ბებერმა არწივმა, რომელიც მიუწვდომელ კლდეებში განმარტოებით ცხოვრობდა, კარგა ხანია წლების ანგარიში დაკარგა, ძველებურად ძალა ვეღარ ერჩოდა, გრძნობდა, რომ აღსასრულის დრო ახლოვდებოდა.
მძლავრი ყიჟინით მოიხმო მეზობელი მთის ფერდობებზე მცხოვრები შვილები.
როცა ყველა შეიკრიბა, თითოეული მათგანი შეათვალიერა და უთხრა: - თქვენ, ყველა ჩემი გამოკვებილი და გაზრდილი ხართ. გაჩენის დღიდან შეგაჩვიეთ მზისთვის თვალის გასწორებას. მე შიმშილით მოვკალი თქვენი ძმები, რომლებიც ვერ უძლებდნენ მზის თვალისმომჭრელ ელვარებას.
აი, რატომაა, რომ თქვენ უფლება გაქვთ ყველა ფრინველზე მაღლა იფრინოთ. და ვაი იმას, ვინც გაბედავს მიუახლოვდეს თქვენს ბუდეს! ყოველი ცოცხალი არსება უძლურია თქვენ წინაშე. მაგრამ იყავით სულგრძელნი და ნუ დაჩაგრავთ სუსტსა და უმწეოს. ნუ დაივიწყებთ უძველეს, კეთილ ჭეშმარიტებას: შეშინება ადვილია, პატივისცემის დამსახურება კი ძნელი.
შვილები ყურადღებით ისმენდნენ მშობლის სიტყვებს.
- ჩემი დღეები დათვლილია, - განაგრძო მან, - მაგრამ მე არ მსურს ბუდეში სიკვდილი. არა! მე უკანასკნელად ავიჭრები ცაში და ვიფრენ სანამდეც შესძლებენ ამიყვანონ ჩემმა ფრთებმა, მივწვდები ღრუბლებს მიღმა სივრცეს, მზისკენ ვიფრენ, რათა მისმა სხივებმა დამიწვან ბებერი ფრთები და მერე ზღვის მორევში ჩავიკარგები. ამ სიტყვებზე ისეთი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, რომ მთის ექომაც კი ვერ გაბედა მათი გამეორება და სიჩუმის დარღვევა.
- მაგრამ იცოდეთ! - განაგრძო არწივმა, - სწორედ იმ წამს უნდა მოხდეს სასწაული - წყლიდან ისევ ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე აღვსდგები, რათა ახალი ცხოვრება დავიწყო და იცოდეთ, თქვენც იგივე ხვედრი გელით, ასეთია ჩვენი, არწივების ბედი!
და აი, ბებერმა არწივმა ფრთები გაშალა. უკანასკნელად აიჭრა ცაში. ამაყმა და დიდებულმა უკანასკნელად შემოუფრინა კლდეს, რომელზეც მრავალრიცხოვანი შთამომავლობა აღზარდა და მრავალი წელი იცხოვრა.
შვილები დუმდნენ და უცქერდნენ, როგორ მამაცურად მიისწრაფოდა არწივი მზისკენ.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |