როგორც კი გლეხკაცის სახლს ცეცხლი წაეკიდა, ყველა ცხოველი, დიდი თუ პატარა ეზოდან გაიქცა. შეშინებული ქათმები, ბატები, მტრედები, კურდღლები, ცხვრები, ღორები, ცხენები ეზოს ძაღლთან და კატასთან ერთად შორიდან უთვალთვალებდნენ ხანძარს.
ქარისგან გაძლიერებული ცეცხლის ალი ძველ, გამხმარ მორებს მოედო, აი, ჭერიც ჩამოინგრა და ცეცხლის ალში ნაკვერჩხლები აკიაფდნენ.
უცებ ბუჩქებიდან სალამანდრა გამოძვრა, ცოტა ხანს იდგა თავის მოკლე ფეხებზე, მიიხედ-მოიხედა და შუა ცეცხლში შევარდა. ყველამ, ვინც კი ხანძარს უყურებდა, შეძრწუნებულებმა შეჰყვირეს და უკან დაიხიეს.
- ნუ ღელავთ! - დაამშვიდა ისინი მამალმა, - სალამანდრასათვის ცეცხლი მშობლიური სტიქიაა, იგი ვერ გრძნობს დამწვრობის ტკივილს.
- კი მაგრამ, საბრალო, ის ხომ მაინც დაიწვება! - შეშინებული მოთქვამდა ბატი.
- ცეცხლში იგი ტყავს იცვლის, - უპასუხა მამალმა, - ასეთი ჩვევა აქვს. ცეცხლისგან სალამანდრას კანი უფრო თხელი და გამძლე ხდება და იქიდან გაახალგაზრდავებული გამოდის.
მამალი დადუმდა. სევდიანად ამოიოხრა და დაუმატა: - ჩვენგან კი ცეცხლზე მხოლოდ ტაბაკა კეთდება.