იხვებზე ნადირობისას მიმინო ერთთავად ხახამშრალი რჩებოდა. ეს ჩასუქებული თაღლითები მუდამ ატყუებდნენ: უკანასკნელ წამს, როცა მიმინოს ბრჭყალი უნდა ჩაესო მათთვის, იხვები წყალში ჩაყვინთვას ასწრებდნენ და იმაზე მეტ ხანს რჩებოდნენ წყალქვეშ, ვიდრე მიმინოს შეეძლო უძრავად ჰაერში გაჩერება.
იმ დილას მიმინომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა ბედი. მტაცებელმა, რამდენჯერმე გადაუფრინა იხვების ადგილსამყოფელს, ვითარება შეაფასა, ზუსტად შეარჩია მორიგი მსხვერპლი, ფრთები შეიკეცა და შურდულივით დაეშვა ძირს.
ის-ის იყო ნადავლისთვის ბრჭყალები უნდა ჩაევლო, რომ იხვმა წყალში ჩაყვინთა.
- ახლა კი ვეღარ გადამირჩები! - შესძახა განრისხებულმა მიმინომ და თავადაც წყალში გადაეშვა.
მიმინო რომ წყალში დაინახა, იხვი მოხერხებულად გახტა განზე, იმწამსვე ამოყვინთა და როგორც კი წყლის ზედაპირზე აღმოჩნდა, ვითომც აქ არაფერიაო, ფრთები აიქნია და გაფრინდა. ერთიანად გალუმპულმა მიმინომ კი ვერაფრით ვერ დააღწია თავი წყალს.
როცა იხვმა წყალში მოფართხალე დამარცხებულ მონადირეს გადაუფრინა, მხიარულად ჩამოსძახა:
- მშვიდობით, მეგობარო! შენს ცაზე თავს ისე ლაღად ვგრძნობ, როგორც წყალში, შენ კი ჩემს ტბაში დაიხრჩობი! ამიერიდან ჭკუას ისწავლი!
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |