იღბლიანი ნადირობისა და ნოყიერი ტრაპეზის შემდეგ დასვენებული არწივი მაღლა ცაში აფრინდა და თავის გაშლილი ფრთებით ცისფერ, უსასრულო სივრცეში დანავარდობდა.
თავბრუდამხვევი სიმაღლის მიუხედავად, მახვილი მხედველობა საშუალებას აძლევდა არწივს ყველაფერი დაენახა, რაც კი დედამიწაზე ხდებოდა.
ტბაში მოცურავე თევზებსაც კი არჩევდა ერთმანეთისგან, მდელოზე მონავარდე კურდღლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ აი, მისი ყურადღება ტოტზე ჩამომჯდარმა ჭოტმა მიიპყრო. “რა უცნაური არსებაა”, - გაიფიქრა არწივმა. - არა მგონია, ჩიტი იყოს”.
ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ქვევით დაეშვა და როცა უცნობს მიუახლოვდა, შესძახა:
- ეი შენ! რა გქვია?
- მე ჭოტი ვარ, - უპასუხა შიშისგან აკანკალებულმა ჩიტმა.
- ხა, ხა, ხა! - გადაიხარხარა აარწივმა და მეზობელ ტოტზე ჩამოჯდა, რა გჭირს, რატომ ხარ, ძმაო, ასეთი მახინჯი და სასაცილო? ცარიელი თვალები და ბუმბული ხარ!
არწივი მშვენიერ გუნებაზე იყო და სიკვდილამდე დამფრთხალი ჭოტის დაცინვა სიამოვნებას ანიჭებდა.
- ერთი უფრო ახლოს შევათვალიეროთ ეს საფრთხობელა, ვნახოთ როგორი ხმა აქვს. თუ ხმაც ისეთივე მშვენიერია, როგორც მისის პატრონი, ყურების დაცობა მოგვიწევს!
არწივი საბრალო ჩიტის დაცინვას განაგრძობდა, ტოტები ფრთებით გასწია, უფრო რომ მიახლოვებოდა თავის მსხვერპლს.
სწორედ იმ ადგილას გლეხს მახე დაეგო, ტოტებზე კი ფისი წაესვა.
უცებ არწივმა იგრძნო, რომ ფრთები ხეს მიეწება. რა არ სცადა თავის გასათავისუფლებლად, მაგრამ ბუმბული სულ უფრო ეწებებოდა ერთმანეთს, ფრთები და ბრჭყალები კი საბოლოოდ გაეხლართა ბადეში.
მაშინ კი უთხრა ჭოტმა დამცინავს:
- ტყუილად მიგდებდი მასხრად, არწივო! ღირდა ამისთვის ზეციდან ჩამოფრენა, სადაც არაფერი გემუქრებოდა? ახლა კი მიიღებ საზღაურს სხვისი დაცინვისათვის!
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |