დედა დათვმა საქმეზე წასვლაც კი ვერ მოასწრო, რომ მისმა მოუსვენარმა ბელმა, დაივიწყა დედის დარიგება - სახლიდან არ გახვიდეო - და ხტუნვა-ხტუნვით ტყისკენ წაბაჯბაჯდა.
- რამხელა სივრცე, რამდენი უცნობი რამ, და მიმზიდველი სურნელია! ვიწრო, ჩახუთულ ბუნაგს კი არ ჰგავს. - გამხიარულებული ბელი პეპლებს აედევნა. იმდენი სდია, სანამ დიდ ფუღუროს არ წააწყდა, საიდანაც ისეთი მძაფრი სურნელი ამოდიოდა, რომ ბელს ცხვირში შეუღიტინა.
ბელი კარგად დააკვირდა და დაინახა, რომ შიგ უთვალავი ფუტკარი ირეოდა. ზოგი მრისხანედ ბზუოდა და გუშაგივით ფუღუროს გარშემო დაფრინავდა. ზოგი ნადავლით ბრუნდებოდა, ფუღუროში შედიოდა და მერე ისევ ტყეში მიფრინავდა.
ამ სანახაობით მოხიბლულმა ცნობისმოყვარე ბელმა თავი ვეღარ შეიკავა ცდუნებისაგან. ვეღარ ითმენდა, ძალიან უნდოდა გაეგო, რა ხდებოდა ფუღუროში. ჯერ ცხვირი შეყო და დაყნოსა, მერე კი თათი ჩაჰყო და რაღაც თბილი და წებოვანი იგრძნო. როცა თათი ფუღუროდან გამოიღო თაფლში ჰქონდა ამოთხვრილი.
ტკბილი თათის გალოკვა და სიამოვნებისაგან თვალების დახუჭვაც კი ვერ მოასწრო, რომ განრისხებული ფუტკრების გუნდი დააცხრა თავს და ყურებსა და დრუნჩში ჩააფრინდა... ბელი გაუსაძლისი ტკივილისაგან აღრიალდა და სასოწარკვეთილი თათებით იგერიებდა მათ. ფუტკრები კი სულ უფრო მწარედ იკბინებოდნენ.
მაშინ ბელი მიწაზე გაგორდა და კოტრიალი დაიწყო, ცდილობდა ამით მაინც გაეყუჩებინა მწარე ტკივილი, მაგრამ არც ამან უშველა.
ბოლოს, შიშისგან გონებაარეულმა ბელმა შინისაკენ მოჰკურცხლა. სულ მთლად დაკბენილმა და ატირებულმა დედასთან მიირბინა.
დედა დათვმა, წესისამებრ შვილი ცელქობისთვის დატუქსა, მერე კი ნაკბენები წყაროს წყლით მობანა. მას შემდეგ ბელი დარწმუნდა, რომ მსუნაგობისათვის ყოველთვის დაისჯებოდა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |