ერთი ხანია ტყის ბინადართ შორის ყველაზე გაბედულმა და გაქნილმა ცხოველებმაც კი ვერაფრით გაიგეს, რა ხდებოდა, რატომ ატყდებოდათ უბედურება იმათ, ვინც ბებერ, ფესვმაგარ და სქელვარჯიან ხესთან გაივლიდა.
ერთმანეთზე უარესი ხმები ვრცელდებოდა. ამბობდნენ, ტყეს ურჩხული შემოეჩვიაო, რომელიც სულ მალე ბოლოს მოუღებს ტყის საძმოსო.
სათათბიროდ შეკრებილმა ცხოველებმა ბევრი იფიქრეს, ბევრი იმსჯელეს და რჩევისთვის მელას მიმართეს.
- მელაკუდა, შენ ჩვენს შორის ყველაზე მოხერხებული და მარჯვე ხარ, მადლი მოისხი, გენაცვალე, ნახე რაშია საქმე, გაიგე ერთი, რა ცხოველი დასახლდა ხეზე.
ასეთი ყურადღებით გახარებულ მელას ბევრი ხვეწნა-მუდარა არ დასჭირვებია, და მიუხედავად იმისა, რომ მწყალობელივით დათანხმდა ცხოველთა თხოვნას, სულაც არ აპირებდა საერთო საქმისთვის საკუთარი თავი საფრთხეში ჩაეგდო.
წითურმა გაიძვერამ იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა ავბედით ხესთან თავისი ძმაკაცი - ცნობისმოყვარე ყვავი გაეგზავნა.
ყვავმა ხან აქედან მოუარა ხეს, ხან იქიდან, და დაბურულ ფოთლებში ორი მოკიაფე წერტილი დაინახა, მერე კი გაიგონა როგორ ააფახურა ფრთები ვიღაცამ.
ყვავის მიტანილი ამბით თავგზააბნეულმა, შიშისაგან ცოცხალმკვდარმა მელამ სასწრაფოდ ცხოველები შეკრიბა და განუცხადა:
- მეგობრებო, ჩვენს ტყეს საშინელი უბედურება დაატყდა თავს, საზარელი ცხოველი - გველეშაპი შემოგვჩვევია. მართალია ჯერ-ჯერობით არავის უნახავს მისი ეშვებიანი ხახა და არც არავის გაუგონია მისი თავზარდამცემი ღრიალი, მაგრამ მე ბედს ვერვცდი და არც თქვენ გირჩევთ, - სიტყვა დაასრულა მელამ და სასწრაფოდ მოუსვა იქიდან - მეზობელ ტყეში გადავიდა საცხოვრებლად.
დანარჩენებმაც მის მაგალითს მიბაძეს.
ბებერ ხეზე კი დაბურულ ტოტებში, დიდთვალება ზარნაშო მოკალათებულიყო და ვერ მიმხვდარიყო, ცამ ჩაყლაპა ამდენი ცხოველი თუ დედამიწამ.
მართალი უთქვამთ - “შიშს დიდი თვალები აქვსო.”
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |