შორეულ წარსულში, ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოველებით და ფრინველებით მდიდარი ტყეები ყვაოდა, წყალუხვი მდინარეები კი აუარებელი თევზით იყო სავსე, მაგრამ ერთ დღეს, იმ მხარეს საშინელი, ჩიტის თავიანი ურჩხული, ბასილისკო, შემოეჩვია.
მას ღამურასავით ფრთები და თავზე საზარელი, ეკლიანი ფარფლი ჰქონდა, რომელიც კუზივით კუდსა და გრძელ ზურგზე გასდევდა.
რადგან ურჩხული გამოხედვითაც კი შხამს აფრქვევდა, ყველა ცხოველი, დიდი თუ პატარა, სასოწარკვეთილი იყო, მისი მეზობლობის გამო.
საკმარისი იყო ბასილისკოს სპილოსა ან ქორისთვის თავისი უსაშველოდ გესლიანი თვალებით შეეხედა, რომ ისინი იქვე უსულოდ ეცემოდნენ.
ცხოველებში ჟამიანობა დაიწყო. გადარჩენილმა ცხოველებმა და ფრინველებმა გადაწყვიტეს უკანმოუხედავად გასცლოდნენ ამ დამღუპველ ადგილს.
ღამის სიბნელეს შეფარებულებმა, მათ სასწრაფოდ მიატოვეს მშობლიური სოროები და ბუდეები.მეორე დღეს ბასილისკო ჩვეულებისამებრ სანდიროდ გაემართა. დიდხანს იწანწალა, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინა. გაშმაგებულმა ურჩხულმა თავისი გამანადგურებელი მზერა ხეებს მიაპყრო, და ისინიც მაშინვე გახმნენ და დაიღუპნენ.
მერე გაბოროტებულმა ვასილისკომ მიწასა და ქვებს შეხედა, ბალახი იმწუთშივე გადაიბუგა, ქვები კი ნაცრად იქცა.
მერე მდინარეებსაც გადაავლო თვალი და ერთიანად დააშრო. ასე იქცა ერთ დროს აყვავებული მხარე უსიცოცხლო უდაბნოდ.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |