მონადირეები ჩრდილიან ბაღში მოკალათებულიყვნენ და ნადირობისას მომხდარ ყველაზე უცნაურ თავგადასავლებს იხსენებდნენ. და აი, ლაპარაკი საიდუმლოებით მოცულ მარტორქაზე ჩამოვარდა.
- ცხოველი კი არა, ნამდვილი მოჩვენებაა! - წამოიძახა ერთ-ერთმა მათგანმა.
და მართლაც მთელ იმ მიდამოში სხვა სალაპარაკო არც ჰქონდათ. ყველა მხოლოდ ამ პატარა რქიან ცხენზე ლაპარაკობდა. ბევრი მათგანი იფიცებოდა, ნანახი მყავსო, მაგრამ ვერავის მოეხერხებინა ამ უცნაური ცხოველის დაჭერა.
- იქნებ, ჯოჯოხეთიდან ჩვენი, ცოდვილების, სათვალთვალოდ გამოგზავნილი ბოროტი სულია? - იკითხა ერთ-ერთმა მონადირემ.
- არა მგონია, მარტორქა ძალიან ლამაზი და უცნაურია იმისთვის, რომ ბოროტი იყოს,
- უპასუხა მეორემ, - მაგრამ მისი დაჭერა ძნელი საქმეა და აქ სხვანაირი მოხერხებულობაა საჭირო.
იქვე, შორიახლოს სანდომიანი გოგონა საქარგავს მისჯდომოდა. ამ სიტყვების გამგონეს გულში ეცინებოდა, სხვამ ვინ და მან კი კარგად იცოდა საიდუმლოებით მოცული ცხოველის ხასიათი, რადგან გოგონა მასთან მეგობრობდა, ამის შესახებ კი იმ მხარეში არავინ იცოდა.
საქმე იმაშია, რომ პატარა მოუხელთებელი მარტორქა ყველა ავსა და ბოროტს გაურბოდა, ლამაზი, კეთილი გოგონებისკენ კი მიილტვოდა.
როცა მონადირეები დაიშალნენ და ბაღი დაცარიელდა, ბუჩქებიდან ფრთხილად გამოვიდა მარტორქა. ბალახზე ფრთხილად მიაბიჯებდა, ისე, რომ მისი ფეხის ხმა არავის გაეგო. მეგობარს რომ მიუახლოვდა, თავი მუხლებში ჩაუდო და ნდობით სავსე თვალები მიაპყრო გოგონას. მისი მზერა სინაზეს და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ.
მარტორქა დიდი ხანია შეეჩვია შრომისმოყვარე გოგონას. შეეჩვია მუშაობისას მისი მარჯვე ხელების ყურებას. გოგონაც შეეჩვია ამგვარ ერთგულებას და მეგობრობას, იგი წმინდად ინახავდა თავის საიდუმლოს.
მაგრამ აბა, საიდუმლოს დიდხანს როგორ შეინახავ, როცა ერთმა იცის, გინდაც მთელ ქვეყანას სცოდნია. და როცა მონადირეებმა შეიტყეს, მარტორქა ჩუმ-ჩუმად თავის მეგობართან დადისო, ჩაუსაფრდნენ და დაიჭირეს ქალწულებრივი სილამაზის მოტრფიალე.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები |