იყო და არა იყო რა, იყო ერთი კეთილი ხელმწიფე, მაგრამ მტერი მაინც აურაცხელი ჰყავდა. ხელმწიფის მორჩილ, ერთგულ წეროებს ძლიერ ადარდებდათ მისი ბედი.
ხელმწიფეს ყოველდღე ელოდა საფრთხე, განსაკუთრებით ღამით, როცა ბოროტ მტერს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეეძლო ალყა შემოერტყა სასახლისათვის.
- რა ვიღონოთ? - დაფიქრდნენ მოსათათბირებლად შეკრებილი წეროები, - ჯარისკაცებისაგან არავითარი ხეირი არ არის. ი
მის ნაცვლად, რომ ერთგულად ემსახურონ და დაიცვან ხელმწიფე, მთელი ღამეები გამოუფხიზლებლად სძინავთ, მთელი დღის განმავლობაში ნადირობაზე ნარბენ და სიქაგამძვრალ ძაღლებს კი ვერ ენდობი, იმისთვის, რომ ჩვენმა ხელმწიფემ, მშვიდად იძინოს, ისღა დაგვრჩენია, ჩვენ თავად ვუდარაჯოთ სასახლეს.
და აი, წეროები გუშაგები გახდნენ. ისინი სამ ჯგუფად გაიყვნენ, თითოეულ ჯგუფს თითო საგუშაგო ჩააბარეს და გუშაგთა ცვლა დააწესეს.
წეროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი სასახლის გარშემო გაშლილ მდელოზე განლაგდა, მეორე -სასახლის ყველა შესასვლელსა და გასასვლელში ჩადგა, დანარჩენები კი სამეფო საწოლ დარბაზში განლაგდნენ, რათა ერთი წუთითაც არ მოეშორებინათ თვალი მძინარე მბრძანებლისათვის.
- ვინმეს რომ საგუშაგოზე ძილი მოერიოს, მაშინ რა ვქნათ? - იკითხა ერთმა ახალგაზრდა წერომ.
- ამისთვის არსებობს ერთი კარგი საშუალება, - დაამშვიდა იგი ცხოვრების გამოცდილებით დაბრძენებულმა წინამძღოლმა, - საგუშაგოზე მდგომი ყველა ჩვენგანი ცალი ფეხით მძიმე ქვას დაიჭერს, თუ რომელიმეს ჩაეძინა, ქვა მაშინვე გაუვარდება ფეხიდან და ხმაურს ყველა დანარჩენი გაიგონებს.
მას შემდეგ წეროები რიგრიგობით ფხიზლობენ ღამღამობით. დგანან ცალ ფეხზე და მოლაპარაკების თანახმად ყოველ ორ საათში იცვლებიან.
არც ერთ მათგანს ჯერაც არ დავარდნია ქვა. სიკეთისა და ერთგულებისათვის ტყუილად როდი უწოდებენ მათ გვირგვინოსან, სამეფო წეროებს.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |