ ბედავდნენ, არადა, ორივე ჩასუქებული და გაფუმფულებული იყო, მაგრამ ისეთი საწყლები და უმწეოები, რომ ამაყი შევარდენი მათ შეჭმას თავს ვერ აკადრებდა.
ცდუნებას რომ არ აჰყოლოდა, შევარდენმა თვალები დახუჭა და ბარტყებს ზურგი შეაქცია.
- ახლავე გაეთრიეთ აქედან! - დაუცაცხანა მტაცებელმა, - თვალით აღარ დამენახოთ!
და როცა ჩიტბატონები თავპირისმტვრევით გაფრინდნენ, შევარდენი თავის მშიერ ბარტყებს მიუბრუნდა და უთხრა:
- ჩვენი საქმე მსხვილი ნადავლია, ჯობს, შიმშილით დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენს თავს
უფლება მივცეთ და უდანაშაულო ფრინველით ჩავიტკბარუნოთ პირი!
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |